ისტორია

რა ტაქტიკური მანევრით გაიმარჯვეს მონღოლებმა ქართველებზე ორჯერ და ვისთან დამარცხდნენ იმავე ხრიკით

№5

ავტორი: გია მამალაძე 22:00 12.02, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1221 წელს საქართველოს მონღოლთა ორი ნოინის, მხედართმთავრის, ჯებესა და სუბუდაის, ორი დუმანისგან (20 000) შემდგარი ჯარი მოადგა, რომელიც ფაქტობრივად, დაზვერვითი მიზნით იყო წამოსული ჩვენს რეგიონში. ამ ჯარში მხოლოდ მონღოლი იყო 20 000, სავარაუდოდ, იყვნენ სხვებიც. 

მონღოლებს თავიანთი ჯარისკაცების გარდა დამხმარე ძალებიც გამოჰყავდათ ხოლმე სხვადასხვა ბრძოლაში, ტყვეებსაც ერეკებოდნენ წინ და სხვა ხერხებსაც მიმართავდნენ. ლაშას დროინდელი მემატიანე წერს, რომ ჩვენმა ხელმწიფემ პირველი მარცხის მერე უმალ მოახერხა ჯარის გადაჯგუფება, დაამარცხა თათრები და დიდი ზიანიც მიაყენაო:

„შემოვიდეს უცხო-თესლნი ვინ-მე ლაშქარნი სომხითს და ჰერეთს, ევნო რა-მე მცირედი მათგან-ცა. შექცეულთა მიეწია ბალის წყალთა ზედა და პირველი წყლულება მათგან იქმნა. შემდგომ მოხედვითა ღმრთისათა და ლმობიერ-ქცევითა მეფისა გიორგისითა გააქცივნეს და ამოსწყვიდნეს გაქცეულნი“.


ეს პირველი „წყლულება“ ანუ მარცხი, სავარაუდოდ, ბრძოლის პირველ ნაწილში, გამოიწვია მონღოლების მიერ ჩვენი წინაპრების მოტყუებამ. ბრძოლა ახალი დაწყებული იყო, უცებ თათრები ვითომ გაიქცნენ, ჩვენები გამოეკიდნენ, ჯარი გაიშალა. მოულოდნელად მონღოლები მოტრიალდნენ და ისრები დაუშინეს ქართველებს. მონღოლთა ჩასაფრებული რაზმები გვერდიდან დაესხნენ ჩვენს ჯარს. ამან დააბნია ჩვენი წინაპრები, დიდი ზარალიც ნახეს და უწესრიგოდ უკან დაიხიეს სწრაფად. თუმცა, დაჭრილმა მეფემ გონივრული ქმედებით მოახერხა, ზიანმიყენებული ჯარი ეხსნა სრული დამარცხებისგან, როგორც წერს ლაშას მემატიანე: „გააქცივნეს და ამოსწყვიდნეს გაქცეულნი“. მაშასადამე, ლაშას ჯარის გადაჯგუფება, კვლავ შეტევა მოუხერხებია და დიდი ზარალიც მიუყენებია მტრისთვის. მონღოლებიც გაეცალნენ. მიხვდნენ, ხრიკი აღარ გაუვიდოდათ. ქართული ჯარის ძლიერების შესახებ ცნობები კი ექნებოდათ. ისინი დაწვრილებით აგროვებდნენ ინფორმაციებს სხვადასხვა არმიებზე, ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით – დავით აღმაშენებლის დაზვერვის სისტემა უკვე მოშლილი იყო.
ჯებემ და სუბუდაიმ გააძლიერეს ჯარი, სავარაუდოდ, „მოირთეს“ რეგიონში ქართველებისადმი მტრულად განწყობილი სამხედრო ნაწილები და კვლავ სცადეს ჩვენს სამშობლოზე შემოტევა. თუმცა, ლაშა-გიორგისაც არ ეძინა, ხელახლა შეკრიბა ლაშქარი და მოსახმარებლად დაიბარა ჩვენი ყმა სახელმწიფოს – კარნუ-ქალაქის სამთავროს ჯარიც:

„მეორესა წელიწადსა კულა-ცა მომართეს და დადგეს ბარდავის ჭალასა. შეიყარა სამეფო მისი და მოირთნა კარნუ-ქალაქისა ლაშქარნი, დადგა ლომთა-გორსა და აგარათა შუა და ვიდრე ზედა-მისლვადმდე გაექცნეს და გარდაიხუეწნეს, განვლეს დარუბანდისა გზა“.


მაშასადამე, ჯებესა და სუბუდაის მონღოლებმა მეორედ ვერ გაბედეს ლაშას ჯართან შებრძოლება. ჩვენი წინაპრები გაკვირვებული უყურებდნენ მათ წასვლას. შეტევა არ უცდიათ, ეგონათ, კიდევ რაიმე ტაქტიკური ხრიკი ხომ არ აქვთ ჩაფიქრებულიო.
აღნიშნული მეთოდით – ვითომ გაქცევა და მტრის ხაფანგში შეტყუება – მონღოლებმა არაერთ ბრძოლაში გაიმარჯვეს სხვა ხალხებთანაც.
გავიდა დრო. ლაშა-გიორგის სიკვდილის მერე მოიშალა ქართული არმია. უვარგისი მეფისა და უნიჭო და შურიანი ამირსპასალარ-ათაბაგის გამო, ჯერ ჯალალედინთან დავმარცხდით, მერე კი მხარგრძელების „სარდლობით“, ფაქტობრივად, უომრად დანებდა ჩვენი სახელმწიფო მონღოლებს.
1260 წელს ლაშას ძე, დავით მეშვიდე ულუ აუჯანყდა მონღოლებს და არ გაჰყვა მათ ეგვიპტესთან საბრძოლველად. თუმცა, ქართველი დიდებულების ნაწილი გაჰყვა მონღოლებს.
1260 წლის 3 სექტემბერს აინ ჯალუთის ბრძოლაში ეგვიპტელმა მამლუქებმა გამოიყენეს იგივე ტაქტიკა, გაიქცნენ, მონღოლები გამოეკიდნენ, მამლუქებმა ხაფანგში შეიმწყვდიეს მონღოლები და დაამარცხეს.
დავით ულუზე გაბრაზებულმა ჰულაგუ ილხანმა არღუნ ნოინს უბრძანა ჩვენი მეფის წინააღმდეგ გამოლაშქრება და მისი დასჯა. არღუნი ოცი ათასი მეომრით შემოვიდა საქართველოში. მის დასახმარებლად გამოცხადდნენ მონღოლებთან ერთად ეგვიპტის წინააღმდეგ ნაომარი ქართველები.
დავით მეფე სამცხეში იმყოფებოდა. რომ შეიტყო არღუნისა და მისი მომხრე ქართველი დიდებულების მოახლოება, მოუწოდა მესხებს, შავშებს, კლარჯებსა და ყველას, ვინც მისი ერთგული დარჩენილიყო და მხოლოდ რვა ათასი მეომრის შეკრება მოახერხა. მეფის ერთგულთა ჯარს სარდლობდა გამოცდილი და ბრძოლებში სახელგანთქმული, სამცხის სპასალარი – სარგის ჯაყელი.
არღუნი მოვიდა სურამში და ექვსი ათასი ჯარისკაცი გამოგზავნა წინამბრძოლებად, თვითონ კი სოფელ შინდარასთან გაჩერდა. წინამბრძოლები მივიდნენ ტაშისკართან და დაბანაკდნენ პატარა მდინარესთან, რომელსაც ჰქვია შოლა.
სარგისის ბრძანებით, ათას ხუთასი რჩეული მეომარი დაიძრა წინ, არც იცოდნენ არღუნის მოახლოება, გამოემართნენ და გადაიარეს ახალდაბის ხიდი.
ზამთარი იყო, დეკემბერი, ძალიან ციოდა. მეწინავეებმა დაინახეს თათრები. სარგისისა და ძირითადი ძალების ლოდინის დრო აღარ იყო. მესხებმა პირველებმა შეუტიეს და გააქციეს მონღოლები, მრავალი სახელოვანი მეომარი დაუხოცეს და კარგა ხანს დევნეს. გაქცეული თათრები არღუნის ბანაკში, შინდარას გორასთან შეიხვეწნენ.
როცა სარგისს აცნობეს მომხდარი, ძალიან გაუხარდა, თუმცა, ეწყინა ვაჟკაცს, ომში მონაწილეობა რომ ვერ მიიღო.
მეფის ერთგულები არღუნის ბანაკისკენ გაემართნენ. არღუნი გაცლას აპირებდა, მაგრამ, ყაენის მომხრე ქართველი დიდებულები უშლიდნენ. კახა თორელმა განსაკუთრებით გამოიდო თავი მტრისთვის ერთგულების დასამტკიცებლად: ქართველები კარგად ვიცნობთ ქართველების ომის წესს, ჩვენ შევებრძოლებით თქვენს მაგიერო...
ძლივს დაარწმუნეს ქართველმა დიდებულებმა მონღოლთა ნოინი, არ გაჰქცეოდა დავით მეფის სამხედრო შენაერთებს.
ბრძოლა ქვიშხეთთან ახლოს დაიწყო. მეწინავეს წესისამებრ, მესხებმა პირველებებმა შეუტიეს მტრებს. სარგის ჯაყელმა მონღოლთა გამოჩენილი მეომარი ბაადური პირველივე შეტაკებაში განგმირა ჰოროლით. დიდი ზარალი ნახა არღუნის ჯარმა, მაგრამ, ბოლოს გადაწყვიტეს ჩვეული ხერხისთვის მიემართათ. გაიქცნენ სხვადასხვა მხარეს, მერე მოულოდნელად შემობრუნდნენ და რამდენიმე მხრიდან დაუშინეს ისრები დადევნებულ და გაშლილ ქართველ მხედრებს.
კვლავ მოტყუვდნენ ჩვენი წინაპრები, როგორც ლაშა-გიორგის დროს. ბრძოლის ბედი ამ ტაქტიკურმა ნაბიჯმა, მტრის ჯარის სიმრავლემ და ქართველი დიდებულების მტრის მხარეს ყოფნამ განაპირობა. გაშლილ ველზე მონღოლთა მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ ბრძოლა ძნელი იყო.
დიდი ზარალი ნახეს მეფის ერთგულმა ქართველებმა: მრავალი ვაჟკაცი დახოცეს მონღოლებმა და მათ მხარეზე მებრძოლმა ქართველებმა. ბევრი მეომარი დაეცა და ბევრიც ტყვედ ჩაუვარდა მტერს. მხოლოდ მცირე ნაწილიღა გავიდა სამშვიდობოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი