კულტურა

კობა ფარტენაძე: ერთმა მომწერა, შენს გამო ტელევიზორი დავამტვრიეო

№47

ავტორი: ნონა დათეშიძე 17:32 23.11, 2020 წელი

კობა ფერტენაძე
დაკოპირებულია

29 წლის კობა ფარტენაძე ხუთი წელია, აჭარის ტელეევიზიის ეკრანიდან ამინდის პროგნოზს გვამცნობს. როგორც თავად ამბობს, ჰიდრომეტეოროლოგობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და ამ პროფესიაზე უარს არასდროს იტყვის. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც კობა პირდაპირ ეთერში ამინდის პროგნოზის გამოცხადების დროს, ეკრანზე გამოტანილი საქართველოს რუკის დამახინჯებისთვის, გამოთქვამს პრეტენზიას, რაც განხილვის საგნად იქცა. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ, დადგმული იყო და ამის გამო კობას სამსახურიდან გაშვებითაც დაემუქრნენ. თუმცა, რა მოხდა რეალურად, ამას თავად კობასგან შეიტყობთ.
კობა ფარტენაძე: ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, ეს ქალაქი ჩემთვის ყველაფერია. აქ გაღვიძებულს ყოველი დილა მიხარია და სხვაგან ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია. აქ ისეთი კლიმატია, როგორი პიროვნებაც ვარ მე – თბილი და მზიანი. ასე რომ, ეს ქალაქი ჩემთვის მზესთან, ბედნიერებასთან და სიცოცხლესთან ასოცირდება. ბავშვობაში სულ ცაში ვიყურებოდი, ვაკვირდებოდი ამინდის ცვალებადობას და მინდოდა, მეტეოროლოგი გამოვსულიყავი. რაშიც ჩემს მომავალს ვხედავდი, ეს იყო ამინდი. ხშირად მეჩხუბებოდნენ: რად გინდა მეტეოროლოგობა, დაბალი ხელფასი გექნება, განვითარებას ვერ მოახერხებო. მაგრამ, ბოლომდე მივაწექი ჩემს ოცნებას, ბოლომდე დავიხარჯე და დღესაც ვიხარჯები. არ ვაპირებ სფეროს შეცვლას. ვისწავლე უნივერსიტეტში, დავამთავრე მაგისტრატურა და დღეს აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობ. სადაც ვცხოვრობ, იმ ქუჩაზე იყო აჭარის ტელევიზია და რადიო. ახლობლის წყალობით, თავიდან რადიოში მოვხვდი და მასთან ურთიერთობა ჩემი პროგნოზებით დაიწყო. შემდეგ, ხელმძღვანელობის თხოვნით, ტელეეკრანზე გამოვჩნდი. ხუთი წელია, ყოველ დილით ამინდის პროგნოზს ვაცხადებ, რასაც ბევრი ადამიანი ელოდება, რომელიც 95 პროცენტით გამართლებადია. სტრეოტიპია: როდის იყო ქართველი მეტეოროლოგების პროგნოზი მართლდებოდა. ამას ჩემს თავზე ვერ მივიღებ.
– ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, მთელმა საქართველომ გაგიცნო. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და სადაც, შენ პირდაპირ ეთერში გამოთქვამ პრეტენზიას, საქართველოს დამახინჯებული რუკის გამო. ბევრმა თქვა, ეს დადგმული იყოო. რეალურად რა მოხდა? 
– დიახ, საქართველოს რუკა ეკრანზე დამახინჯებულად გავიდა და ეს გახდა პირდაპირ ეთერში ჩემი გაპროტესტების მიზეზი. შეიძლება, პირადპირ ეთერში ცდომილება მოხდეს და გამოსახულება ტელეეკრანზე ტექნიკური ხარვეზით გავიდეს, მაგრამ მე ძალიან სენსიტიურად ვუდგები ჩემს პროფესიას. როცა ამინდზე პროფესიულ დონზე ვსაუბრობ და ამ დროს ეკრანზე მოჭრილია კახეთის რეგიონი, ცოტა უხერხულია. მოკლედ, რუკა იმდენად დააახლოეს, რომ კახეთის რეგიონი და სამხრეთ საქართველო ამოვარდნილი, მოჭრილი და არახილვადი იყო. შევატყობინე ყველა იმ ადამიანს, ვის პასუხისმგებლობაშიც შედიოდა. მეორე დღეს, იგივე განმეორდა და ნამდვილად არ იყო ის დადგმული და გათამაშებული სცენა, რაც პირდაპირ ეთერში იხილეთ. მაყურებლის წინაშე ვალდებულებას ვერ მოვიხსნი, ვერც უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ავიტან იმ საქმეში, რასაც ვემსახურები და ვერც მოვითმენ. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და უამრავი ადამიანი მწერდა. მე ჩემს თავთან მინდა, ვიყო მართლი და ჩემს მაყურებელთან თუ მსმენელთან – გულწრფელი.
– მართალია, რომ ამ ინციდენტის გამო სამსახურიდან გაშვებით დაგემუქრნენ?
– არა, მსგავსი რამ არ ყოფილა და არც ახსნა-განმარტების დაწერა მომიწია. უბრალოდ, ჩავაყენე საეთეროზე პასუხისმგებელი პირები საქმის კურსში, პრობლემა მოგვარდა და იმედია, მსგავსი რამ აღარ მოხდება. 
– ალბათ, ქუჩაში ყველა გცნობს. ხშირად გაჩერებენ და გეკითხებიან მოსალოდნელ პროგნოზებს?
– დიახ, ზუსტად ასეა და ამის გამო მიწევს სახლიდან ნახევარი საათით ადრე გასვლა. მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ და სამეზობლო სულ ჩემს აივანს უყურებს და აკვირდება – თუ სარეცხია გაფენილი, ესე იგი, კარგი ამინდია მოსალოდენლი. (იცინის). მარტო მეზობლები კი არა, უბნელებიც კი. 
– ახლა, ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკურად საკმაოდ დაძაბული ვითარებაა და იმას თუ გეკითხებიან, როგორი პოლიტიკური ამინდი გველისო?
– საკმაოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ და რომ მეკითხებიან, როგორი პოლიტიკური ამინდიაო, მეცინება. ზოგადად, თუ თბილისში პოლიტიკურად წვიმიანი ამინდია, ბათუმში მზიანი ამინდია (იცინის). წვიმიანი ამინდი იმიტომ უხარიათ თბილისში, აქციები არ გაიმართებაო, ბათუმში კი მზე გვიხარია, რადგან ისე ვართ მიჩვეული უამინდობას, მზე რომ ანათებს, გვიხარია. თუმცა, პოლიტიკური ამინდი, რასაკვირველია, ჩემზეც მოქმედებს და ვფიქრობ, თუ ჩვენ ჩვენს საქმეს პროფესიონალურად გავაკეთებთ, აუცილებლად გვეშველება. სხვათა შორის, ხშირად ეშლებათ ჰიდრომეტეოროლოგია სეისმოლოგიასთან. თუმცა, ამ კუთხითაც მიბმული ვარ მოვლენების განვითარებას. სხვათა შორის, მე ფსიქოლოგიის კურსიც გავიარე. აუცილებელია, ისე მიაწოდო, თუნდაც, ამინდისგან მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფების საფრთხე, რომ არ დაზაფრო და შეაშინო. ასე რომ, ჩემს სფეროში, ფსიქოლოგიური ჩართულობაც აუცილებელია.
– სოციალურ ქსელში დაწერე: „ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც ადამიანს ჩალის ფასი არ აქვს, ისეთ საზოგადოებაში, სადაც კულტურულობა ნორმაა და არა უკულტურობაო“.
– დიახ, მინდა, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც სოციალური ცნობიერება არ იქნება დაბალი, არც სიცოცხლეს ექნება ჩალის ფასი და უკულტურობაც არ იქნება ნორმა. დაკვირვებული ვარ, ზუსტად ისინი მიჰქრიან მანქანით სწრაფად და არ უთმობენ სასწრაფოს მანქანას გზას, ვისაც არსად ეჩქარება. დიდი ხმაურის ატეხვაა საჭირო, რომ გაგატარონ და ეს მაღიზიანებს. 
– კობა, პირად ცხოვრებაში რა ამინდია?
– შეყვარებული მყოლია. ახლა პირად ცხოვრებაში სტაბილურად პოზიტიური ამინდია, თუმცა, არ ვარ შეყვარებული და ამ მხრივ, მთავარ გამოდარებას მომავალში ველი (იცინის). საყვარელი ადამიანები მოდიან და მიდიან, ჯერ ოჯახის შესაქმნელად არ ვარ მზად. ჩემი მაყურებელი გოგონები ხშირად მწერენ. ზოგში სიყვარულს ვიწვევ და ზოგში – აგრესიას. ერთმა მომწერა: შენ გამო ტელევიზორი დავამტვრიეო (იცინის). ადრე ვინტერესდებოდი, რას წერდნენ ჩემზე, თუმცა ახლა – ნაკლებად. გამოთქმას, რომ მახინჯ სხეულში, მახინჯი სულია, არ ვეთანხმები. გააჩნია ადამიანს, ხშირად შევხვედრივარ ლამაზ ადამიანს, რომელიც გაუნათლებელი და სულელია, თუმცა, ეს ყველა ლამაზს არ ეხება. 

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა