იუმორი

მაი როის იქნება?!

№4

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 08.02

ზურა შევარდნაძე
დაკოპირებულია

სწავლას რომ მოვრჩი და გერმანიიდან დავბრუნდი, სულის მოსათქმელად გურიაში წავედი. ყველა და ყველაფერი შინაური მონატრებული მქონდა, ბევრი სამეურნეო აზრი მიტრიალებდა თავში, ძალიან მინდოდა, რამე ისეთი გამეკეთებინა ჩემიანებისთვის, იქაურობას რომ წადგომოდა.

შემოიკრიბებოდნენ ჩემ ირგვლივ მეზობლები, ნათესავები. მე ვყვებოდი გაუთავებლად.

– მოით, აკაციის ტყეები გავაშენოთ, ძვირფასი მერქანი აქვს, ამდენი მიწა ტყუილად ცდება.

– გაჩერდი ერთი, ძამა, მაი როის იქნება?

– მოით, შევგუბოთ აი ღელე, ტყუილა მოთქრიალობს და გუუშვათ შით თევზი, გასაყიდად თუ არა, ჩვენდა მაინც გვექნება.

– დამეთხუე ერთი, თუ კაცი ხარ, მაი როის იქნება?!

სასწავლი საწარმო ვნახე ბავარიაში სოიის გადამამუშავებელი. რა ყოფილა თურმე, მოით, დავთესოთ, მევიწიოთ, კარგად მოდის ჩვენთან, ასე მახსოვს...

– რას ჩივი, თუ იცი, შენ, ბიჯო? მაი როის იქნება?

– მოით, კვატიების ფერმა გავაკეთოთ, ამდენი ჭონჭყოა, ბურდღა – ბურდღად, კვერცხი – კვერცხად და ხორცი – ხორცად.

– რას ბჟუტურობ და ჩივი, ნეტა, თითონ თუ იცი, მაი როის იქნება?!

გვიმრას მიაქ გურია, მოით, მოვცელოთ, დავაკომპოსტოთ, სასწაული სასუქის გაკეთება შეიძლება. ასე მგონია...

– აბდრულია მაი, ნენა, მაი როის იქნება?!

ძველებური თათრულა ხაპი რომ მევიყვანოთ, ბეური, წაბლივით მშრალი, ყველა იყიდის, არ ვიცი, კაცი ვისაც არ უყვარს და არ ირევა...

– ა კიდომ ა, მაი როის იქნება?!

ჩვენებურ ადესას რომ ფელამუში გამოსდის, ტყუილია, არცერთი არ შეედრება! მოით, აბდალა ღვინის კეთებას, ტკბილად შევინახოთ და გავყიდოთ დადუღებული ბადაგი საფელამუშეთ...

– მაქფერი ჯერემ კაცს არ უთქუამს, მაი როის იქნება?!

დღესაც ძალიან მინდა ყვაოდეს ჩემი გურია. მოსავალიც იმდენი გვქონდეს, სხვაგან გაქცევა კი არა, აქით გვჭიროდეს სხვისი მოხმობა დასახმარებლად, მარა ეჰ, მაი როის იქნება?!

ზურაბ შევარდნაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა