ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას გრძნობს ადამიანი გააზრებული სიზმრის ხილვისას და რატომ ირჩევენ ასტრალური არსებები თავდასხმის ობიექტად ბავშვებს

№13

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 09.04, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

სიზმარი - იდუმალი და ამოუცნობი მეცნიერულად და მაგიურ-წინასწარმეტყველური, ხალხური გადმოცემებისა თუ ათასგვარ მისან-მკითხავთა „შემოქმედების“ მიხედვით. შესაბამისად, ინტერესი ამ ფენომენის მიმართ არ განელებულა ალბათ კაცობრიობის მთელი არსებობის განმავლობაში, უფრო კი, პირიქით - დღეს ადრინდელზე მეტია დაინტერესება, ახსნა-განმარტება მოუძებნონ ძილში ნანახ ზმანებას; ახსნან ცალკეული სიმბოლო და მათ მიხედვით განჭვრიტონ, რა ელის ადამიანს ახლო თუ შორეულ მომავალში. თუ რა არის სიზმრის ბუნება, ანუ როგორ შევიცნოთ ნანახი ისე, რომ მისგან სარგებელი მივიღოთ და მოსალოდნელ ხიფათსაც თავი ავარიდოთ, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანონ მ.

- ჩვენი ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ. ბევრი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რა მოსდის ძილში და მხოლოდ ის აინტერესებს, ხალისიანად და დასვენებულმა გაიღვიძოს. მაგრამ, ვინც უკვე სამოცს გადაცდა, მშვენივრად ხვდება, რომ ცხოვრების 20 წელი, უბრალოდ, ძილში გაატარა.

- მაგრამ ძილის გარეშე ხომ ვერ გავძლებთ?

- რა თქმა უნდა, ყველას ესმის, რომ ფიზიკურ სხეულს ძილი სჭირდება, რადგან ენერგიით სწორედ ის ავსებს მას. ძილის გარეშე ორგანიზმს არ ეყოფა ქიმიური ნივთიერებები, რაც მისი აქტიურობისთვისაა აუცილებელი. სიზმრების საშუალებით კი ტვინი ახარისხებს და იწერს მიმდინარე დღის განმავლობაში დაგროვილ იმ აზრებსა და გამოსახულებას, რაც მეხსიერებას არ შემორჩა. ეს შეიძლება აღიქვათ, როგორც კომპიუტერის მყარი დისკის დეფრაგმენტაცია, რომელიც უკეთესად მუშაობას აიძულებს მას. ძილი ასტრალურ და ეთერულ სხეულებსაც ავსებს ენერგიით - როცა ასტრალურ სხეულში ცოტაა ენერგია, თქვენ თავს უღონოდ და განადგურებულად გრძნობთ, რაც ყურადღებას ადვილად გადაგატანინებთ სხვა რამეზე და შემოქმედებითი მიღწევებისთვის ძალა საერთოდ აღარ დაგრჩებათ. სიზმრის საშუალებით გონება გადაერთვება მნიშვნელოვან მოვლენაზე, რაც ადამიანის გაღვიძებამდე არ განვითარდება. ყველაზე მარტივი, რითაც შეიძლება სიზმრები დაგეხმაროთ, პრობლემებზე მითითებაა, რომელიც ეხება იმას, რასაც ბოლო დროს აკეთებდით, ფიქრობდით თუ გრძნობდით.

- სიზმრებს შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველებაც...

- მნიშვნელოვანი განცდები, რაც მოსალოდნელია რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, შეიძლება თავდაპირველად სიზმრებში იხილოთ, როგორც დადებითი, ისე ნეგატიური სახით. ამ შემთხვევაში სიზმარი შეიძლება შევადაროთ რადარს, რომელიც გაჩვენებთ იმას, რაც უკვე ასტრალშია ფორმირებული. და ეს ადამიანის გაფრთხილებაა.

- რას გვეტყვით გააზრებულ სიზმრებზე?

- ესაა მდგომარეობა სიზმარში, როცა ადამიანი თავის ყველა მოქმედებასა და საქციელს აღიქვამს, თან იცის, რომ სძინავს. თქვენ შეგიძლიათ, ირგვლივ ყველაფერს შემოუფრინოთ; სიზმრის სამყაროს შესწავლისას კედელშიც კი გაიაროთ, თან ნარნარად ილივლივოთ. და ეს ყველაფერი იქმნება თქვენსავე გონების რომელიღაც ნაწილში. გააზრებულ სიზმრებში, ასევე შეგიძლიათ, ელაპარაკოთ და დაუკავშირდეთ გარდაცვლილ ნათესავებს თუ სხვა სივრცით არსებებს, რომლებიც თქვენს სიზმრებში გაჩნდებიან, თუ დაუძახებთ.

- როგორ შეიძლება, სიზმრები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ?

- როცა გაიღვიძებთ, ეცადეთ, გაიხსენოთ, რაც ეს-ესაა დაგესიზმრათ. თუ შეამჩნიეთ, რომ სიზმარი სწრაფად ქრება (გავიწყდებათ), მაშინ ბლოკნოტში ჩაიწერეთ. ისწავლო სიზმრის ინტერპრეტირება, ძნელია, რადგან ძირითადად ის სიმბოლურია. ეს ნიშნავს, რომ შეტყობინება, რომელსაც სიზმარი გაწვდის, იდუმალებითაა მოცული. შედგება სურათების, სიტყვებისა თუ სხვა მინიშნებებისგან, რაც პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგოთ. მაგალითად, თუ დაგესიზმრათ, რომ ძაღლების მთელი ხროვა დაგესხათ თავს, ეს მატყუარა მეგობრებს ნიშნავს. თუმცა, თავად ძაღლი ყოველთვის მეგობარია. ანდა სიზმარში თუ ტორნადოში მოყევით, შეიძლება ნიშნავდეს, რომ მალე ისეთ სიტუაციაში მოხვდებით, ემოციური დაძაბულობა არ აგცდებათ. სიზმრების ჩაწერით კი, შეგიძლიათ ის ცხოვრებაში რეალურად მომხდარს შეადაროთ. დაბოლოს, ასტრალში ასევე არსებობენ, არც ისე უვნებელი ასტრალური არსებები. რომლებიც შიშისა და მრისხანების ემოციური ენერგიით იკვებებიან. სწორედ ისინი გამოჩნდებიან ხოლმე მაშინ, როცა გძინავთ, რათა თქვენს სიზმრებში შეაღწიონ და კოშმარად აქციონ ის. უფრო მეტად ბავშვებს ეტანებიან, რადგან ახალგაზრდებს უფრო სუსტი ეთერული სხეული აქვთ და მათი შეშინება იოლია - აი, რატომ ეზრდებათ სახლის სულებს (დამავოის) ფეხები საწოლის ქვეშ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, შეაფასოთ რომელი სიზმარი იწვევს თქვენში შიშსა და რისხვას და რომელია სრულიად უაზრო. თუ კოშმარები ხშირად გესიზმრებათ, ეცადეთ, ძილის წინ რაიმე სასიამოვნო გაიხსენოთ, შემდეგ კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სხეული და ოთახიც მკვეთრი ოქროსფერი სინათლითაა განათებული. დაძინებამდე აანთეთ სანთელი და შეგიძლიათ, მანტრებსაც მოუსმინოთ. ეს ასტრალურ უწმინდურებს განდევნის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი