ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ მოვაგვაროთ პრობლემები პირად ცხოვრებასა და კარიერაში

ავტორი: ნონა დათეშიძე 13:04 17.11, 2020 წელი

ფენ-შუის სპეციალისტი თიკა
ქოქაშვილი
დაკოპირებულია

პირად ურთიერთობებსა თუ კარიერაში ბევრ ადამიანს არ უმართლებს. როგორც ფენ-შუის სპეციალისტი, თიკა ქოქაშვილი ამბობს, ამის გამოსწორება მარტივია, თუ სახლსა და ოფისში დადებითი, დამცავი ენერგიების შემოდინებას თავად შევუწყობთ ხელს. ასევე, აუცილებელია, საფულეც დაბადების სტიქიაზე დაკვირვებით შეარჩიოთ, რათა თავი აარიდოთ ფინანსურ კრიზისს და ფული მუდმივად გქონდეთ.
– ამბობენ, ფინანსური წარმატების მიღწევასა და ფულის მოზიდვაში, დიდ როლს ასრულებს საფულის ფერიო.
– ფინანსური წარმატებისთვის, ფენ-შუის მიხედვით, ყოველი სავსე მთავრეობის პიკის პერიოდში ფული და ნივთები უნდა ამოალაგოთ საფულედან, დადოთ ისე, რომ მთვარის შუქი ხვდებოდეს და ასე დამუხტოთ იქიდან წამოსული ენერგიებით. დამუხტულ საფულეში კი უნდა ჩადოთ ფენ-შუის სამი მონეტა, რომელიც წითელი ძაფითაა შეკრული. თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ, ასევე, კარგია, პატარა ტომსიკაში ჩაყაროთ ზღვის მარილი ან დაფნის ფოთოლი და ჩადოთ საფულეში. ატარეთ რაღაც პერიოდი და შემდეგ გამოცვალეთ. ეს ფულის ენერგიას იზიდავს. ასევე, მნიშვნელოვანია, საფულის ფერის სწორად შერჩევა. მაგალითად, თუ მიწის სტიქიის ქვეშ ხართ დაბადებული, ყავისფერი საფულე ატარეთ. თუ წყლის სტიქიის ქვეშ – ცისფერი ან ლურჯი. ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულებმა – წითელი და ცეცხლოვანი ფერის, ხოლო ხის სტიქიის ქვეშ დაბადებულებმა კი – მწვანე. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენი საფულე უფრო ბარაქიანი გახდეს. დაზიანებული საფულე კი აუცილებლად უნდა შეცვალოთ ახლით. რეკომენდებულია, საფულე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ შეიცვალოს. ფაჩულის ზეთის ერთ წვეთს თუ ჩააწვეთებთ, კვირაში ერთხელ საფულეში, ის ფულის შემოდინებას იწვევს. ზოგადად, სადაც კარგი სუნი და აურაა, იქ დადებითი ენერგია ტრიალებს.
– რაც შეეხება პირად ცხოვრებას? ვისაც სიყვარულში არ უმართლებს და უნდა „ჩაკეტილი“ ბედის გახსნა?
– სახლში სამხრეთ-დასავლეთი სიყვარულის სექტორია. თუ ამ ზონაში არ არის „წესრიგი“, იქ სიყვარულის, ოჯახური თანაცხოვრებისა და დაოჯახების პრობლემები ჩნდება. თუ სიყვარულში არ გიმართლებთ, საძინებლის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, გაააქტიურეთ სიყვარულის ენერგიები. ეს ხდება წითელი წყვილი სანთლის დანთებით, წითელი განათებით, ასევე, ბედნიერების სიმბოლოს – ორი იხვის დადებით, ჩიტების სურათების დაკიდებით. თუ გასათხოვარ გოგონას ან დასაოჯახებელ ბიჭს სურს, იპოვოს მეორე ნახევარი, შესასვლელში უნდა დააწყონ ჩუსტები: გოგონამ – ბიჭის, ვაჟმა კი – გოგონასი. ზოგადად, კარგია თუ დასაოჯახებელ ადამიანს წყვილად ექნება ნივთები. მაგალითად, ორი ბალიში საწოლზე, ორი ტუმბო. ანუ ისე უნდა იყოს გასათხოვარი და დასაოჯახებელი ადამიანის საძინებელი მოწყობილი, თითქოს იქ ორი ადამიანი ცხოვრობს. ანუ, ყველაფერი უნდა იყოს წყვილად. არ შეიძლება საძინებელში გქონდეთ რომელიმე მცენარე, წყალი, აკვარიუმი და ისეთი სურათები, სადაც გემი და ზღვაა. სამხრეთ-დასავლეთ სექტორში რომ სიყვარულის ენერგია მიიპატიჟოთ, ხშირად უნდა აანთოთ ვარდისფერი სანთელი. თუ ბედი ჩაკეტილია, სავსემთვარეობის ღამეს, გასათხოვარმა გოგონამ მდინარეში წყვილად უნდა გადაყაროს ორი ცალი ფორთოხალი, იმის ნიშნად, რომ ბედი გაეხსნას. ეს იღბლიან ქორწინებას და ზოგადად, იღბალს მოიზიდავს. აქვე გეტყვით, თუ საძინებელში ტელევიზორი გაქვთ, როდესაც ძილის წინ გამორთავთ, აუცილებლად გადააფარეთ ქსოვილი, რადგან მას სარკისებური ეფექტი აქვს. ზოგადად, კი გაითვალისწინეთ, რომ საძინებელში არ არის რეკომენდებული ტელევიზორის დადგმა და პრიალა, ბარისოლის ჭერის გაკეთება, რომ მასში ადამიანის არეკვლა და გაორება არ მოხდეს. ამით ღალატისგანაც იქნებით დაცული და ჯანმრთელობის მხრივაც კარგია. საძინებელში მხოლოდ ერთი სარკე დაკიდეთ, ისე, რომ მასში არ აისახებოდეს საწოლი, სადაც გძინავთ, ამასთან საწოლი არ უნდა „უყურებდეს“ კარს.
– რაც შეეხება კარიერაში წარმატების მოზიდვას?
– ჩრდილოეთ სექტორში უნდა დადოთ ორ ფეხზე შემართული ცხენის სტატუეტი – ეს კარიერულ წინსვლას აორმაგებს. ამიტომ, კარგია, თუ მას სამუშაო მაგიდაზე განათავსებთ. სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორი კი ყოველთვის მოწესრიგებული და სუფთა უნდა იყოს. ფულის მოსაზიდად, კარგია მწვანე და ყვითელი სანთლების ანთება.
– ვისაც პარტნიორთან ან მეუღლესთან აქვს სექსუალური პრობლემები, არის გაუგებრობა, ოჯახური კამათი და ენერგეტიკული შეუთავსებლობა, ამის გამოსწორება-მოგვარება თუ არის შესაძლებელი?
– საყვარელ ადამიანთან ჰარმონია რომ გქონდეთ, აუცილებელია, ხუთი ფერის – თეთრი, ყვითელი, წითელი, მწვანე და ცისფერი მინერალური ქვა მოათავსოთ ლანგარზე, რომელსაც ლოგინის ქვეშ დადგამთ. თვეში ერთხელ კი, გამდინარე წყალში გარეცხოთ, დატოვოთ ორი საათით წყალში და ისევ თავის ადგილზე დააბრუნოთ. ეს გაანეიტრალებს კონფლიქტებს და მუდმივად იქნება ჰარმონია. ასევე, კარგია ლოტუსის კრისტალების მოთავსება, რომელიც ამშვიდებს და აწყნარებს გარემოს. აღმოსავლეთ სექტორში განათავსეთ წითელი ნივთები. ასევე კარგია, თუ იქ 8 ან 9 ცალ წითელ ვაშლს დადებთ. თუ ორ ადამიანს შორის მესამე პირია ჩარეული, მაშინ ამეთვისტოს ქვას მოაბით ძაფი, გამოაბით ლოგინის ფეხს და იმ მხარეს, მატრასის ქვეშ დადეთ ქვა, სადაც მამაკაცს სძინავს. ღალატისგან დასაცავად კი კარგია დასავლეთ სექტორში მამლის ფიგურის განთავსება ან სურათის დაკიდება, ასევე, კარგია ამეთვისტოს ქვების დაწყობა.
– დაცვის კუთხით, რომელი ასტროლოგიური ქვის ტარებაა რეკომენდებული, რომ სიყვარულსა და კარიერაში თავი მშვიდად ვიგრძნოთ?
– ნეფრიტი ძალიან ძლიერი დამცავი ქვაა. ზოგადად, რაც უფრო მუქი ფერისაა ქვა, მით მეტად იცავს ადამიანს, ასეთებია ობსიდიანი, გიშერი, ვეფხვის ქვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი