ისტორია

რას მოგვითხრობენ ინგუშური თქმულებები თამარ მეფის დედის წარმომავლობის შესახებ

№7

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 23.02

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

გიორგი მეორეს უფლისწულობის ჟამს მამამ, დიმიტრი პირველმა ცოლად მოუყვანა ოვსთა მეფის, ხუდდანის ასული ბურდუხანი.

„ისტორიანი და აზმანის“ ავტორის თქმით, ბურდუხანი ყოფილა პირ-მზე მეუღლის შესაბამისი, ძალიან ლამაზი: „ესე თïთ ვითარი შესატყïსი ქმრისა პირ-მზისა, ტან-ზომისა, თïთ მზე-მზეთა შუენებითა და მომფენაობითაცა“.

ლაშა-გიორგის მემატიანე წერს: „სძალი სხუა მისებრი მაშინ არა ეხილვა ქართლისა თემსა“. განსაკუთრებული ადამიანი იყოო, ალბათ, აქ სილამაზეც იგულისხმება.

გიორგი მეფის ჯარში, ქართველებთან ერთად, გამოდიოდნენ ოვსნი და სხვა ქვეყნების მეომრები: მემატიანე წერს: შეკრიბა იმიერ და ამიერ საქართველოს ჯარი და „გამოასხნა ოვსნი და ქუეყანანი დიდძალნი და მომართა სულტანსა“.

ოვსების სახელწოდების წარმოქმნასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა. დღევანდელი ოსების წინაპრები, რომლებიც ინდო-ირანული ენების ჯგუფის ერთ-ერთი ენის მქონე ხალხია. ზოგი მეცნიერის აზრით, ისინი ჩრდილოეთ კავკასიის ველებზე და მის ჩრდილოეთით სახლობდნენ, ალბათ, ალანებთან ერთად, შესაძლოა, თვითონაც ალანთა ტომების ნაწილი იყვნენ და შემდგომში ამოიწიეს ჩრდილო კავკასიის მთიანეთში და შეერივნენ ადგილობრივ ხალხებს, მათ შორის, ოვსებად, ასებად, იასებად, ასსებად წოდებულ ტომებს და მათგან ნაწილი თავიანთ ენაზე გადაიყვანეს, მათ შორის, შემდეგში, ქართველური ტომი დვალებისა, რომლებსაც ზოგი ნახური (ვაინახური) წარმოშობისად თვლის, ოღონდ საქართველოს მოქალაქეებად.

გიორგი მესამის დროს, შესაძლოა, ოვსეთი და ოვსნი კრებსითი, საერთო სახელი ყოფილიყო ჩრდილო კავკასიაში, განსაკუთრებით, ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ხალხისა, რომელთა შორისაც იყვნენ დღევანდელი ჩეჩნების, ინგუშების, ოსების, ყარაჩაელების, ბალყარელების და სხვა ხალხების წინაპრები. რუსი მეცნიერები მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეშიც კი ოსებად, ასებად მოიხსენიებდნენ არა მხოლოდ დიგორელ ოსებს, არამედ სხვა კავკასიელ ხალხებსაც.

საინტერესოა რამდენიმე ძველი ინგუშური თქმულება, რომლებიც ასების, „ასსელების“ და დვალების წარმოშობასა და თამარ მეფის ნათესავების შესახებ გვიამბობს.

ერთი ღლიღვური, ინგუშური გადმოცემით, რომელსაც დავლოი (დვალები) ჰქვია (ხ. ხ. ესმარზის ძის მონათხრობი (1962): „ღლიღველთა ეთნოსი, რიცხვმრავალი და ძლევამოსილი, ასსის (მდინარე – გ. მ.) გასწვრივ მოსახლეობდა. ამის მიხედვით ამ ხალხს ასსელები უწოდეს. ასსელები გამრავლდნენ, მოიცვეს ბარის ადგილებიც და ქედს იქითაც დაიწყეს განსახლება“...

... „იმ დროს საქართველოს მმართველებს სასტიკად ავიწროებდნენ ჩრდილოელი მომთაბარეები, რომელნიც არბევდნენ და ძარცვავდნენ ქვეყანას, ტყვედ აჰყავდათ ხალხი და ყოველგვარ ბოროტმოქმედებას სჩადიოდნენ.

ქართველებმა საზღვრების გამაგრება გადაწყვიტეს, მაგრამ, სად იპოვნიდნენ მამაც და საიმედო მეომრებს? და გაახსენდათ ასსელები. დაუკავშირდნენ მათ, გამართეს ბჭობა, მიაღწიეს შეთანხმებას, უამრავი ადამიანი, მთელი თეიფები გადაასახლეს“ დარიალის გასასვლელის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ვრცელ ტერიტორიაზე.

... „რადგანაც ისინი მუდამ საომარ მზადყოფნაში, სამხედრო სახელისთვის ბრძოლაში იყვნენ, მათ დოვლოè (მეომრები), ქართული აქცენტით – დვალები უწოდეს“...

... „ასე ცხოვრობდნენ, ქართველთა ქვეყნის საზღვრების ურღვევობისთვის ზრუნვაში.

განუწყვეტელ ომებში დვალთა რიცხოვნობა შემცირდა, ბოლოს კი ისინი საერთოდ გაქრნენ. ზოგი ქართველებს შეერია, ზოგიც – იქ დასახლებულ სხვა ხალხებს.

მაგრამ დრო თავისას შვრებოდა, დვალები სხვა ეთნოსთა შორის განიბნენ“.

ანუ, ინგუშების წინაპრები ასებს, იასებს, ასსელებს საკუთარ ხალხს უწოდებდნენ.

სხვა ინგუშური თქმულებით (ლიდა ოზდოïს ნაამბობი (მხატვარი, აღნიშნული წიგნის გამფორმებელი), თამარ მეფის დეიდა მათიანია: მოხუცი ქალების „ნაამბობის მიხედვით, თამარი ხომ თავად გამოირჩეოდა მშვენებით, მაგრამ დეიდამისი მთლად არამიწიერი სილამაზის პატრონი ყოფილა, თუმცა, მაინც გაუთხოვარი დარჩენილა. თამარს, უკვე მოწიფულს, შემდეგ კი, ღვთის ნებით, დედოფლადქმნილსაც, დეიდა თავისთან ჰყოლია და მისი კეთოლგონიერება და მოთმინება ბევრჯერაც დაჰხმარებია.

ულმობელმა დრომ ვერა დააკლო მის სილამაზეს, – ამბობდნენ ქალები, რომლებიც მას სახელითაც მოიხსენიებდნენ, მაგრამ მე ვერ დავიმახსოვრე“.

სხვა ინგუშური, ღლიღვური თქმულება, რომლის შესახებაც ვრცლად სხვა დროს ვისაუბრებთ, გვიამბობს: „უძველეს ეპოქაში, ჩვენს მეზობელ ქართველებს მმართველობდა თამარ მეფე, რომელიც ჩვენი ღლიღველების დის შვილი იყო“. როცა ინგუშებმა შეიტყვეს თამარ მეფის გარდაცვალება, ყველა თემის წარმომადგენელი წამოვიდა თამარ მეფის სამძიმარზე. ქართველებს მათთვის უთქვამთ: „ეს თქვენი გარდაცვლილი დისშვილია“...

მაშასადამე, ინგუშების წარმოდგენით, თამარ მეფის დედა მათი წარმომადგენელი ყოფილა, ინგუში, ღლიღვი.

საქართველოს სამეფო კანონების მიხედვით, საქართველოს მეფეს ცოლად მხოლოდ სამეფო-სამთავრო ოჯახის წარმომადგენლის მოყვანა შეეეძლო. ასეთი იყო წესი. ანუ, გიორგი მეორეს ცოლად მოუყვანდნენ მხოლოდ სამთავრო დინასტიის ასულს.

იმ პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე ოვსური სამეფო-სამთავრო უნდა ყოფილიყო. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ადრე ოსური სახელის მატარებელი დიდი გაერთიანება იმ დროს რამდენიმე სამთავროდ იყო დაშლილი.

ერთი უნდა ყოფილიყო დავით სოსლანის სამეფო; მეორე – ხუდდანისა; სხვა უნდა ყოფილიყო ის სამეფო, რომლის მეფე დორღოლელის და, ბორენა, ცოლად ჰყავდა ბაგრატ მეოთხეს; კიდევ უნდა ყოფილიყო იმ ორი ოსი უფლისწულის სამთავრო, თამარის ხელი რომ ითხოვეს. ერთი სამთავრო, დაახლოებით, ყარაჩაის ოლქში უნდა ყოფილიყო.

მაშასადამე, ინგუშური თქმულების მიხედვით, თამარ მეფის დეიდა მათი დინასტიის წარმომადგენელია, ანუ, თამარ მეფე არის დედით ინგუში, ღლიღვი, ღილღვი. ასები, იასები, ასსები, ასსელები ინგუშების წინაპრები, ღლიღველები არიან. ოდესღაც რიცხვმრავალი და ძლევამოსილი ეთნოსის წარმომადგენლები.

ამგვარად, ინგუშური ტრადიცია, ინგუშური თქმულებები გვეუბნება, რომ თამარ მეფის დედა და დეიდა, ანუ ბურდუხან დედოფლის მამა, ხუდდანი იყო „ასსელების“, არა ინდო-ირანული ხალხის, არამედ კავკასიელების, ღლიღვების, ინგუშების დინასტიის წარმომადგენელი, შეიძლება, საქართველოში ოვსებად წოდებული სხვადასხვა ხალხების გაერთიანების მეთაური. ანუ, ქართული წყაროებით, იმ ოვსთა სამეფოდ წოდებული დინასტია, რომლის წარმომადგენელი იყო ხუდდანი, ინგუშური გადმოცემებით, გახლდათ ასსური, ღლიღვური, ინგუშური.

ასეთი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება ინგუშური თქმულებების მიხედვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი