როგორ შეიძლება, დაკარგოს კაცმა სიყვარული და რას სწავლობს ის ძალიან გვიან
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 13.02
სიყვარული, დანაკარგი და ამ ყველაფრის დაგვიანებით გაცნობიერება – ეს ის სამკუთხედია, სადაც ბევრი მამაკაცი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხვდება. რატომ ხდება ასე? რატომ სწავლობენ კაცები სიყვარულს მაშინ, როცა უკვე გვიანია? იმიტომ ხომ არა, რომ მამაკაცებს ყველაზე ცუდად საკუთარი პარტნიორების ენა ესმით? ზოგადად, ადამიანები ჯერ კარგავენ და მხოლოდ ამის მერე ხვდებიან დანაკარგის ფასს. ზოგი მამაკაცი აღიარებს ამას, ზოგი – საერთოდ არა, იმიტომ რომ ამის გაცნობიერება არ სურთ. შეიძლება, ეს მათი კომპლექსია ან არასწორი აღზრდის შედეგი.
ემოციური კომუნიკაცია, პატივისცემა და პასუხისმგებლობა – ეს არის საკვანძო კომპონენტები, რომლებიც გვასწავლიან სიყვარულს. მხოლოდ ასე შეიძლება კაცმა სრულად განიცადოს სიყვარული, რომელიც ნამდვილია, ღრმა და მდგრადი.
დავითი (44 წლის): ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა – კაცები სიყვარულს გვიან სწავლობენო. სხვათა შორის, ეს ნამდვილად ასეა. ჩემ შემთხვევაში ნამდვილად ასეა.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რატომ ხდება?
– ალბათ, იმიტომ, რომ კაცებს გვგონია, სიყვარული მუდმივია და არ საჭიროებს ზრუნვას. როცა ქალი გვერდით გვყავს, მისი არსებობა ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია, თან იმდენად ბუნებრივად, რომ ბოლოს მისთვის ერთი თბილი სიტყვის თქმაც კი გვავიწყდება.
– თქვენი აზრით, დაფასება გვიან მოდის?
– ამაზე ადრე არ მიფიქრია. უბრალოდ, როცა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, მერე გავაცნობიერე ყველაფერი. სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი სწორედ საყვარელი ქალის წასვლამ ჩამიტანა. პირველად მივხვდი, რომ სიყვარული მხოლოდ სიტყვები არ არის, მთავარია ქმედება. ეს კი ყოველდღიური ნდობის, პატივისცემისა და ერთმანეთის ცხოვრებაში ჩართულობის პროცესია. დიახ. როცა ქალი მიდის და მის ნაცვლად სიცარიელე იწყებს „საუბარს“, სწორედ მაშინ ვხვდებით, რა დავკარგეთ.
– როგორ იცვლება ადამიანი, როცა ამას გააცნობიერებს?
– ცვლილება ნელ-ნელა მოდის. თავიდან გიჭირს საკუთარი შეცდომების შემჩნევა, შემდეგ სირცხვილის განცდა რჩება, მაგრამ ამის აღიარება საკუთარ თავთანაც კი გიჭირს. მხოლოდ შემდეგ იწყებ ჭეშმარიტად სიყვარულის სწავლას.
– რას ეტყოდით მამაკაცებს, რომლებიც ახლა ურთიერთობაში არიან?
– ისწავლონ მოსმენა, ემოციის გამოხატვა და არ გადადონ სიყვარული ხვალისთვის. არ არის ეს რთული. უბრალოდ, ეგოისტი არ უნდა იყო და არ უნდა იფიქრო ის, რომ ამ ყველაფერს ხვალაც მოასწრებ. ნუ დაავიწყდებათ, რომ ყოველი წამი მნიშვნელოვანია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




