შოუბიზნესი

ელენე ფოჩხუა: თუ მტკივა და მიჭირს, უფრო მეტად მემღერება

№12

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 27.03

ელენე ფოჩუა
დაკოპირებულია

მომღერალი ელენე ფოჩხუა საკმაოდ ძლიერი ქალია. მას არასოდეს აშინებს ცხოვრებისეული დაბრკოლებები. ელენეს ცხოვრებაში იყო ტკივილიც, სიხარულიც, დაღმასვლაც, წარმატებაც... მას ეს ყოველივე აძლიერებს და სტიმულს აძლევს. რასაც მიზნად დაისახავს, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს და ამაში მას რისკისადმი სიყვარული და ჟინიანი ხასიათიც ეხმარება.

ელენე ფოჩხუა: არასოდეს ვუჩივი ჩემს ცხოვრებას, არასდროს ვარ უკმაყოფილო და არ ვამბობ, ეს რატომ მოხდა-მეთქი. პირიქით, ღმერთის მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს და ვინც გვერდით მყავს. გამიმართლა, რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილები, მაქვს სამსახური და დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. საკუთარი შრომით ვშოულობ და არასოდეს ვარ სხვისი ხელების შემყურე. მართალია, ყველას გვინდა, უფრო მეტს მივაღწიოთ ცხოვრებაში, მაგრამ რაც გვაქვს, იმის მადლობელი უნდა ვიყოთ. ყველაფერი იქნება, თუ ცხოვრებაში რაღაც ეტაპებს გადავლახავთ. ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, საკუთარი თავი კარგად შევისწავლე, თავისი მინუსებით, პლუსებით, შესაძლებლობებით. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ საკუთარ თავს კარგად ვიცნობ, ამას კი მთელი რიგი გამოცდილება დასჭირდა, თავისი დაშვებული შეცდომებით. ასეა, ცხოვრება თავად გვასწავლის საკუთარი თავის ამოცნობას, მთავარია, ჩვენ დავინახოთ. ცხოვრებაში ბევრი წარმატებული, წარუმატებელი, ბედნიერი და ტკივილიანი ეტაპი გავიარე. სამწუხაროდ, დიდ სიხარულს ხშირად დიდი მწუხარება მოსდევს. რას ვიზამთ, ასეა და უნდა გავუძლოთ. წინაღობები, დაბრკოლებები, დაღმავალი და ცუდი პერიოდი ადამიანს ბევრ რამეს ასწავლის.

– ადამიანმა ცხოვრებისეულ წინაღობებს, დაბრკოლებებსა და დაღმავალ პერიოდს რომ გაუძლოს, ალბათ, ძლიერიც უნდა იყოს. თავად თუ ხარ ძლიერი ქალი?

– ზოდიაქოთი „მშვილდოსანი“ ვარ, რისკები მიყვარს და ხშირად გამირისკავს კიდეც. გამოცდაზე რომ გავდიოდი და თუ რამე არ ვიცოდი, არ მეშინოდა, ვიცოდი, მაინც გამოვძვრებოდი. ვრისკავდი და მიმართლებდა. თან, ჟინიანი ვარ და რასაც ჩავიფიქრებ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვან და დავამტკიცებ, რომ მართალი ვარ. ზოგადად, წინაღობები და ბარიერები ჩემთვის წინსვლის სტიმულია. ამ დროს უფრო მეტ შესაძლებლობას ვპოულობ საკუთარ თავში და ძლიერი ვხდები, უფრო მეტის გაკეთება მინდება. როცა დაბრკოლებებს ვეჯახები, ვცოცხლდები და გააზრებულად ვიცი, რა უნდა გავაკეთო. ვფიქრობ, რომ ახლა ცხოვრების ძალიან კარგ ეტაპზე ვარ – ჩემი სამყაროა ჩემი ყოველდღიური სამსახური, სიმღერა და აქ ვისვენებ. იმ წუთს მემღერება თუ არ მემღერება, სიმღერა მაინც დიდი შვება და განტვირთვაა ჩემთვის. თუ მტკივა და მიჭირს, უფრო მეტად მემღერება, თუ მიხარია – ორმაგად. როცა ვმღერი, მთელ ენერგიას სიმღერაში ვდებ და ვიცლები. ღმერთს მადლობა, ეს ნიჭი რომ მომცა და ამ ჩემი პროფესიით ვმუშაობ. ბევრი მეუბნება: ძნელი არ არის ყოველ საღამოს რესტორანში რომ მღერიო? სულაც არ არის რთული. ყველა ადამიანი ხომ მუშაობს და ყოველდღიურად დადის სამსახურში? მეც ასე ვარ – ყოველდღე მაქვს განტვირთვა ჩემს სამსახურში.

– თან, ყოველთვის ფორმაში უნდა იყო.

– ჩემი რეჟიმი მაქვს აწყობილი, ყოველი წამი და წუთი – გათვლილი. ბავშვებმა იციან, რომ საღამოს, ცხრა საათზე დედა აუცილებლად უნდა წავიდეს სამსახურში. ბიჭი წვება და იძინებს. გოგონა უკვე დიდია და მეხმარება. თავის მოსაწესრიგებლად კი სულ 40 წუთი მინდა. დღის განმავლობაში ოჯახს ვუვლი, საჭმელს ვამზადებ, ვალაგებ, ვასუფთავებ და საღამოს წყნარად გავდივარ სახლიდან. ადრე, სულ ვფორიაქობდი, სულ მეჩქარებოდა, მეგონა, ვერაფერს მოვასწრებდი. ახლა სიმშვიდე გამოვიმუშავე, თავსაც ვუვლი, ოჯახსაც და სამსახურშიც დავდივარ. რაც უფრო მშვიდად ვუყურებ მოვლენებს, უფრო დიდი დრო მაქვს და ყველაფერს სწრაფად ვაგვარებ. მივხვდი, რომ ცხოვრება არაფრით არ უნდა გაირთულო, სიმშვიდე შეინარჩუნო და იფიქრო, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასე ბევრად მარტივია. სისულელეა სისულელეებზე ტვინის დაღლა და უაზრო ნერვიულობა. კიდევ ვამბობ, ქაოსის, ნერვიულობის გარეშე, მშვიდად უფრო მეტს ვაკეთებ. კომფორტულად ავაწყვე გრაფიკი. ახლა, საუბრის დროს მივხვდი, რომ ამდენი განცდისა და შფოთვის მერე სიმშვიდის ეტაპზე ვარ (იცინის). თხუთმეტი წლის ვიყავი, დედაქალაქში გამოცდის ჩასაბარებლად რომ ჩამოვედი და მას მერე დამოუკიდებლად ვცხოვრობ. იყო უამრავი მუსიკალური პროექტი, საიდანაც მაყურებელმა გამიცნო. ჩემს თავს სულ ვეუბნებოდი: ახლა, ამ ეტაპზე ხარ, წინ უნდა იარო! თუმცა, თავში არასოდეს არაფერი ამვარდნია. ვუფრთხილდები ყველა იმ ადამიანს და მადლიერი ვარ მათი, ვინც ჩემთვის ძვირფასია, ვინც გვერდით დამდგომია, დამხმარებია. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ვუყვარვარ, ვინც გვერდით მიდგას. ამას ყოველთვის ვგრძნობ. ამდენი წელი გავიდა, თავისი ყველა განცდით. არ იყო ადვილი განვლილი გზა, მაგრამ დღემდე ისე მოვედი, არასოდეს მქონია უმადურობის განცდა. ბევრი მეუბნება, მეტი შეგიძლია და რატომ არ აკეთებო. შესაძლებლობა, რასაკვირველია, მაქვს, მაგრამ ბევრის კეთებას, ნიჭისა და შესაძლებლობის გარდა, ბევრი ფინანსებიც უნდა. მე კი, სამსახურის გარდა, სხვა შემოსავალი არ გამაჩნია. მართალია, ხელფასს არ ვუჩივი, მაგრამ მარტოხელა დედა ვარ და შვილებს ბევრი სჭირდებათ. ყველა მომღერლის ოცნებაა სოლო კონცერტი, მათ შორის ჩემიც, მაგრამ ამას დიდი თანხები სჭირდება, თავისი პატარ-პატარა ნიუანსებით, საავტორო სიმღერებით. სხვათა შორის, ახლა ვწერ ახალ სიმღერას, რომლსაც ვიცი, მსმენელი აუცილებლად შეიყვარებს. კიდევ ერთი საავტორო სიმღერაც მაქვს გეგმაში. მოკლედ, დავაგროვებ საავტორო სიმღერებს და მერე სოლო კონცერტზეც დავფიქრდები (იცინის). მანამდე კი, ახალი ენერგიული, საცეკვაო, ყველა თაობაზე მორგებული და ლაღი სიმღერით ზაფხულისთვის სიურპრიზს გიმზადებთ (იცინის).

– ახლახან დაბრუნდი უცხოეთიდან. თუ საიდუმლო არ არის ვისთან ერთად იყავი?

– მოგზაურობა ძალიან მიყვარს და დიდი ხანია, არსად ვყოფილვარ. დიდი ხნის წინ, მე, ჩემმა რძალმა და ორმა დაქალმა დავგეგმეთ დანიაში, კოპენჰაგენში მოგზაურობა. შვედეთშიც გადავედით და დაუვიწყარი დრო ვატარეთ, ისეთი, რომელიც სულ მემახსოვრება. განტვირთვასთან ერთად, სასიამოვნო შთაბეჭდილება დავაგროვე და მომავალშიც აუცილებლად წავალ სამოგზაუროდ.

– ელენე, პირად ცხოვრებაში თუ არის სიახლე?

– ლაღად და კარგად ვცხოვრობ. პირადში არაფერი ხდება, მაგრამ საინტერესო ცხოვრება მაქვს და ბედნიერი ვარ. სიმართლე გითხრათ, პირად ცხოვრებაზე საუბარს ვერიდები, მაგრამ გეტყვით, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი