იუმორი

ქეიფი მთელი ღამით და წითელსახურავიანი ტაქსი

№28

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.07, 2022 წელი

მერაბ გეგეჭკორი
დაკოპირებულია

მერაბ გეგეჭკორი გვიამბობს: „მამა ადრე გარდამეცვალა და ჩემი გაზრდა, რა თქმა უნდა, დედამ აიღო თავის თავზე: კინოში წაყვანა, თეატრში წაყვანა და ასე შემდეგ. მაგრამ მე მყავდა სამეგობრო – უფროსი თაობა. მათ შორის იყო კოწია, ჩემზე 20 წლით უფროსი. აი, მას კი სტადიონზე და რესტორანში დავყავდი. ერთხელაც, კოწია მოვიდა და მეკითხება: დედა სახლშიაო? არა, 7-ზე მოვა-მეთქი. შვიდი გვიანაა. მეზობელ მაგულიასთან გადადი და დაუბარე, კოწიამ წაიყვანა-თქო. მაგულიას დავუბარეთ და ქუთაისში ცნობილ გოგისვანიძეების რესტორანში წავედით. კოწიას ჩამოსული სტუმრები ჰყავს, თავს იწონებს მათთან. მეუბნება: მიდი, მერაბიაო... მე ლექსის თქმა და ცეკვა მევალებოდა. გადავხტი და ვიცეკვე. შემოგვაღამდა, გვიანია და სტუმარი ეხვეწება კოწიას, გამიშვი, ხომ იცი, რა სერიოზული საქმე მაქვსო, კარგი გაგიშვებ და მხოლოდ კოპიტნარის აეროპორტამდე მიგაცილებო, – უთხრა კოწიამ და ხუთი მანქანით წავედით, კოპიტნარსაც გავცდით, ჩამეძინა, რომელიღაც დიდ სახლში მივედით, სადაც ქეიფი გაგრძელდა. კოწიას ვეუბნები, დედაჩემი გაგიჟდება, სახლში გამიშვი. იცი, რომელი საათია-მეთქი. კოწიამ, – დილის ექვსი საათია და აქედან სამი დღე წამსვლელი არა ვარო. ვიღაცას რაღაც უთხრა, ცოტა ხანში ტაქსი მოვიდა და წავედით. ჩემს სახლთან დილის 8 საათზე მივედით და დედაჩემს დავუძახე, რომ ტაქსისტს მისთვის ჩემი თავი ჩაებარებინა.

– სად იყავი, დედა, ბნედა დამეცა გულზე შენ ლოდინშიო, – მითხრა დედამ. კოწიამ წამიყვანა მანქანით საქეიფოდ-მეთქი.

– ამ მანქანითო? – შეიცხადა დედამ.

– ჰო, რა იყო-მეთქი...

ტაქსი წითელსახურავიანი იყო და ასეთი ტაქსები მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ სოხუმში დადიოდა. ამით მიხვდა დედაჩემი, რომ კოწიამ მთელი ღამით სოხუმში წამიყვანა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი