ისტორია

რომელი სამეფო დინასტიიდან შეიძლება, ყოფილიყო ფარნავაზ მეფის დედა

№11

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 22.03

ისტორია
დაკოპირებულია

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 336 წელს მაკედონიის მეფე გახდა ალექსანდრე მეორე, ფილიპე მესამე მაკედონელის 20 წლის ვაჟი, სპარსეთის ტახტზე კი აიყვანეს აქემენიდთა გვერდითი შტოს წარმომადგენელი, დარიოს მეორის 45 წლის შვილთაშვილი კოდომანი (არტაშაატა), რომელსაც გამეფებისას ეწოდა დარიოს მესამე. მანამდე სპარსეთის იმპერიის სატრაპი იყო არმენიაში.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 334 წელს ალექსანდრე მაკედონელმა გადმოლახა აზიისა და ევროპის საზღვარი და შეუტია სპარსეთის იმპერიას.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იმ პერიოდში მცხეთის მამასახლისი იყო სახელგანთქმული კაცი, სახელად სამარა. რომელიც ყოფილა ქართველთა მამამთავარ ქართლოსის შთამომავალი. სამარა მამასახლისს ჰყოლია უმცროსი ძმა, რომლის სახელიც უცნობია. სამარას ძმას ცოლად ჰყოლია „სპარსი ასპანელი“ ქალი. ასპანი ნიშნავს ისპაანის ოლქს, ზოგადად – სპარსეთს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვითაც, ფარნავაზის დედა ყოფილა „ნათესავით სპარსი“.

თეიმურაზ ბაგრატიონის მიხედვით, ფარნავაზი „იყო ვინმე ჭაბუკი სახელოვანი ქართველთაგან ძე ერის-მთავრისა, ესე იგი მამასახლისისა, ძმისწული სამარა მცხეთისა მამასახლისისა სახელოვანისა მის კაცისა, რომელი იგი მოიკლა ჟამსა მას ალექსანდრე მაკედონიელის მიერ მცხეთის აღებისას. ხოლო სახელი ჭაბუკისა მის იყო ფარნავაზ და დედაè მისი იყო ასული დარიოზ მეფისა სპარსთასა. ხოლო ჭაბუკი ესე ფარნავაზ აღზარდა დედამან მისმან ფარულად სპარსეთსა შინა, მათ რამეთუ სპარსთაცა შინა იყო მაკედონელთა მთავრობა? და შეეშინა მათი, ნუ უკუè დარიოსის ნათესაობისა გამო ვნებაè რაèმე მიეცეს ძესა მისსა და ეშინოდაცა აზონის მიერცა, რამეთუ ყოველი სახლი ფარნავაზისი აღისპო ალექსანდრესგან და ზოგნი მათგანნი აზონის მიერ.“ ოცი წლის ფარნავაზი დაბრუნდა მცხეთაში, დედასთან და ორ დასთან ერთად.

თეიმურაზ ბატონიშვილი სქოლიოში წერს: „მამა ფარნავაზისი იყო ერთი წარჩინებულთაგანი დარიოზ სპარსთა მეფისა, ძმა იყო იგი სამარა მცხეთის მამასახლისისა და ვიდრე იყო იგი სიჭაბუკისასა ასაკსა შინა წარვიდა იგი სპარსეთად გამოცდად სიჭაბუკისა თვისისა, ხოლო სათნო ეყო იგი ახოვნებისა სიმამაცისა, სიმხნისა და ჰაეროვნებისა მისისათვის მეფესა სპარსთა დარიოსს, რომელმანცა განადიდა იგი, მისცა მას მხედართ-მძღვანებლობა და აღრიცხა იგი უწარჩინებულესთა დიდებულთა შორის თვისთა და მისცა მას ასული თïსი ცოლად. შემდგომად ძლევისა დარიოსისა ალექსანდრეს მიერ შემოიკრიბნა რაოდენნიმე მხედრობათაგან სპარსთასა, წარმოვიდა ივერიად და მოვიდა მცხეთის მამასახლისისა;

ხოლო ოდეს მოვიდა ალექსანდრე მცხეთად, მოიკლა მაშინ სამარაცა და მამაცა ფარნავაზისა. ხოლო ცოლი მისი დედა ფარნავაზისა ივლტოდა ოვსეთად და წარიყვანა ჯერეთ მცირე ყრმა ფარნავაზ და განარინა მუნ და შემდგომად წარიყვანა სპარსეთად და აღზარდა მუნ. ანტონი კათალიკოსი სწერს ფარნაოზის დედა იყოვო ასული დარიოზისი და მატიანესა შინაცა წერილ არს ესრეთ თვითოეულად, ვითარცა ზემორე მოუთხრან და სხვანიცა მოთხრობანი ემოწმებიან ამას“.

ამ ცნობების მიხედვით, ასეთი სურათი შეძლება დავინახოთ: როგორც ჩანს, ბედის საძიებლად სამარას ძმა (მომავალი ფარნავაზის მამა) გამგზავრებულა სპარსეთში და შესულა აქემენიდების იმპერიის სამსახურში. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა ისტორიაში. მემკვიდრეების უმცროსი ძმები სხვაგან მიდიოდნენ ხოლმე მამულისა თუ შემოსავლის მოსაპოვებლად, რადგან მემკვიდრეობის გაყოფა არ შეიძლებოდა, ის უფროს ვაჟზე უნდა გადასულიყო. სპარსეთის აქემენიდთა მრავალეროვან სახელმწოფოში მსახურობდნენ სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები და ხშირად დიდ თანამდებობებსაც აღწევდნენ. ჩვენი სამშობლო გადაკარგულ კუნძულზე არასდროს ყოფილა და ჩვენი წინაპრებიც მონაწილეობდნენ ხოლმე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებში.

მით უმეტეს, მომავალი დარიოს მესამე, სანამ შაჰი გახდებოდა, არმენიის სატრაპი ყოფილა, ჩვენს მეზობლად. იმ დროს არმენიის, ყოფილი ურარტუს ტერიტორიაზე, სადაც არმენები მივიდნენ, ოთხასიოდე წლით ადრე, ცხოვრობდნენ ადგილობრივ ურარტუელთა შთამომავლები, ქართველები, სპარსები და სხვები.

აქემენიდების იმპერიაში, შაჰის კარზე (ან არმენიის სატრაპის კარზე) თავი ისე გამოუჩენია სამარას ძმას, რომ სატრაპ კოდომანს (მომავალ დარიოსს ან უკვე დარიოსს) მისთვის თავისი ქალიშვილი მიუთხოვებია. ასეთი სურათი ჩანს კათალიკოს ანტონ პირველისა და თეიმურაზ ბაგრატიონის მიხედვით, როგორც წერს თეიმურაზ ბაგრატიონი – ძველი ცნობების საფუძველზე. რამდენად მართალია ეს, ძნელი სათქმელია. თუმცა, გამორიცხული არაფერია.

ცნობილია, რომ დარიოს მესამეს ჰყავდა ორი ქალიშვილი: ერთი, სტატეირა (ბარსინა), ალექსანდრე მაკედონელს მოუყვანია ცოლად, მეორე დრაპეტიდა ალექსანდრემ ბავშვობის მეგობარს, ჰეფესტიონს მიათხოვა. თუმცა, მამასახლის სამარას ძმას ვინ მიათხოვეს და რა ერქვა, არ ვიცით. დარიოსს მხოლოდ ერთი ცოლი არ ჰყოლია და შეიძლება, სხვა ქალიშვილიც ჰყავდა, სხვა ქალებისგან, მხევლებისგანაც. სპარსეთში იმ დროს, შაჰებს, სატრაპებსა და დიდებულებს, მრავალი მხევალი ჰყავდათ და ათეულობით შვილი – მხევლებისგან. იქნებ, ცნობაში სპარსეთის შაჰის სახელი არ არის ზუსტი და შესაძლოა, სამარას ძმას, დარიოს მესამის რომელიმე წინა შაჰმა მიათხოვა ქალიშვილი ან სამარას ძმამ იქორწინა სპარსეთის შაჰის რომელიმე ნათესავზე.

ალექსანდრე მაკედონელმა სამჯერ დაამარცხა დარიოს მესამე და დაიპყრო მისი იმპერია. დარიოსის დამარცხების შემდეგ სამარას ძმა წამოსულა სპარსეთიდან (თეიმურაზ ბაგრატიონის მიხედვით) და დაბრუნებულა თავის მშობლიურ ქალაქში, მცხეთაში, თავის ძმასთან, მამასახლის სამარასთან, „რაოდენნიმე მხედრობათაგან სპარსთასა“ და სახლეულთან ერთად.

თან ახლდა მეუღლე, სპარსეთის პრინცესა და დაახლოებით, 2-3 წლის ვაჟი, ფარნავაზი და ორი ასული.

შესაძლოა, ცნობაში დარიოს მესამის სახელის მაგიერ უნდა იყოს მისი რომელიმე ნათესავის სახელი, ვინაიდან, თეიმურაზ ბაგრატიონი ასევე გვამცნობს, რომ ფარნავაზის დედას, მცხეთიდან წასვლა უნდოდა ასპანს (სპარსეთში), ძმებთან. ანუ, აწ უკვე მაკედონელების იმპერიაში (დაშლის მერე იმპერიებში) ცხოვრობდნენ ფარნავაზის ბიძები, დედის ძმები.

შესაძლოა, ფარნავაზის მამა დარიოს მესამის სიძე იყო ნათესავის მხრიდან. ამაზე – შემდეგში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი