ისტორია

ვინ შეარიგა გუარამ მამფალი და ეპისკოპოსი ეფრემ მაწყვერელი კათალიკოს არსენ საფარელსვინ შეარიგა გუარამ მამფალი და ეპისკოპოსი ეფრემ მაწყვერელი კათალიკოს არსენ საფარელს

№27

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 15.07, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

გრიგოლ ხანძთელის მოსწავლეებმა და მეგობრებმა, თეოდორემ და ქრისტეფორემ, სამცხელი დიდაზნაურის, მირიანისა და მისი ღვთისნიერი მეუღლის, კრავაის უმცროსი ვაჟი, არსენი ჩაიბარეს მშობლებისგან მონასტერში წასაყვანად. ძველად გავრცელებული ყოფილა წესი – ერთ ან რამდენიმე შვილს ღმერთს სწირავდნენ, მონასტერში უშვებდნენ პატარაობიდან. ეს ბავშვზე უარის თქმა კი არ იყო, არამედ შვილის სულზე ზრუნვისთვის კეთდებოდა, რათა მონაზვნობით იმქვეყნიური სასუფეველი მოეპოვებინა. ასეთი ბავშვები ხშირ შემთხვევაში დიდ სამსახურს უწევდნენ ხოლმე ეკლესიას და ქვეყანას, ისინი მონასტერში შესანიშნავ განათლებას იღებდნენ. ასეთ მოღვაწეებს შეგვიძლია, შეწირულები ვუწოდოთ.

მამამ, მირიანმა, სამ შვილთაგან გამოარჩია უმცროსი ვაჟი მონაზვნად და უდაბნოს მამათა სულიერ შვილად. დაალოცინა წმიდა მამებს და თვითონ ჩააცვა მოწესის სამოსი. იმავე ხანებში გრიგოლ ხანძთელმა ქართლში ნახა კიდევ ერთი მცირეწლოვანი ვაჟი, ეფრემი, მოეწონა, დაიმოწაფა და მონასტერში წაიყვანა. ასე მოხვდნენ ხანძთაში მცირეწლოვანი არსენი და მასზე შედარებით უფროსი ეფრემი. თევდორემ და ქრისტეფორემ ღირსეულად აღზარდეს მოწაფეები. გავიდა წლები.

ეფრემი აწყურის მღვდელმთავრად გამოარჩიეს. წლების მერე კი არსენი მცხეთაში კათალიკოსად აირჩიეს.

ეპისკოპოსთა ნაწილი განაწყენდა არსენის მამაზე, მირიანზე – ჩვენ უკითხავად სამცხის ეპისკოპოსებს დაადგენინა თავისი ძე კათალიკოსადო. ახალი კათალიკოსის, არსენის თანააღზრდილი ეპისკოპოსი ეფრემიც არსენის არჩევას უკანონოდ და მძლავრობად მიიჩნევდა. მათ მხარეს იყო გუარამ მამფალი, აშოტ პირველი კურაპალატის ძე, რომელიც მირიანისადმი გულძვირად გახლდათ.

გუარამ მამფალის ბრძანებით, ჯავახეთში შეკრიბეს ეპისკოპოსები და მეუდაბნოე მამები საქმის გამოსაძიებლად. კრებაზე ყველა მოელოდა მამა გრიგოლისა და კლარჯეთელი მამების მისვლას. ერუშნელმა ეპისკოპოსმა განაცხადა: „მოვა ვარსკვლავი უდაბნოთა და იტყვის გადამწყვეტ სიტყვას“.

შორიდან დაინახეს სახედარზე მჯდომი, უდაბნოს ვარსკვლავად წოდებული, გრიგოლ ხანძთელი, რომელიც მათკენ მოემართებოდა. მისი უბრალო, ბერული ტანსაცმელი გაბრწყინებულ სამოსად ეჩვენათ, ბერის თავსაბურავი, კუნკული – უძვირფასესი თვლებით მოჭედილ გვირგვინად. ყველა ღვთის დიდებითა და სიხარულით მიეგება ღვაწლმოსილ არქიმანდრიტს. მალე კრებას შეუერთდა ეფრემ მაწყვერელი, ჯერ თავის მოძღვარს, მამა გრიგოლს მიესალმა, მერე სხვებს.

გრიგოლ ხანძთელმა განზე გაიხმო თავისი მოწაფე და უთხრა: „გაფიცებ, წმიდა მღვდელმთავრობის მადლს, ნუ დაუპირისპირდები შენს სულიერ ძმას, არსენსო“. მეუფე ეფრემმა უპასუხა: „ვერ გადავუდგები ჩემი ძმების, ეპისკოპოსების მართალ საქმეს. არ ვარ არსენის ცხვარი და არც ისაა ჩემი მწყემსიო“. მაშინ მოძღვარმა მწყრალად უთხრა: „თუ ამას გააკეთებ, მეც უარმყოფ, აღარ ვიქნები შენი მოძღვარი!“

სულიერი მამის კატეგორიულმა სიტყვებმა აატირა დიდი ეფრემი, „მკაცრია შენი სიტყვები, მახვილზე მეტად მჭრელი! იყოს ნება შენი და არა ჩემი, წმიდაო ღმრთისა!“ – დაემორჩილა აღზრდილი აღმზრდელს. „უდაბნოს ვარსკვლავმა” უთხრა ნეტარ ეფრემს:

– არსენის კათალიკოსობა ღვთის ნებაა. ის ღირსეულია, თუმცა მამამისმა მირიანმა იჩქარა, ცუდად განაგო საქმე და დააშავა. კარგია, რომ მიჯერებ, რადგან სიბრაზის დროს ღვთისთვის მოსაწონი სიმართლე არ დგინდება. არსენის ბრალი ჩემზე იყოსო“.

შეატყობინეს გუარამ მამფალს გრიგოლ ხანძთელისა და ეფრემ მაწყვერელის მისვლა. იგი სიხარულით მიესალმა და მდაბლად მოიკითხა. მალე კრებაც დაიწყო. გუარამ მამფალმა შეახსენა კრებას, რომ სჯულის კანონის მიხედვით, არ შეიძლება მძლავრობით ეპისკოპოსისა და კათალიკოსის დასმა და შემდეგ გააკრიტიკა ამის ჩამდენნი. რომ დაასრულა სიტყვა მამფალმა, ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა მამა გრიგოლს და მეუფე ეფრემს უყურებდა. ეპისკოპოსებმა მეუფე ეფრემს მიმართეს, როგორ მოვიქცეთო. „სადაც მამა გრიგოლია, იქ მე ვერ ვიკადრებ სიტყვის თქმას“, – განაცხადა ეპიკოპოსმა.

გუარამ მამფალმა სთხოვა არქიმანდრიტს, როგორც უხუცესსა და ღვთისთვის სათნო ადამიანს, პირველად მას მიემართა კრებისთვის. ზეცის კაცმა და ქვეყნის ანგელოზმა მიმართა მამფალს: „ჯერ მღვდელმთავრებს უნდა ეთქვათ სიტყვა, მაგრამ რადგან გნებავს, ვიტყვი, ისმინეთ ჩემი, მოხუცებული გლახაკის სიტყვები: არსენი ღვთის ნებით არის კათალიკოსი. მასზე ძვირის მთქმელები კი, რომლებიც არ შეინანებენ, შერცხვებიან ამ საწუთროსა და იმ ქვეყანაზეც“.

არ მოეწონა ეს სიტყვები ბრძენ და ღვთისმსახურ ხელმწიფეს, რომელსაც, მირიანისადმი სიბრაზის გამო არ უნდოდა თავისი აზრის შეცვლა. გუარამ მამფალს მამა გრიგოლმა აუხსნა, რომ არ უნდა განრისხებულიყო და შეახსენა – საეკლესიო კრებების დროს, მეფეები მხოლოდ ისმენდნენ სასულიერო პირების განმარტებებს და არ ერეოდნენ საქმის გადაწყვეტაში, რადგან ეს სულიერი მამების საქმეა და არა ერისკაცების. შეიძლება, მათი მსჯელობა სამართლიანი იყოს, მაგრამ ეს სჯულისა და მღდელთმოძღვართა შეურაცხყოფააო.

მაშინ მამფალმა მიმართა ეპისკოპოსებს: „თქვენი განსაგებელია ეს საქმე და თქვენ განსაჯეთო. ეპისკოპოსებმა აუხსნეს ხელმწიფეს, რომ სასწაულით გადაწყდა ყოველივე, როცა მოვიდა „უდაბნოს ვარსკვლავი” და უამბეს, რა ჩვენებაც იხილეს, როცა დაინახეს სახედარზე მჯდომი გაბრწყინებული გრიგოლ ხანძთელი. თავზარი დაეცა გუარამ მამფალს და პატიება სთხოვა წმიდა არქიმანდრიტს.

ასე დასრულდა ჯავახეთის კრება, დაახლოებით, 860 წელს.

გუარამ მამფალმა ყველა სტუმრად მიიწვია. როცა პურობისას ღვინით გამხიარულდა ხელმწიფე, ეპისკოპოსებმა უთხრეს: „აუცილებელი იყო არსენის მხილება. ამიერიდან ის იქნება ქართლის კათალიკოსი და სულიერი მოძღვარი. ახლა კი, ყველანაირი ეჭვი მოიხსნა, რათა ქრისტეს სარწმუნოებას ისევ მშვიდობით ვემსახუროთ“. „ამინ!“ – უპასუხა სახელგანთქმულმა ბაგრატიონმა.

არსენ კათალოკოსს ახარეს, ღვთის შემდგომ შენმა მოძღვარმა, მამა გრიგოლმა დაამტკიცა შენი კათალიკოსობაო. ისიც მადლობდა ღმერთს და თავის წმიდა მოძღვარს.

ეპისკოპოსი ეფრემი კვლავ სიყვარულით განეწყო კათალიკოს არსენისადმი. გავიდა დრო.

მეომარი ხელმწიფე გუარამ მამფალი ბერად აღიკვეცა.

დიდ ეფრემ მაწყვერელს და დიდ არსენ პირველ საფარელს დიდი დამსახურება მიუძღვით ქართველი ერის წინაშე. ორივე წმიდანად შერაცხა ქართულმა ეკლესიამ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი