გელა პატიაშვილი: ქართველი ბავშვები ქართულ მულტფილმებზე უნდა იზრდებოდნენ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 12:45 17.11, 2020 წელი
ხელოვანმა გელა პატიაშვილმა პანდემიის პირობებშიც კი შეძლო, საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომლის დიდი ნაწილიც პანდემიითვე გამოწვეულ იზოლაციის პირობებში შეიქმნა.
გელა პატიაშვილი: გამოფენის დასახელებაა „სადაა ჩვენი ადგილი“, ძირითადი თემა კი ძაღლებია – ძაღლები, როგორც ჩვენი საზოგადოების ალეგორია. სიუჟეტი სხვადასხვანაირია: სოციალური, ფსიქოლოგიური, დრამატული, სულიერი. ძაღლებს ძალიან ხშირად ვხატავდი, ერთი წლის წინ კი, თბილისში ზედიზედ რამდენიმე ნამუშევარი შევქმენი და მივხვდი, რომ შეიძლებოდა, ამ თემას საინტერესო გაგრძელება ჰქონოდა. შემდეგ საფრანგეთში წავედი და იქ შევრჩი პანდემიის გამო. ექვსთვიანი მუშაობის შედეგად ამ გამოფენის უმეტესი ნაწილი, სწორედ, იქ შეიქმნა.
– პანდემიის პირობებში როგორ შეძელით გამოფენის ორგანიზება?
– ხელოვანისთვის უცხო არაა თვითიზოლაციის ფსიქოლოგიური მხარე, თითქმის ყოველთვის ამ მდგომარეობაში ვართ. ჩვენთვის დამახასიათებელია საკუთარ თავთან საუბარი და მარტოობა, მაგრამ ეს იზოლაცია, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, იძულებითი იყო. საფრანგეთში – მით უმეტეს, შეზღუდვებმა უკიდურესი ფორმა მიიღო, რამაც ნამუშევრებს ფსიქოლოგიური ფაქტორი შესძინა და ძალიან დრამატული გახადა. პანდემიის პირობებში, რა თქმა უნდა, რთული იყო გამოფენის ჩატარება. კომუნიკაციები შეზღუდულია, ნიღბებით მუშაობაც ართულებს საქმეს. ხალხი მოდის გამოფენაზე და მათ სახეებს ვერ ხედავ, თვალებზე აკვირდები, რომ იცნო, მათი ემოცია დაინახო და ეს ყველაფერი უხერხულობას იწვევს. მეორე მხრივ, ძალიან დასაფასებელია ამ ადამიანების გადაწყვეტილება, რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოსულიყვნენ გამოფენაზე. ყოველი გარეთ გასვლა ხომ დამატებითი რისკია? აღმოჩნდა, რომ ადამიანებს მართლა სურთ, საკუთარი აზროვნება მოსწყვიტონ პანდემიას. ჩვეულებრივ მდგომარეობაში კი, ალბათ, სამჯერ მეტი დამთვალიერებელი გვეყოლებოდა. სწორედ, ამიტომაა უფრო მეტად დასაფასებელი მათი ინტერესი გამოფენის მიმართ. გამოფენა ქალაქის ცენტრში, სიონის ქუჩაზე, „ქარვასლის“ თანამედროვე ხელოვნების გალერეაში სამ ნოემბერს გაიხსნა და ოც ნოემბრამდე გაგრძელდება.
– არ გიფიქრიათ გადადებაზე, რატომ მიიჩნიეთ საჭიროდ, რომ გამოფენა პანდემიის პირობებში უნდა გაგეკეთებინათ?
– ყველა გამოფენას აქვს დასაწყისი, მოსამზადებელი პერიოდი და ჩატარების დრო. ნამუშევრების გარეთ გამოტანა მნიშვნელოვანი მომენტია ხელოვანისთვის, სანამ ეს არ მოხდება, პროცესი დაუსრულებელია და სხვა რამეზე ვეღარ ვფიქრობთ. ახლა შემიძლია, სხვა თემაზე დავიწყო მუშაობა. უკვე ვიცი, რომ გამოფენა საფრანგეთსა და საქართველოში მექნება 2021 წლის შემოდგომაზე. მომდევნო გამოფენის თემა არის „ნოეს კიდობანი“. ეს იქნება ამ თემის სულ სხვანაირი ხედვა, უფრო მეტად სიმბოლური, ვიდრე ლეგენდური.
– ეს გამოფენა როგორ მიიღო დამთვალიერებელმა?
– დღეს იყო ერთი ახალგაზრდა ილუსტრატორი, რომელმაც ძალიან სასიამოვნო კომპლიმენტები მითხრა. ახალგაზრდების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, ალბათ, ჩვენ შორის, ასაკობრივი სხვაობის გამოც და გამიხარდა, რომ ძალიან სწორად დაინახა ჩემი ხედვა. არ მინდა, ჩემი სიუჟეტები მხოლოდ ამბავს ყვებოდნენ, მინდა, მათში უპირველესად ემოცია იკითხებოდეს: შიშის, თვითტკბობის, მორჩილების და ასე შემდეგ.
– პარიზის წარმატებულ სტუდიებში საუკეთესო რეჟისორებთან, საუკეთესო ავტორებთან მუშაობდით და ანიმაციის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეთ. როგორც ვიცი, საქართველოში ანიმაციური სტუდიის შექმნას და საკუთარი გამოცდილების ახალგაზრდებისთვის გაზიარებას აპირებთ.
– დიდხანს ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მაგრამ ჯერ ბიუროკრატიულმა აპარატმა შეგვიშალა ხელი, შემდეგ პანდემიამ. ახლაც არის ამაზე საუბარი. მსოფლიოში ანიმაციისადმი ინტერესი იზრდება – ადრე თუ მხოლოდ პატარები უყურებდნენ, დღეს უფრო მეტად დიდები არიან დაინტერესებულები. წაიშალა საზღვრები და არ აქვს მნიშვნელობა, ფინეთში კეთდება ანიმაციური ფილმი, საქართველოში თუ კანადაში. მთავარი გაყიდვადი და უნივერსალური თემებია და არა ეთნიკური წარმომავლობა. მინდა, ჩემი გამოცდილება, რომელიც საფრანგეთში მივიღე, სხვებსაც გავუზიარო. იქ მე 30 წელი ვცხოვრობდი და ბევრი რამ ვისწავლე. მათი ცოდნა დასაფასებელია და თუ მათგან არ ვისწავლით, სხვანაირად ამ გამოცდილებას ისე სწრაფად ვერ შევიძენთ, რომ თანამედროვეობას დავეწიოთ.
– ჩვენს პერსპექტივაზე რას ფიქრობთ?
– პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის უნდა შევქმნათ რაღაც და შემდეგ სხვებისთვის. მე როგორც ვაკვირდები, ჩვენი ერთადერთი სავიზიტო ბარათი შემოქმედებაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში ანიმაციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ამ სფეროს განვითარებით უნდა დავინტერესდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ჩინოვნიკები, ანიმაციის როლს საერთოდ ვერ ხედავენ. თუმცა, იმას ვერ იტყვიან, რომ ეს ჩვენს კულტურაში არაა. კეთდება მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მივდივართ საზღვარგარეთ ფესტივალებზე და ვაჩვენებთ, რომ თურმე, ჩვენც ვიცით ანიმაციის კეთება, ეს ჩემთვის ძალიან დამამცირებელია. ეს ნიშნავს იმის თქმას, რომ „ჩვენ ველურები არ ვართ და ანიმაციური ფილმების კეთებაც ვიცით“. მე ვიცი, როგორ შეიძლება ანიმაციური ინდუსტრიის აწყობა, ჯგუფური მუშაობის კულტურაზე მაქვს საუბარი. საავტორო ფილმი ძალიან მომხიბვლელია და მასზე შეიძლება, სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობდეს, მაგრამ მას ნაკლები პერსპექტივა აქვს. ძირითად შემთხვევებში, მხოლოდ საფესტივალო ფილმად რჩება. სამწუხაროა, რომ ბიზნესმენები აშენებენ ასმილიონიან სასტუმროებს, მაგრამ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამ საქმისთვის სამასიათას ლარს გამოყოფს.
– თქვენ როგორ მოხვედით დღევანდელობამდე, როგორი იყო თქვენი გზა წარმატებამდე?
– ანიმაციური ფილმები ყოველთვის მაინტერესებდა. ეს ის სფეროა, რომელშიც საკუთარი ადგილის პოვნა ჩემი ხატვისუნარიანობით შევძელი. ამას დაემატა ისიც, რომ კინო მაინტერესებს და თავად ვწერ. ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია მხატვრული დირექტორის პოზიცია. შესაბამისი ადამიანის პოვნა კი საკმაოდ რთულია, რადგან ამ შემთხვევაში არ კმარა მხოლოდ განათლება, საჭიროა შესაბამისი გემოვნება, კულტურული მემკვიდრეობა და კიდევ ბევრი კომპონენტი. მე გამიმართლა იმაში, რომ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყველა საჭირო გამოცდილება მივიღე და ამ პოზიციაზე გავაერთიანე. ამიტომ მინდა, რომ ჩემი ცოდნა ახლა ქართველ ახალგაზრდებს გავუზიარო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ჩვენ კულტურული იდენტიფიკაცია გვჭირდება, ქართველი ბავშვები ქართულ მულტფილმებზე უნდა იზრდებოდნენ.
P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის ანდრე მარუდენკოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
12:40 14.03, 2023 წელი
17:26 23.11, 2020 წელი