მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რაში არ ეთანხმება ვანო ჯავახიშვილი ხელმძღვანელობას „რუსთავი 2-ის” წილებთან დაკავშირებით და რის გამო უწევდა მას უფანჯრო, ცივ და ბნელ ოთახებში ღამეების თენება #15
2017-04-10
ნონა დათეშიძე

ამბობენ, ადამიანები კადრს მიღმა აბსოლუტურად სხვანაირები, რადიკალურად განსხვავებულები არიანო. სწორედ, ასეთია „ვანოს შოუს“ წამყვანი, ვანო ჯავახიშვილი. თავის სპეციალობით, მას არასდროს უმუშავია, თუმცა მიიჩნევს, რომ საკმაოდ მკაცრი, სათვალეებიანი პედაგოგი იქნებოდა. ხოლო, აჩუქა თუ არა მას მაღალი თანამდებობის პირმა, ძვირად ღირებული მანქანა, რატომ მოკლეს ოცჯერ და როდის მიაყენა მას ცხოვრებამ ყველაზე დიდი დარტყმა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ვანო ჯავახიშვილი: იღბლიანი ავღმოვჩნდი, რადგან ბევრმა გათენებულმა ღამემ, თავისი გაიტანა. თავიდან „რუსთავი 2-ში” ანიმაციური სერიალის სცენარისტად დავიწყე მუშაობა,  მერე, „რადიო 105-ში” ვმუაშობდი, წარმატებული „მანსანკანის“ კარიერა მქონდა და შესაბამისად, ბევრს ვშრომობდი. ბევრი ღამე გამითენებია უფანჯრო, ცივ ოთახში და ბევრი მიწვალია, მაგრამ ამით მივაღწიე დღევანდელ ჩემს მდგომარეობას. ეს ჩემი ბედისწერაა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და მინდოდა, მსახიობობა, მაგრამ ეს პერიოდი ისეთ დროს დაემთხვა, 1998 წელს, კორუფცია რომ მეფობდა და თეატრალურში მოწყობა ფუფუნება იყო. წელი რომ არ დამეკარგა და ჯარში არ წავეყვანე, უნივერსიტეტში ჩავაბარე, უფასოზე. სხვათა შორის, თინეიჯერობის ასაკში, ბიზნესმენობაზე ვოცნებობდი. ახლა კი, ვფიქრობ, რომ ბიზნესმენებს ტვინი სხვანაირად აქვთ მოწყობილი. ამიტომაც ვერ ვივარგებდი ამ სფეროში.
– შენი ტვინი ასე სხვანაირად ვერ იყო მოწყობილი?
– ჩემი ტვინი საბიზნესოდ ნამდვილად არ არის მოწყობილი. ბიზნესმენებმა იციან, როგორ იშოვონ ფული მარტივად, ასეთი ყნოსვა აქვთ. მე კი, ასეთი ყნოსვა, ჯერჯერობით ვერ განვივითარე (იცინის). მათემატიკური მაქვს დამთავრებული და ისე იყო ჩემი სახელი და გვარი ამ პროფესიას აცდენილი, ყველას უკვირდა, ვანო ჯავახიშვილს რა უნდა მათემატიკურზეო. თუმცა, ხშირად მადგებოდა ჩემი სახელი და გვარი. მაგალითად, ლექტორი რომ ამოიკითხავდა, სასიამოვნოდ ებადრებოდა სახე, ეღიმებოდა და შესაბამისად, რაღაცეებშიც მქონდა შეღავათები (იცინის). ჩემი პროფესიით არცერთი დღე არ მიმუშავია, მაგრამ ზუსტად ვიცი, სათვალეებიანი, მომთხოვნი და მკაცრი მასწავლებელი ვიქნებოდი (იცინის).
– ესე იგი, გამოდის, თანამშრომლებთანაც მკაცრი ხარ? ზოგადად, როგორი ხარ კადრს მიღმა?
– საქმესთან მიმართებაში მკაცრი არ ვარ, მომთხოვნი ვარ! ზოგადად, წამყვანების უმრავლესობა, კადრს მიღმა, რადიკალურად განსხვავებული პიროვნებაა. არც მე ვარ გამონაკლისი. იშვიათად გამოვდივარ წყობიდან, ეს რთულია. თუმცა, ქუჩაში ისე მიჭრიან მანქანის მძღოლები გზას, ამ დროს თავს ვერ ვიკავებ და წყობიდან გამოვდივარ.
– იგინები?
– არა, არ ვიგინები, მივაჭერ ხელს საყვირს და ამით ვამბობ ჩემს სათქმელს (იცინის).
– დავიჯერო, ასეთი მშვიდი ხარ?
– კიდევ ვამბობ, ფეთქებადი არ ვარ. გაწონასწორებული ადამიანი ვარ და რთულია ჩემი წყობიდან გამოყვანა. ზოდიაქოთი „სასწორი“ ვარ და წლით მამალი. ასე რომ, მამლის და „სასწორის“ აფეთქება, ცოტა რთული საქმეა.
– ესე იგი, შენი წელი ყოფილა. თუმცა, „სასწორები“ საკმაოდ მერყევი ხასიათიანი არიან. ამ მხრივ, როგორაა საქმე?
– ყველა მეუბნება, შენთვის კარგი წელი იქნებაო. რა ვიცი, ცაში ხშირად ვიხედები და ვარსკვლავებს ვერაფერი გავუგე, მარტო განათებულ წერტილებს ვხედავ.  რაც შეეხება მერყევ ხასიათს, გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს. თუ რაღაც ახალი მინდა გავაკეთო, სხვებს ვეკითხები აზრს, მარტოს გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. სახლშიც, რამის ყიდვა რომ მინდა, თუ მეუღლე არ მომეხმარა, ისე ვერ ვწყვეტ. ზოგადად, რისკიანი არ ვარ, სტაბილურობა მიყვარს.
– რომ გეუბნებიან, ჯამბაზი და თავგასიებული ხარო, არ გწყინს?
– არ მწყინს. როცა ვიღაც მაკრიტიკებს და რაღაცას მიწოდებს, ამაზე არ ვბრაზდები – იუმორში გადამყავს. თუმცა, ამასაც აქვს ზღვარი. რაც არ უნდა მეძახოთ, თავგასიებული და ჯამბაზი, ამას კარგად ვირგებ და ვხალისობ. ბევრი ბრაზდება, მაგრამ მე ასეთ გამონათქვამებზე, ვერ გავბრაზდები. ბევრი ჭორიც გამიგია ჩემზე, მაგრამ გამცინებია და წყობიდან არ გამოვსულვარ. დაახლოებით, ოცჯერ გავრცელდა ჭორი, რომ ავარიაში მოვყევი და მოვკვდი. ალბათ, ოცჯერ გადამიხადეს ორმოცი და წლისთავი, მატარეს გვირაბ-გვირაბ, მაგრამ გვირაბის ბოლოს, მაინც არ გამოჩნდა სინათლე (იცინის).
– ის, რომ ერთ-ერთმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა მანქანა გაჩუქა, ამას ადასტურებ?
– ესეც მორიგი ჭორია, ვითომ, ერთმა პოლიტიკოსმა მანქანა მიყიდა. იცით, რაზე გამეცინა? თურმე, კი არ დავდივარ იმ მანქანით, „გარაჟში“ მიყენია. ანუ, გადავმალე, მთავრობის გადადგომას ველოდები და მერე გამოვაჩენ (იცინის).
– ისიც ჭორია, რომ არაერთი პოლიტიკური პარტია გთხოვდა, მისი სახე გამხდარიყავი?
– ასეთ რამეს ვერც შემომთავაზებენ, რადგან ყველასთან, ვისთანაც მქონია შეხება, ნათქვამი მაქვს, არცერთ პოლიტიკურ მოძრაობასა და პარტიაში არ ვაპირებ გაწევრიანებასა და გაპოლიტიკოსებას.
– ანუ, ყვარყვარესი არ იყოს, არცერთ პარტიას არ ეკუთვნი და ყველა პარტია შენ გეკუთვნის?
– ზუსტად, ასეა (იცინის). ბევრს შეიძლება, უნდა ჩემი პარტიულ ადამიანად გადაქცევა, მაგრამ პოლიტიკოსობა ჩემი საქმე არ არის.
– როცა ქუჩაში გცნობენ, რა რეაქციები აქვთ?
– ძირითადად, სურათების გადაღებას მთხოვენ. თუმცა, ზოგი, ვისაც არ მოვწონვარ, ჩემი დანახვისას იჯღანება. გატრიალდებიან და ასე, დაჯღანულები მიდიან.  მაგალითად, ორნაირი ადამიანები მხვდებიან ბაზარში: ან ძალიან მიკლებენ ფასს, ან ძალიან მიმატებენ. რა ფასშიც ყიდიან, იმ ფასში არ მაძლევენ და შესაბამისად, თუ აფთიაქს არ ჩავთვლით, ჩემთვის პროდუქციაზე ფიქსირებული ფასი არ არსებობს. ბევრჯერ უჩუქებიათ კიდეც. ავეჯის მაღაზიაში მაგიდა მაჩუქეს და ახლაც სახლში მიდგას. კი მეუხერხულა, მაგრამ უარიც ვერ ვთქვი. მარმარილოს ქვაც მაჩუქეს.
– ახლა არ მითხრა, ქვა რომ მაჩუქეს, აგულის მოსწავლესავით, ავხტი და დავიძახე: მე ამისგან გავაკეთებ...
– ვინც მაჩუქა, ჩემი მეგობარია. თუმცა, არ ავმხტარვარ და არ მიძახია: მე ამისგან გავაკეთებ... სამზარეულოსთვის მჭირდებოდა და ახტომის გარეშე გამოვიყენე (იცინის).
– ვანო, როდის იდგა შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი და ზოგადად, ხშირად გაყენებს ცხოვრება დარტყმებს?
– სირთულეები ხშირად ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. წარუმატებელი, ჩავარდნის პერიოდებიც მქონია და ბევრი გაჭირვებაც გამომივლია. თუმცა, ყველაზე დიდი დარტყმა ცხოვრებამ 12 წლის ასაკში მომაყენა, როცა მამა გარდამეცვალა. უმამოდ გავიზარდე და ეს დიდი ტკივილი იყო ჩემთვის. რთული პერიოდი გამოვიარეთ მე, დედამ და ჩემმა ძმამ, ძალიან გვიჭირდა. მამა ძალიან მიყვარდა, კარგი ხასიათის ადამიანი იყო. მე და ჩემს ძმას განსხვავებული ხასიათი გვაქვს, ოღონდ, ორივეს კარგი და ვფიქრობ, ამაში მამას ვგავართ.
– აუცილებლად უნდა გკითხო „რუსთავი 2-ის” წილების დარიგებაზე. მართალია, რომ ამის გამო, არხის ხელმძღვანელობას დაუპირისპირდი? შენი აზრით, იყო ეს შიდა თეთრეულის გარეთ გამოფენა?
– თეთრეულის გარეთ გამოფენისა რა გითხრათ, მაგრამ წილების საჯაროდ გადანაწილება, ჩემთვის ცოტა მიუღებელი იყო. თუმცა, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ყველაფერი საჯარო ყოფილიყო.  მე ამასთან დაკავშირებით, ცოტა სხვა აზრი მქონდა, მაგრამ არხის დირექტორის გადაწყვეტილებაში, მე ვერ ჩავერეოდი. დავწერე კიდეც სოციალურ ქსელში, ასეთი ფორმით გაკეთებას არ ვეთანხმები და არ მომეწონა ამ პროცესის ტელევიზიით გაშუქება-მეთქი. ჩემი აზრით, ეს არა „რუსთავი 2-ული” იყო.
– ახლა რომ გითხრა, ერთ ოცნებას აგიხდენ-მეთქი, რას ინატრებდი?
– არ ვიცი, რას ვინატრებდი, არ ვარ მეოცნებე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას არ ვინატრებდი – ვიყო ასწლოვანი ხე და გადამრგან!