კულტურა

როგორ გადაატანინეს რთული პერიოდი თედო რეხვიაშვილს ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ლექტორებმა

№47

ავტორი: ეთო ხურციძე 17:26 23.11, 2020 წელი

მხატვარი თედო
რეხვიაშვილი
დაკოპირებულია

ქართველი მხატვარი თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის (New York Art Academy) მაგისტრი გახდა. თედომ გრაფიკის ფაკულტეტზე 2018 წელს ჩააბარა და ნიჭიერ სტუდენტთა ათეულში მოხვდა, მიიღო უმაღლესი გრანტი 15 000 დოლარის ოდენობით, თუმცა ეს თანხა არ იყო საკმარისი, ფერმწერს სწავლის გაგრძელება რომ შესძლებოდა. საჭირო იყო კიდევ 25 000 დოლარი. როგორც თავად გვიყვება, მას თანხის შეგროვებაში მხოლოდ მეგობრები, ნათესავები და ახლობლები კი არ დაეხმარნენ, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობა დაუდგა გვერდით და ქვეყნის მასშტაბით ეს იყო პირველი სოციალური კამპანია, რომლის მეშვეობით შეკრებილი თანხა განათლებას მოხმარდა. თედო საქართველოში ამერიკული გამოცდილებით, გაღრმავებული ცოდნითა და ქართველი ხალხის მიმართ გაორმაგებული პასუხისმგებლობის გრძნობით დაბრუნდა.
თედო რეხვიაშვილი: ძალიან პატარა ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე. ჩემთვის დღესასწაული იყო ხოლმე, როცა საჩუქრად ფანქრებსა და სახატავ ნივთებს მომიტანდნენ. ოჯახში გადაწყვიტეს, სამხატვრო სკოლაში შევეყვანე და 2008 წელს, საჯარო სკოლის პარალელურად, სამხატვრო სკოლის ათწლედი დავამთავრე გრაფიკის მიმართულებით. შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და 2012 წელს დავასრულე ბაკალავრი, ისევ გრაფიკის განხრით. მაშინვე ჩავირიცხე მაგისტრატურაზე. მიუხედავად ამისა, ხატვას, როგორც პროფესიას, არ ვუყურებ, უბრალოდ, ყველაზე მეტად რაც მიყვარს და მომწონს, იმ საქმეს ვაკეთებ. სამომავლოდ შეიძლება, სულ სხვა რაიმე მოვსინჯო.
– ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელება რატომ გადაწყვიტეთ?
– საქართველოში მაგისტრატურა რომ დავასრულე, იმ პერიოდისთვის უკვე ათ არტპროექტში მქონდა მონაწილეობა მიღებული და ხუთი საავტორო პროექტი – გაკეთებული. მივიღე სხვადასხვა სახის გამოცდილება. თუმცა, შევამჩნიე, რომ შემოქმედებითად ერთ ადგილზე ვიყინებოდი და გადავწყვიტე, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა. იქ მოვხვდი ათეულში, მოვიპოვე მაქსიმალური გრანტი და ჩავირიცხე.
– ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ათეულში მოხვედრა მარტივი არაა. რა ეტაპების გავლა დაგჭირდა?
– ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი და ვმეცადინეობდი. ინგლისური მანამდეც კარგად ვიცოდი, მაგრამ ლექციებს რომ მოუსმინო და ისწავლო, ასე – არა და ჩემთვის დავჯექი, გამოვყავი ყოველდღე ერთი საათი და დავიწყე მეცადინეობა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავიდან მოვამზადე პორტფოლიო, რომელიც დაახლოებით, ოცი ნახატით შედგებოდა. შემდეგ გადავგზავნე ჩემი ისტორია, სამოტივაციო წერილი, პორტფოლიო, კონკურსში ჩავები და ჩავირიცხე. ეს სასწავლებელი ძალიან ძვირია – წელიწადში 40 000 დოლარია გადასახდელი. მოვიპოვე უმაღლესი გრანტი, მაგრამ ეს არ იყო სრული თანხა – 15 000 დოლარს შეადგენდა. დარჩენილი თანხის მოძიებაში უამრავი ადამიანი დამეხმარა: კოლეგები, მხატვრები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, ნათესავები, ემიგრანტები... ამ ადამიანების თანადგომით, დახმარებით, გამხნევებით შევძელი სწავლის გაგრძელება. გაიყიდა ჩემი ნახატებიც და 48 000 ლარი შეგროვდა. მერე საზოგადოება დამიდგა გევრდში, დაიწყეს თანხების ჩარიცხვა, ზოგი მწერდა თანხით ვერ გემხარები, მაგრამ ნიუ-იორკში რომ ჩამოხვალ, ჩვენთან გაჩერდი, აქ დაგეხმარებითო. ეს დიდი იმედი იყო ჩემთვის. შეიძლება, ითქვას, რომ ეს ამბავი ყველას ერთად გამოგვივიდა. ჩვენს უახლეს ისტორიაში ეს იყო პირველი ფაქტი, როდესაც საზოგადოებამ ადამიანის განათლების მიღების მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ამ ყველაფრის მერე მადლიერებისა და პასუხისმგებლობის დიდი განცდა მაქვს. 
– როგორია თქვენი ამერიკული გამოცდილება?
– სულ პირველად რომ ჩავედი, განულება დამემართა, ეს საინტერესო მომენტი იყო – არანაირი განცდა არ მქონდა, თითქოს არაფერში ვიყავი დაკარგული. ამის მერე დავიწყე საკუთარი თავის მოკრება და დაიწყო უამრავი ინფორმაციის შემოდინება. იქ ისეთი შედევრების წინ აღმოჩნდები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტის ან ფილმების მეშვეობით გაქვს ნანახი. ამ დროს ხვდები, რომ ყველაფერი ადამიანის ხელითაა შექმნილი და ნებისმიერი რამე მიღწევადია. ეს მომენტი დავიჭირე და უფრო გამაძლიერა. ამერიკა ჩემთვის მასშტაბებისა და რეალიზაციის სივრცეა. 
– ამერიკული ცხოვრებიდან არაერთი ისტორია გექნებათ გასახსენებელი...
– გავიხსენებ, რომ ერთხელ მეტროში დავიკარგე და სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მივედი. ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობები დამამახსოვრდა შავკანიანებთან და მექსიკელებთან. ზოგადად, იმ სივრცეში რთულია, ახლო ურთიერთობა დაამყარო ვინმესთან. ლექტორები თუ გრძნობენ, რომ ისინი შენთვის არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ მეგობრები არიან, მერე მოდიან და იხსნებიან, მაგრამ იმ უზარმაზარ სივრცეში, სადაც მილიონი ადამიანი სწავლობს, ახლო ურთიერთობებს ყველა გაურბის. თავიდან გამიჭირდა ამხელა, უცხო სივრცეში შესვლა, ნოსტალგიებიც მქონდა და ეს თავისებურად მიიტანეს გულთან და გადამალახვინეს მძიმე პერიოდი. ერთხელ ჩემმა ლექტრორმა სტუდენტებს უთხრა: თედოს ახლა უჭირს, ის პირველად მოხვდა ამერიკაში და მოუფრთხილდით და მორალურად დაეხმარეთო. 
– გამოფენებში იღებდით მონაწილეობას?
– ვიდრე სტუდენტი ხარ, რთულია ცენტრალურ შემოქმედებით სივრცეებში მოხვედრა, რადგან გიფიქსირდება, რომ ჯერ კიდევ აგროვებ გამოცდილებას. მიუხედავად ამ ტენდენციებისა, სასწავლებელს აქვს ახლო კონტაქტები სხვადასხვა გალერეებთან, კერძო კოლექციონერებთან და რამდენიმე საინტერესო პროექტში მივიღე მონაწილეობა. ერთს ერქვა „თვალი თვალში“, სადაც 12 სტუდენტი შეგვარჩიეს. ამერიკელმა კერძო კოლექციონერმა თავის სახლში შერკებილი ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში გამოიტანა და თითოეულს ჩვენი სურვილისამებრ მივუსადაგეთ ჩვენი ერთი ნაშრომი. გამოფენები, ძირითადად, ჯგუფური იყო, მაგრამ ისეთი, სანაცნობოს რომ ხსნის და ურთიერთობებს ამყარებს. დავამთავრე მაგისტრატურა, შემოთავაზებებიც მაქვს და მოლოდინიც, უბრალოდ, ველოდები პანდემიის პერიოდის გავლას. ვაგრძელებ მოძრაობას. ისე, რომ მხოლოდ ამერიკაში ვიყო, არ შედის ჩემს გეგმებში. ლონდონში, მილანში, ბერლინში დავდე გალერეებთან კონტრაქტები და არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც პერიოდი ამ ქალაქებში დავყო. ჩემს გეგმებში, მხოლოდ უცხოეთი კი არა, საქართველოც მოიაზრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი