მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ კისრის ტკივილზე

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.04

კისრის ტკივილი
დაკოპირებულია

კისრის ტკივილი შეიძლება, სხვადასხვა პათოლოგიასთან იყოს დაკავშირებული, მათ შორის: ოსტეოქონდროზთან, მარილების დაგროვებასთან და კისრის თიაქართან, რომლის უყურადღებოდ დატოვება პათოლოგიას – კისრის დისკოს თიაქარს იწვევს.

მალთაშუა დისკო გვეხმარება ნებისმიერი ტიპის მოძრაობის შესრულებაში, ის ერთმანეთს აშორებს მალებს და ხერხემალს ამორტიზაციის საშუალებას აძლევს.

დისკოს თიაქარი ფიბროზული რგოლის გახევის შედეგად ვითარდება. შესაბამისი მკურნალობის გარეშე პროცესი დისკოს თხევადი ნაწილის ფიბროზული რგოლის გარეთ გამოსვლით მთავრდება.

გარეთ გამოსული დისკო აღიზიანებს ზურგის ტვინიდან გამომავალ ნერვულ ფესვებს და იწვევს შესაბამისი ადგილის ფუნქციის მოშლას. ამას თან ახლავს ძლიერი ტკივილი, დაბუჟება, სიხლძარღვოვანი დარღვევები. თუ დისკი შიგნით ჩაიზნიქა, ეს ზურგის ტვინზე ზეწოლას იწვევს, რაც თავის ტვინის მხრივ ჩივილებით გამოიხატება.

ხერხემალზე უარყოფით გავლენას ახდენს არასწორი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტიურობის უკმარისობა და ხერხემლის ზედმეტი დატვირთვა.

ოსტეოქონდროზისა და თიაქრის რისკი ემუქრებათ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად უწევთ ერთი და იმავე მოძრაობის შესრულება ან ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ყოფნა.

ასევე, მათ, ვისაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, სისტემური ავტოიმუნური დაავადება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. თიაქარი შეიძლება, ორთოპედიულმა პათოლოგიამაც გამოიწვიოს.

რისკჯგუფში შედიან: მუშები, მკერავები, სპორტსმენები, მასწავლებლები.

თავდაპირველად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მოგვიანებით კი თავს იჩენს სხვადასხვა სიმპტომი:

კისრის ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება, გავრცელდეს ბეჭებზე, მხრებზე და ლავიწის ძვლებზე, თავის ძლიერი ტკივილი და თავბრუ კი უკვე ნერვის დაზიანებაზე მიანიშნებს.

ტკივილს შესაძლოა, თან ახლდეს ხელების დაბუჟება, მოძრაობის გაძნელება, კისრის გაშეშება. შესაძლოა, გაუარესდეს მხედველობაც.

სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო კისრის არე განიცდის ჟანგბადის დეფიციტს, რაც ტვინის მუშაობაზე აისახება. აქედან გამომდინარე, პაციენტს შესაძლოა, აღენიშნებოდეს თავბრუ, კოორდინაციის დარღვევა, ყურების შუილი.

მწვავე ფორმებში შესაძლოა, გამოვლინდეს კანის მგრძნობელობის დარღვევა, მოძრაობის გაძნელება, ხელების სისუსტე, სქოლიოზი.

მკურნალობა მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას, აღდგენით თერაპიას და ქირურგიულ ჩარევას. ყველაზე ხშირად კი კომბინირებულ მიდგომას იყენებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი