ისტორია

რომელი ორი დიდი ადამიანი დაიბადა 950-იან წლებში და რა საოცრებები მოხდა მათ ცხოვრებაში

№3

ავტორი: გია მამალაძე 22:00 29.01, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

  ბაგრატ გვარამისა და გურანდუხტის ძე დაიბადა, დაახლოებით, 960 წელს, ქართველთა მეფის ტიტულის მატარებელი ხელმწიფის, ბაგრატ მეორის ოჯახში. მამამისი, გვარამი მემკვიდრე უფლისწული გახლდათ. დაბადებიდანვე ქართველთა მეფის ტიტულის მემკვიდრე იყო დინასტიაში, მამის მერე. დედა აფხაზთა მეფის ასული გახლდათ. მამამისის, გვარამის, ქართველთა მეფის ძისა და დედამისის, გურანდუხტის, დაქორწინებით მხოლოდ დინასტიური ქორწინება არ შემდგარა, არც მხოლოდ პოლიტიკური დაახლოება აფხაზთა (დასავლელი ქართველების, აფხაზებად წოდებული მეგრელების) და ქართველთა სამეფოებს შორის. მისი მშობლების დაქორწინება, როგორც მერე აღმოჩნდა, საკრალური აქტი გახლდათ, ზეცაში გადაწყვეტილი, ღვთის განგებით საქართველოსთვის საჩუქრად მოვლენილი.

ბაგრატ მესამის დაბადებით ორი დინასტიის შვილი, ორი დინასტიის მემკვიდრე გაჩნდა. ეს თავიდან არავინ იცოდა, მხოლოდ ღმერთმა. იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებისთვისაც ბაგრატის დაბადებასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს რაღაც საკრალური პოლიტიკის ნიშნები ჰქონდა.
მოვლენები კი ასე განვითარდა:
აფხაზთა სამეფოში ბაგრატ ბაგრატიონის დედის, გურანდუხტის მამის, გიორგის ძე, ტახტის მემკვიდრე კონსტანტინე მამა-მეფეს განუდგა, თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა, თავიც დაიღუპა და სამეფოც საფრთხეში ჩააგდო. კონსტანტინე უძეოდ გარდაიცვალა.
შემდეგ აფხაზთა სამეფოს ტახტზე ავიდა გიორგის მომდევნო ძე, ლეონი. ლეონ მესამე აფხაზიც უძეოდ გარდაიცვალა.
მერე ტახტზე ავიდა გიორგის მესამე ძე – დიმიტრი. დიმიტრი მესამეც უძეოდ გარდაიცვალა, თუმცა, მანამდე თავისი ძმას, თეოდოსის, რომელსაც მისთვის ტახტის წართმევა უნდოდა, თვალები დასწვა. თეოდოსის გარდა, დიმიტრი მეფეს ბიზანტიელებმა და ადგილობრივმა დიდებულება აუჯანყეს კიდევ ერთი ძმა – ბაგრატი, „რომელსა ერქვა ჩალა-მეფე“. ბაგრატ „ჩალა-მეფის“ აჯანყება უშედეგო იყო. შემდეგ ბაგრატიც აღარ ჩანს პოლიტიკურ ასპარეზზე. ისიც, უძეოდ გარდაცვლილა, როგორც ჩანს.
975 წელს, დიმიტრი მეფის გარდაცვალების შემდეგ, აფხაზთა სამეფოს ტახტზე ავიდა თვალებდამწვარი თეოდოსი. თეოდოსი მესამესაც არ ჰყავდა ძე.
ქართული სამართლით, ტახტის მემკვიდრე შეიძლება, ყოფილიყო მხოლოდ მამაკაცი. რა თქმა უნდა, აფხაზთა სამეფო ქართული სახელმწიფო იყო, ქართულენოვანი სამეფო კარი იყო აფხაზეთა მეფეების სამეფო კარიც – სახლიც (ოჯახიც), კანცელარიაც და სამეფოც. თუმცა, თუ დინასტიას მემკვიდრე არ რჩებოდა, მას უახლესი ნათესავებიდან გამოარჩევდნენ. სხვა მამრობითი სქესის წარმომადგენელი, როგორც ჩანს, აფხაზთა მეფეების დინასტიას არ ჰყავდა. გიორგი აფხაზთა მეფის ასული გურანდუხტი პირადად ვერ მოიაზრებოდა აფხაზეთის ტახტის მემკვიდრედ, ვინაიდან ქალი იყო, მაგრამ, მისი შვილი, ბაგრატ გურგენისა და გურანდუხტის ძე, ბაგრატიონი კი ერთადერთი უფლისწული გახლდათ აფხაზთა მეფეების ოჯახში. ყველა შემთხვევაში ტახტი მას ეკუთვნოდა.
ამგვარად, ბაგრატ ბაგრატიონი გახდა აფხაზთა ხუთი მეფის მემკვიდრე. აფხაზთა სამეფოში ხუთ მეფეს არ ჰყავდა შვილი – განგება პირდაპირ მიუთითებდა, რომ აფხაზეთის სამეფოს ტახტზე გურანდუხტის ვაჟი უნდა ასულიყო. ეს კარგად შეამჩნია შესანიშნავმა აფხაზმა პატრიოტმა იოანე მარუშისძემ და საკუთარი პოლიტიკური ქმედებები მიუძღვნა პატარა ბაგრატ უფლისწულს.
მამის მხრიდანაც, ბაგრატ გურგენის ვაჟს, ამიერ ტაოს ქართველთა მეფის მემკვიდრეობა ეკუთვნოდა. იმიერ ტაოში კი გურგენის პაპის ძმის შვილიშვილს, დავით მესამე დიდ კურაპალატს, მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკოსს, ასევე, არ ჰყავდა ვაჟი. მისი უფროსი ძმაც, მანამდე, უძეოდ გარდაიცვალა. აქაც, განგება პირდაპირ მიუთითებდა, რომ ქართველთა მეფე და ქართველთა კურაპალატი ბაგრატ ბაგრატიონი უნდა გამხდარიყო.
როგორც ჩანს, განგებამ განგებ მოაწყო ისე, რომ აფხაზთა და ქართველთა სამეფოების და იმიერ ტაოს (იგივე ივერიის) საკურაპალატოს ტახტებს მხოლოდ ერთი მემკვიდრე ჰყავდა – ბაგრატ გურგენისა და გურანდუხტის ძე, დავითის შვილობილი ბაგრატიონი.

ამგვარდ, ბაგრატ მესამე იყო შვიდი მეფის მემკვიდრე, ღვთის რჩეული მეფე, აფხაზთა და ქართველთა სამეფო ოჯახების გამაერთიანებელი მემკვიდრე.

იმ ხანებში სხვა საჩუქარიც გაუკეთა განგებამ ჩვენს სამშობლოს. მოღვაწეობდა ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი მნათობი, ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი განმანათლებელი ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმინდელი (ათონელი). რომელიც წერდა ორიგინალურ ნაწარმოებებს, სხვა ენებიდან თარგმნიდა საეკლესიო ლიტერატურას და საქართველოს ამზადებდა დიდი აღმავლობისათვის. მემატიანე გვამცნობს: „ამის მეფობისა-ზე იყო წმიდა მამა ჩუენი ეფთვიმე ქართველი მთარგმნელი წიგნთა ჩუენ ქართველთანი“.
ექვთიმე ათონელის პატარაობაში მომხდარი სასწაულიც იმის მიმანიშნებელია, რომ ისიც ღვთის მიერ იყო მოვლენილი საქართველოს, მაცხოვრის ყოვლადწმინდა დედის, წილხვედრი ქვეყნისა და ხალხის აღმავლობისათვის.
ეფთვიმე ათონელი რამდენიმე წლით უფროსი იყო ბაგრატ ბაგრატიონზე. დაიბადა დაახლოებით 955 წელს, ქართველი სარდლებისა და პოლიტიკური მოღვაწეების, ჩორდვანელების ოჯახში.
როცა ეფთვიმე სულ რამდენიმე წლის იყო, ბიზანტიის იმპერატორმა დავით კურაპალატს „ზემონი ქვეყანანი“ დაუთმო, სანაცვლოდ მძევლები მოსთხოვა. მძევალთა შორის მოხვდა პატარა ეფთვიმეც.
ეს ამბავი მივიდა ეფთვიმეს მამის, წმიდა ბერის, იოანე ათონელის ყურამდე. გაემგზავრა კონსტანტინოპოლს, გამოითხოვა თავისი შვილი ბიზანტიის სამეფო კარისგან და თან წაიყვანა. პატარა ეფთვიმეს იმდენი დრო გაეტარებინა ბიზანტიაში, რომ ქართული კარგად აღარც ახსოვდა. ერთხელაც, მომავალი მნათობი ქართული ეკლესიისა, ავად გახდა, ხმასაც ვეღარ იღებდა. მამამ გადაწყვიტა, ეზიარებინათ სიკვდილის წინ მისი პატარა და მღვდელს დაუძახა. თვითონ ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობდა. ცოტა ხნით შვილთან მივიდა და კელიაში კეთილსურნელება იგრძნო. ეფთვიმე სრულიად გამოჯანმრთელებული დახვდა. როგორც უამბო პატარამ მამას, გამოცხადებია ვინმე დიდებული დედოფალი და ქართულად დალაპარაკებია. შემდეგ დაულოცავს და უთქვამს: „ნუ გეშინია ეფთვიმე და ქართულად ილაპარაკეო!“ გამოჯანმრთელების მერე წმიდა ეფთვიმე ბრწყინვალედ ფლობდა ქართულ ენას.
მამამ, წმიდა იოანემ სთხოვა, ბევრი წიგნი ეთარგმნა, რაც აკლდა ჩვენს ქვეყანას.
ბაგრატ ბაგრატიონი ჯერ აფხაზთა, მერე ქართველთა სამეფოს მეფე გახდა, შემდეგ კახეთისა და ჰერეთისაც. ექვთიმე ათონელი დაუღალავად მუშაკობდა, წერდა, თარგმნიდა და რედაქტირებულ სასულიერო ლიტერატურას სამშობლოში გზავნიდა.
ბაგრატ მესამის დროს აშენდა ბედიის, ბაგრატისა და ნიკორწმინდის შესანიშნავი ტაძრები საქართველოში.
რა თქმა უნდა, მათ გარდა საქართველოში იყვნენ სხვა დიდი მამულიშვილებიც.
საქართველო ერთიანდებოდა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი