კულტურა

ქეთი ჩხეიძე: ახლა ის დროა, ბარგი ჩაალაგო და საქართველოდან წახვიდე, გიორგი მარგველაშვილი ამას არ გაპატიებსო

№49

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:38 07.12, 2020 წელი

მსახიობი ქეთი ჩხეიძე
დაკოპირებულია

ქეთი ჩხეიძე, ისევე როგორც მსახიობების უმეტესობა, პანდემიის პირობებში სამსახურის გარეშე დარჩა. მაგრამ ცდილობს, მდგომარეობას პესიმისტურად არ შეხედოს, კარგის მოლოდინით საკუთარი თავიც გაამხნევოს და გარშემო მყოფებიც. 

ქეთი ჩხეიძე: ვერ ვიტყვი, რომ პანდემიის გამო ჩემში დიდი ცვლილებები მოხდა. თუმცა ვხვდები, რომ თანაგრძნობის უნარი გამეზარდა და უფრო მეტად დაფიქრებული გავხდი. ჩემ გარშემო ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ვირუსი, ბევრმა ოჯახის წევრი დაკარგა და მათი განცდების თანაზიარი გავხდი. ეს ომია – ცივი ომი. თუმცა, აქამდეც ომში ვცხოვრობდით. ჩვენმა წინაპრებმა უფრო ბევრ გასაჭირს გაუძლეს და ჩვენც უნდა გავუძლოთ. მგონი, არ არის საჭირო ამაზე ბევრი ლაპარაკი, მუდმივი ვაივიში და რა გვეშველებას ძახილი. აჯობებს, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ამ რეალობასთან ერთად ვიცხოვროთ.

სამწუხაროდ, მსახიობები პანდემიის გამო უმოქმედოდ დარჩით. არ გიჭირთ ამასთან შეგუება?

– კი, ნამდვილად არ არის მარტივად გადასატანი, ძალიან რთულია. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, მოლოდინია. ახლა დიდი და მძიმე პაუზაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად გადაივლის. ვიცი, რომ ძალიან სერიოზულ კვალს დატოვებს, მაგრამ იმედი უკვე გაჩნდა ვაქცინის სახით, ამას, ალბათ, წამალიც მოჰყვება და ნელ-ნელა ყველაფერი აღდგება.
ზოგი ამბობს, ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო, თეატრის დრო დამთავრდაო და ასე შემდეგ. არა მგონია, ასე იყოს. მართალია, ვაცნობიერებ, რომ ძველებურად – აღარ, მაგრამ შეიძლება სხვაგვარად იყოს.

– იმ მსახიობებს მიეკუთვნებით, ვისაც ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ეს იყო მათი გზა?

– ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც თეატრს ვეზიარე. ჩემი ოჯახი მჭიდრო კავშირში იყო ხელოვნებასთან. პატარა ასაკიდან დავდიოდი თეატრსა და ოპერაში. მაშინ ბიძაჩემი – გიზო ჟორდანია ოპერის მთავარი რეჟისორი იყო და ეს ფუფუნება მქონდა. მეორე ბიძა – გოგი გელოვანი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. ლეგენდარული სპექტაკლის „ძველი ვოდევილების“ ერთ-ერთი მონაწილე იყო, რამაც ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. სკოლამდელ ასაკში თეატრის მიმართ უკვე განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. ალბათ, ამ მხრივ გამორჩეული არ ვარ. ბავშვი რა გარემოშიც იზრდება, სწორედ, მისდამი უჩნდება ინტერესი. თეატრი კიდევ ისეთი რამაა, იშვიათია, მას ეზიარო და არ გაგაოცოს. სცენის მიღმა დიდი საიდუმლოებაა, რომელიც ყველასთვის მიმზიდველია და მით უმეტეს – ბავშვისათვის.

– სკოლაში გიორგი მარგველაშვილი დაგიწუნებიათ.

– სიმართლე გითხრათ, ეს ისტორია მე კარგად არ მახსოვდა და როცა გიორგი პრეზიდენტი გახდა, მაშინ გამახსენა რეჟისორმა გოგა თავაძემ. გამეხუმრა, ახლა ის დროა, ბარგი ჩაალაგო და საქართველოდან წახვიდე, გიორგი შენ ამას არ გაპატიებსო (იცინის). რატომ-მეთქი, ვკითხე და მაშინ გამახსენა ამ ისტორიის დეტალები.
საქმე ისაა, რომ მე, გოგა და გიორგი ერთ სკოლაში ვსწავლობდით. გიორგი და გოგა კლასელები იყვნენ. მე, როგორც უფროსკლასელი, სპექტაკლში სათამაშოდ ბავშვებს ვარჩევდი მათი კლასიდან და გიორგი „დავიწუნე“ (იცინის).

– მერე გახდით მსახიობი და რუსთაველის თეატრში დაიწყეთ მოღვაწეობა. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, თქვენი გზები გაიყო. როგორ გახსენდებათ ის დრო?

– ძალიან საინტერესო და ბედნიერი დღეები გავატარე რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. გამორჩეული ურთიერთობები გვქონდა, საუკეთესო წლები იყო, მაგრამ შემდეგ კლასიკური სიუჟეტი განვითარდა – ახალგაზრდულმა წარმატებამ თეატრში უფროსი თაობის გაღიზიანება გამოიწვია. რაც საბოლოოდ გიზო ჟორდანიას წასვლით დაგვირგვინდა. შესაბამისად, ჩვენც დავიშალეთ. მცირე სცენის დაშლის გეგმა წარმატებით განხორციელდა. მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ და ცხოვრების ერთი ეტაპი მთავრდება, ფიქრობ, რომ წინ უნდა წახვიდე, უფრო საინტერესო გამოცდილება მიიღო. მერაბ ნინიძე ევროპაში წავიდა, დათო ბახტაძე – ამერიკაში, მე – მოსკოვში. მართალი გითხრათ, აღარ მინდოდა რუსთაველის თეატრში დარჩენა და არც ის მინდოდა, რომ ჩემი ღირსება და მომავალი სასწორზე დამედო. ამიტომაც ვარჩიე წამოსვლა.

– მერე რატომ გადაწყვიტეთ რუსეთიდან დაბრუნება?

– მართალი გითხრათ, ეს ჩემი არჩევანი არ იყო. მნიშვნელოვანი შემოთავაზება მივიღე ლევან წულაძისგან. შემდეგ კი ოთარ მეღვინეთუხუცესის ხელდასხმით გავხდი მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი. გულთამზეს როლის შემდეგ ბატონმა ოთარმა თეატრში დამტოვა და დიდი მეგობრობა გამიწია. ეს ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გამოგიწვდის ხელს. შემდეგ ამან სხვა როლები მოიტანა და მე მარჯანიშვილის თეატრში დავფუძნდი.

– რაც შეეხება ნუნუკას, ძალიან მკაცრი ქალბატონია. თქვენი შვილების პოტენციურ მეორე ნახევრებს როგორი განწყობები აქვთ თქვენ მიმართ, ცოტა ხომ არ აშინებთ ეს პერსონაჟი?

– უცხო ხალხს ისეთი ვგონივარ, როგორსაც ეკრანზე მხედავენ. ცხოვრებაში ქეთი ვარ და არა ნუნუკა (იცინის). ხანდახან ვგრძნობ ხოლმე, რომ ჩემი შვილების თაყვანისმცემლებსაც ცოტა ეშინიათ ჩემი (იცინის).

– რეალურად რამდენად ძლიერი ქალი აღმოჩნდით, განქორწინების შემდეგ როგორ ართმევთ თავს ყველაფერს?

– ჯერჯერობით ფეხზე ვდგავარ და ვნახოთ, როდის დავვარდები (იცინის). ხუმრობის გარეშე – უამრავი ქალია განქორწინებული. ამაში განსაკუთრებული არაფერია და მეც ჩვეულებრივად ვუმკლავდები. ნუნუკასნაირი ძლიერი, ალბათ, ვერ ვარ, მაგრამ რაღაცას მეც ვცდილობ (იცინის).

– დედების უმეტესობის მსგავსად, შვილებს არ აჩქარებთ ქორწინებას ბებიობის სურვილით?

– შვილიშვილების მოლოდინში ვარ და ვგრძნობ, ბევრი სიხარული მელის, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. მე მხოლოდ შემიძლია, ჩემებური რჩევა მივცე. ისინი უკვე დიდები არიან და, იმედია, კეთილგონიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა