ისტორია

როგორია სამარცხვინო ღალატების ისტორია და რატომ უწევდა გიორგი მეორეს მთელი მეფობის განმავლობაში საკუთარ ფეოდალებთან ბრძოლა

№34

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 03.09, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ბაგრატ მეოთხის შემდეგ საქართველოში მისი ძე გიორგი მეორე მეფობდა. ეს იყო 1072-1089 წლებში. გიორგის გამეფების მეორე წელსვე ერთდროულად სამი დიდი ფეოდალი აუჯანყდა: ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი.

წინათ, სამივე ნებით თუ უნებლიედ, ერთგულობდა ბაგრატ მეოთხეს, მაგრამ ეტყობა, როგორც კი გიორგის სისუსტე იგრძნეს, ისარგებლეს და კიდეც აუშალეს ქვეყანა.

„ივანემ კახელები მეშველ ძალად მოირთო და ქსნის ხეობა დაიჭირა, ნიანია შიგ სატახტო ქუთათისში შეიჭრა, საჭურჭლეები ხელთ იგდო და იქვე ჩადგა ბანაკად. ვარდან ერისთავმა სვანები სამეგრელოს შეუსია და საშინლად ააოხრა“.

თუმცა გიორგი მეფე აჯანყებულებს მშვიდად არ შეხვედრია – „გაუხტა ახალგაზრდა მეფე აჯანყებულებს და სამივე დაამარცხა ზედიზედ, მაგრამ სამივესადმი არამც თუ სასჯელი, უბრალოდ ძვირუხსენებელი იქმნა, უფრო მეტიც, კადნიერი მოღალატენი უხვადაც დააჯილდოვა, ივანეს რუსთავი გამოართვა და აღსართან კახთა მეფეს მისცა, სამაგიეროდ ივანეს სამშვილდე და ლოწობანი მიართვა, ნიანიას – თმოგვი და სხვანი საქონელნი რჩეულნი, ხოლო ვარდან ერისთავს ასკალანა აჩუქა,

გიორგის ბავშვური გულწრფელობით სჯეროდა, რომ დიდსულოვნებით დაიწყნარა მეფობა თვისი“.

ასე დასრულდა პირველი ღალატი და განდგომა მეფე გიორგისადმი. თუმცა, ღალატი არ დასრულებულა.

იმავე წელს ისევ განუდგა კლდეკარის ერისთავი მეფეს. გიორგი ქუთათისიდან სასწრაფოდ სამცხეში გადავიდა. იქ მესხთა ჯარიც აიყოლია და სამშვილდეს მიადგა. აქ მას შეუერთდა აღსართან კახთა მეფე, რომელსაც ამჯერად ივანესთან კავშირს გიორგის თანადგომა ამჯობინა.

ივანე ლიპარიტის ძემ შეტაკება უიმედოდ ჩათვალა, ციხიდან ჩუმად გაიპარა და სამხრეთისკენ მთებს შეაფარა თავი. გიორგიმ ადრე გაჩუქებული ლოწობანიც დაიკავა და ჯავახეთში გადავიდა, აქ ეკრანთის ციხეში ივანე ბაღვაში თავის ფეხით მივიდა მასთან. ივანემ მეფეს შენდობა და შერიგება სთხოვა. „ისევ უმტყუნა ნებისყოფამ მეფეს, კადნიერი დიდკაცისაგან მხოლოდ ფიცი იკმარა და ისევ დაუმტკიცა კლდეკარი და სამშვილდე“.

ღალატის ისტორია არც ამით დასრულებულა. ივანე ამით არ დაკმაყოფილდა.

არ გასულა დიდი დრო და ამჯერად უარესი ჩაიდინა ივანე ბაღვაშმა. მან გაგის ციხე გიორგი მეფის მეციხოვნეებს გამოსტყუა და განძის ამირას – ფადლონს, ქართველთა დაუძინებელ მტერს, მიჰყიდა.

გიორგიმ გათავხედებული ქვეშევრდომის წინააღმდეგ გამოსვლაც ვერ მოასწრო, რომ საქართველოს სამხრეთ საზღვრებს მალიქ-შაჰი მოადგა თურქ-სელჩუკთა დიდი სულტანი. ივანემ ისევ „თავი გამოიჩინა“. მან სულტანს მაშინვე საკუთარი ვაჟი – ლიპარიტი შეაგება და ქვეშევრდომობა შესთავაზა. შაჰს ეს ძალიან ესიამოვნა და ახალგაზრდა ლიპარიტი თავისთან დაიტოვა, რაც უკვე მძევლობას ნიშნავდა. ლიპარიტმა ხერხი იხმარა და თვითონ მალიქ-შაჰს გამოეპარა. გაბრაზებული შაჰი სამშვილდეს დაესხა თავს და ივანე ლიპარიტის ძე თავისი ცოლით, შვილიშვილითა და ქვეშევრდომებით ტყვედ წაიყვანა.

სამშვილდიდან სელჩუკები ქართლის სოფელ-ქალაქებს მოედნენ. ისინი გაძარცვეს და საქართველოდან წავიდნენ.

„ამის შემდეგ მალიქ-შაჰი განძას მიადგა, აიღო და მის გამგებად ერთი თავისი სარანგი-სარდალი დატოვა 48 000 მეომრით, სარანგმა განძის ამირა ფადლონს ბორკილები გაუყარა და 1074 წლის ადრიან გაზაფხულზე თავისი მხედრობა ისევ საქართველოს შემოუსია“.

მეფე გიორგი გაეშურა მტერთან შესახვედრად. ეს ბრძოლა ფარცხისს მოხდა. ფარცხისის ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს და მტერი საქართველოს საზღვრებიდან განდევნეს. „ეს იყო ჭეშმარიტად დიდი ძლევა გიორგი მეორისი“.

მაგრამ ეს იყო და დამთავრდა. გიორგის ამის შემდეგ, სამწუხაროდ, გაუმარჯვება აღარ მოუპოვებია. თურქთა შემოსევები – „დიდი თურქობანი“ ყოველწლიურ უბედურებად იქცა საქართველოში, რასაც დასასრული არ უჩანდა. ბოლოს მეფე გიორგი სულტან მალიქ-შაჰს ეწვია, მისი უღელი ცნო და ყოველწლიური ხარკის გადახდაც იკისრა.

სამაგიეროდ, სულტანმა მეფე გიორგის კახეთის დაპყრობის ნება დართო და დასახმარებლად თურქული ჯარიც გამოაყოლა.

გიორგი ქართველთა და თურქთა ჯარებით კახეთში შეიჭრა და ვეჟინის ციხეს ალყად შემოარტყა. ვეჟინის ალყა დაიწყო ჟამსა სთვლისასა. მთელი შემოდგომაც მიიწურა, ზამთარიც დადგა და ალყაც მხოლოდ ალყად დარჩა“.

თოვა დაიწყო თუ არა გიორგიმ ყველა გააკვირვა. გაოცებულები იყვნენ მისი თანამედროვეებიც და მომავალი ისტორიაც გაოცებული დარჩა მეფის მიერ მაშინ გადადგმული ახირებული ნაბიჯით. როცა მეფეს მოახსენეს, აჯამეთის ტყეში ნადირობის სეზონი დადგაო, მან დაუფიქრებლად განაცხადა, ახლავე სანადიროდ უნდა წავიდეო და წავიდა კიდეც – „ვეჟინს ალყა მოხსნა, თურქთა ჯარი ივრის ხეობას საძარცვავად მიუსია და თვითონ იმერეთს გადავიდა აჯამეთის ტყეებში სანადიროდ, თურქებმა საშინლად მოაოხრეს ივრის ხეობა“.

არანაკლები აღმოჩნდა კახთა მეფის პასუხი გიორგის ამ ნაბიჯზე – „აღსართან კახთა მეფემ მტრის ხელით მტრობა აგრე არ უნდაო“, ადგა და ის თავადაც ეწვია სულტან მალიქ-შაჰს, ქრისტიანობაზე უარი თქვა, მაჰმადის რჯული მიიღო, წინადაცვეთა გაიკეთა და კახეთი თურქეთის დახმარებით უკან დაიბრუნა.

„მეფე გიორგის შეჭირვებამ ღალატის გუნებაზე დააყენა ძლიერი არაგვის ერისთავი ძაგან აბულეთისძე“. იგი დარწმუნებული იყო, რომ სასწორი საბოლოოდ კახეთის მეფისკენ გადაიხარა. გიორგისგან ნაბოძები ციხეები მუხრანი და ზედაზენი აღსართანს გადასცა და თვითონაც მის ბანაკში გადავიდა.

„ანაზდაითად ბუნებაც საოცარი სისასტიკით შემოსწყრა ადამიანთაგან ამოგდებულ ქართველთა ქვეყანას“- 1088 წელს უძლიერესმა მიწისძვრამ დააქცია საქართველო. მთელი წლის განმავლობაში ირყეოდა დედამიწა, ინგრეოდნენ და საფლავდებოდნენ სოფლები, ქალაქები, ეკლესიები, სასახლეები. „ჩამოქცეულ თმოგვის ციხის კედლებს ქვეშ ცოლთან ერთად დაიმარხა ერისთავი კახაბერ ნიანიას ძე, თითქოს ღმერთი გასწყრომოდა საქართველოს“.

„1089 წელს გიორგი მეორემ გადადგა ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი“ – მან საქართველოს სამეფო გვირგვინი ერთადერთ ძეს, 16 წლის დავითს გადასცა.“

„თითქოს სირცხვილსაც ბოლო უნდა მოღებოდა, რაკი ტახტზე ასულიყო დავით აღმაშენებელი, მაგრამ ამ საოცარი ხელმწიფის მეფობაც სწორედ მის ნათესავ ქართველთა მუდმივ ამოუწურავ სირცხვილეულთა დაძლევასთან იყო დაკავშირებული“...

წყარო: სანიკიძე ლევან – სამას ათი ქართული სირცხვილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი