რატომ იბრძოდნენ ქართველები განსაკუთრებული გააფთრებით სახალიფოს გასანადგურებლად
ავტორი: გია მამალაძე 22:00 02.04, 2021 წელი

1251 წელს ყურულთაიზე მონღოლთა დიდ ყაენად უფლისწულებმა აირჩიეს ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი მანგუ (მუნკე).
მონღოლებს დიდი ამბიციები ჰქონდათ და მსოფლიოს დაპყრობა სწადდათ. ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო მონღოლთა სხვადასხვა ულუსების მეთაურ უფლისწულებს შორის დაპირისპირება და ომები.
მონღოლთა არმიის ნაწილებს ჩვენს რეგიონში (კავკასია, წინა აზია, ირანი და სხვა) იმ დროს ხელმძღვანელობდა მანგუ ყაენის ძმა, ჰულაგუ, რომელიც თავისი ულუსის მეთაურად, ილხანად იყო გამოცხადებული.
მანგუ ყაენმა გადაწყვიტა, დაეპყრო აბასიდების სახალიფო. იგი უკმაყოფილო იყო ხალიფას ქმედებებით. მართალია, ხალიფა საჩუქრებს უგზავნიდა, ფაქტობრივად, ეს იყო ხარკი, მაგრამ, მონღოლები ითხოვდნენ, სხვადასხვა ქვეყნის მბრძანებლები მათთან ჩასულიყვნენ და პირადად მოეხარათ ყაენის წინაშე ქედი, მორჩილების ნიშნად. ხალიფა კი ამას არ თანხმდებოდა.
სახალიფოს დაპყრობა დაევალა ყაენის ძმას, ილხან ჰულაგუს. დიდი ყაენის ბრძანებით, ბაღდადის ასაღებად დაიძრა მონღოლთა ას ორმოცდაათი ათასი მეომარი. შეიძლება, ეს ციფრი გადაჭარბებულია, მაგრამ, ალბათ, ძალიან არა, რადგან, მონღოლებს უამრავი მეომარი ჰყავდათ და ძალიან ბევრი ვასალი მებრძოლიც. სახალიფო კი საკმაოდ ძლიერი იყო, მისი დაპყრობა რთული იქნებოდა, ხალიფას მაჰმადიანები უმაღლეს ხელისუფლად თვლიდნენ და შესაძლოა, სხვა მაჰმადიანური სამთავროებიც დახმარებოდნენ.
ყაენის ბრძანებით, თუ სახალიფო დაემორჩილებოდა მონღოლებს და ხარკს იკისრებდა, არ ააოხრებდნენ, ხალიფას კი მონღოლთა ყაენის ვასალად გამოაცხადებდნენ და ტახტზე დატოვებდნენ, როგორც ყმადნაფიცი ქვეყნის ხელმძღვანელს.
ჰულაგუს გვერდით ედგნენ უაღრესად გამოცდილი ნოინები, მათ შორის, ჯალაირთა ტომის წარმომადგენელი ელგონი (ელკე); ბაიჯუ, რომელსაც საქართველოს საქმეები ებარა უმეფობის პერიოდში, რომლის მეთაურობით ქოსა დაღის ბრძოლაში, 1243 წელს, მონღოლებმა მოარღვიეს რუმის სულთნის ჯარის ფლანგი და გაამარჯვებინეს თავის არმიას, რის შედეგადაც რუმის სულთანმა, რუსუდან მეფის სიძემ, ტყვეობიდან გაათავისუფლა დავით ლაშას ძე; არღუნ აღა, რომელმაც აღწერა რუსეთი, საქართველო, სპარსეთი და სხვა ქვეყნები მონღოლთა იმპერიაში; ბუღა თემური, ჩაღატაის სახანოს მომავალი ყაენი; ჩინური წარმოშობის გუო ხანი (გო ხანი), რომელიც ხელმძღვანელობდა ჩინელი არტილერისტების (ლოდსატყორცნების სპეციალისტები) სამხედრო ნაწილს, კიტბუღა, რომელიც თავს ქრისტეს მიმდევრად მიიჩნევდა და წმიდა მიწიდან მაჰმადიანთა განდევნა უნდოდა და სხვა გამოცდილი მხედართმთავრები.
ჰულაგუს ჯარში იყო საქართველოს მეფე დავით მეშვიდე ულუ, ლაშა-გიორგის ვაჟი, თავის ქართველ და სომეხ მეომრებთან ერთად. სომხეთის დიდი ნაწილი საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა, სომხები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და ჩვეულებრივად, სამხედრო სამსახურიც ევალებოდათ.
ანტიოქიის ჯვაროსნული სამთავროს ჯარიც ეხმარებოდა მონღოლებს. მცირე რაოდენობით კილიკიელი სომხებიც იყვნენ.
ბაღდადში ამ დროს იჯდა აბასიდების დინასტიის წარმომადგენელი, ხალიფა აბუ აჰმად აბდულაჰ ალ-მუსთასიმ ბილაჰი. არაბმა ჯეროვნად ვერ შეაფასა მონღოლთა და მათი მოკავშირეების ძალები და მტრის შეთავაზებაზე, დამორჩილებოდა და ხარკი ეკისრა, უარითა და შეურაცხყოფებით უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ ჯარი კარგად შეგროვებული და ორგანიზებული არ ჰყავდა.
11 იანვარს მონღოლები ბაღდადს მიადგნენ. ხულაგუმ თავისი ჯარის ნაწილი გადაიყვანა მდინარე ტიგროსზე და დაიწყო ქალაქის ალყის ორგანიზება. ბაღდადის დასავლეთით ხალიფას ჯარებმა მოიგერიეს მონღოლების შეტევა, მაგრამ, შემდეგ მონღოლებმა ხერხი იხმარეს, შეიტყუეს მაჰმადიანები დაბლობებში და მოულოდნელად გაანგრიეს წყლის ჯებირები. წყალმა წალეკა მაჰმადიანთა დიდი ნაწილი. არაბული არმია, მხედართმთავარ ფათჰ ად-დინ იბნ ქერას ხელმძღვანელობით, დამარცხდა ტიგროსის ნაპირებთან.
სახალიფოს ჯარი გამოსვლას კვლავ აპირებდა ქალაქიდან, მაგრამ მონღოლების ჩასაფრებულმა ნაწილებმა კვლავ დიდი ზიანი მიაყენეს არაბებს.
29 იანვარს ხალიფას სხვა არაფერი დარჩენოდა, ქალაქში ჩაკეტილიყო თავის ჯართან ერთად. ჩინელმა ინჟინრებმა (გადმოცემით ათასი ჩინელი იყო მონღოლთა არმიაში) დაიწყეს ლოდსატყორცნების, დიდი ისრების სასროლი მოწყობილობებისა და შეტევითი კოშკების აგება.
ყაენმა სამ ნაწილად გაყო თავისი ჯარი და სამი მხრიდან დაიწყეს შეტევა ქალაქზე. ერთ-ერთი მხარე ჩვენს მეფეს ჰქონდა ჩაბარებული. მეორე ნაწილს ხელმძღვანელობდა ელგონ (ელკე) ნოინი, მესამე ნაწილს კი – თვითონ ჰულაგუ.
5 თებერვალს ხალიფამ მოლაპარაკება ითხოვა, მაგრამ, მონღოლები უკვე ძალიან გაბრაზებულები იყვნენ და უარი შეუთვალეს.
იმ დროს ბაღდადი უდიდესი და სახელგანთქმული ქალაქი იყო, ცნობილი თავისი ბიბლიოთეკებით, სამეცნიერო სახლით, ბრწყინვალე არქიტექტურით, სიმდიდრით...
თორმეტი დღე მიმდინარეობდა ალყა.. ალ-მუსთასიმ ბილაჰმა სცადა ნავით გაპარვა, მაგრამ ელგონ ნოინის ნაწილებმა, რომლებიც მდინარე ტიგროსის გადაღმა იდგნენ, უკან შეაბრუნეს თავის სასახლეში.
დავით ლაშას ძემ ქალაქის ზღუდის გარღვევა ბრძანა. ჩვენს წინაპრებს ჯერ კიდევ ჰქონდათ შემორჩენილი ცოდნა ზღუდეების ნგრევისა. 10 თებერვალს ქართველებმა გაარღვიეს ზღუდე და ერთ-ერთი პირველები შეიჭრნენ ქალაქში. ქართველებმა და თათრებმა გააღეს ქალაქის კარიბჭეები და ძირითადი ჯარიც შეიჭრა ბაღდადში. ქართველებზე ამბობდნენ, გააფთრებული იბრძოდნენ, შურს იძიებდნენ რამდენიმე ათეული წლის წინ ჯალალედინის მაჰმადიანური ურდოების მიერ ტფილისელების განადგურების გამოო. ალბათ, ჩვენი წინაპრების აზრით, მონღოლების ხელით სხვა მტერს იშორებდნენ. ქალაქში ბრძოლები სამი დღე მიმდინარეობდა. მერე ჰულაგუმ ბაღდადი შვიდი დღით საძარცვავად უბოძა თავის მეომრებს.
არბევდნენ და ძარცვავდნენ დამპყრობლები ბაღდადს. ჰულაგუს ცოლის მოთხოვნით, ქრისტიანებისა და ებრაელებისთვის ხელი არ უხლიათ, მაჰმადიანების დიდი უმრავლესობა კი გაწყვიტეს. ქუჩები სავსე იყო დახოცილი მაჰმადიანებით. სხვადასხვა მონაცემით, იმ დღეებში მოკლეს ასი ათასიდან მილიონამდე ბაღდადელი.
გახრწნილი გვამების სუნმა შეაწყუხა ჰულაგუ და კარავი გაატანინა ქალაქიდან.
მონღოლებმა გაძარცვეს და დაანგრიეს ბიბლიოთეკები, სახელგანთქმული სიბრძნის სახლი. წიგნები მდინარეში გადაყარეს. მდინარე ტიგროსი წიგნების შავი მელნითა და ადამიანთა წითელი სისხლით შავ-წითლად იყო შეღებილა.
რასაც არაბები საუკუნეების განმავლობაში სჩადიოდნენ სხვა ქვეყნებში, საკუთარ თავზე იწვნიეს იგივე.
მონღოლებმა ხელთ იგდეს იგავმიუწვდომელი სიმდიდრე, რომელიც საუკუნეები გროვდებოდა დიდი იმპერიის დედაქალაქში. ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი თვლები, აბრეშუმი, ჩინური, ქაშანური (ირანული) და ადგილობრივი ჭურჭელი, ძვირფასი ნაკეთობები ჩაუვარდათ ხელში უბრალო მეომრებს.
ჩვენმა მეფემ და ქართველმა მეომრებმაც დიდი ქონება მიიღეს საჩუქრად ჰულაგუ ილხანისგან თავდადებისა და ერთგულებისათვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან