შოუბიზნესი

სალომე ლემონჯავა: ჩემმა კლასელებმა იცოდნენ, რომ რაღაცით საცოდავი ვიყავი და ეს მზარავდა

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 08.04

სალომე ლემონჯავა
დაკოპირებულია

ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა აფხაზეთიდან დევნილია. მძიმე გზა, რომელიც მისმა ოჯახმა გამოიარა, მას არ ახსოვს, რადგან მაშინ სულ ერთი წლის იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან მძიმედ ახსოვს ის ტკივილი, რომელიც მას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, საზოგადოებამ დევნილობის გამო მიაყენა.

სალომე ლემონჯავა: სამწუხაროდ, აფხაზეთთან დაკავშირებით პირადი მოგონებები არ მაქვს, რადგან როცა ეს ამბები მოხდა, მე, ფაქტობრივად, ახალშობილი ვიყავი, თუმცა, დედა და მამა ძალიან ხშირად გვიყვებოდნენ იქაური ქუჩების, ჩვენი სახლის, ეზოსა და აბსოლუტურად ყველაფრის შესახებ, ამიტომ ყველაფერი იმდენად დეტალურად მაქვს წარმოდგენილი, ზოგჯერ თავსაც კი ვარწმუნებდი ხოლმე, რომ ეს ყველაფერი ჩემი მოგონებები იყო და არა მათი მონათხრობი.

– მშობლები როგორ იხსენებენ აფხაზეთიდან წამოსვლის ამბავს?

– ჩვენ, დედა და შვილები, გემით წამოვედით. მამა არ წამოსულა. ის ომის ვეტერანი იყო და საომრად დარჩა. ჩემი და-ძმა მაშინ უკვე ისეთ ასაკში იყვნენ, 8-9 წლისები, რომ გზა, რომელიც ფოთამდე გაიარეს, კარგად დაამახსოვრდათ. მათაც და დედასაც არაერთხელ გაუხსენებიათ გემზე გამოვლილი სირთულეები. ცოტა ხნის წინ ჩემი ძმა იხსენებდა, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, საერთო საცხოვრებელში რომ მიგვიყვანეს, იქ საჭირო ნივთები და რაც ყველაზე მეტად გაგვიხარდა, პროდუქტები დაგვხვდა და არასოდეს დამავიწყდება, რომ შევედით თუ არა, იმწამსვე პურისა და ჯემის ჭამა დავიწყეთ, რადგან ძალიან გვშიოდაო.

– მამას რა ბედი ეწია?

– მამა სოხუმის დაცემამდე იქ იყო და იბრძოდა. შემდეგ, ისევე როგორც სხვა გადარჩენილები, იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა. მამა ახლა გარდაცვლილია, რამდენიმე წლის წინ დაიღუპა და სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა ის, რაც იქ გამოიარა. გეტყვით, როგორი იყო მისი ღამეები და კარგად მიხვდებით, თუ რამდენად ტრაგიკული და მოუშუშებელი ტკივილი იყო მამასთვის ეს ომი. ღამღამობით მთელ ოჯახს საშინელი ხმა გვაღვიძებდა ხოლმე. ეს მამას მუშტების ხმა იყო, რომელსაც ძილში კედლებს ურტყამდა, მუშტებს ან ფეხებს. დილით რომ იღვიძებდა, ან მუხლი ჰქონდა დასისხლიანებული ან მუშტი. რომ ვეკითხებოდით, რა მოხდა, ასეთი რა დაგესიზმრაო, გვპასუხობდა, ომში ვიყავიო. მამაჩემი მთელი დარჩენილი ცხოვრება, 30 წელი, ფაქტობრივად, ყოველღამე ომში იყო და იბრძოდა.

ომში იბრძვი, ეს ბუნებრივია. თუ შენ არ მოკლავ, მტერი მოგკლავს. მამასაც მოუწია ადამიანის მოკვლა, აფხაზის, რომელსაც მანამდეც იცნობდა. თურმე, მას რომ არ მოეკლა, ის კლავდა. მამამ დაასწრო და ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ომში მოკლა. ეს ცხოვრების ბოლომდე ტანჯავდა. ვერა და ვერ მოინელა, მოუშუშებელ იარად დარჩა.

– როგორ შეძელით ცხოვრების დაწყება ნულიდან მატერიალური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?

– როგორც ვთქვი, მე მაშინ ძალიან პატარა, ერთი წლის ვიყავი, ამიტომ ისევ ჩემი ოჯახის წევრების მოგონებების წყალობით ვიცი, რომ ძალიან რთული იყო. განსაკუთრებით პირველი ერთი წელი საერთოდ გაუჭირდათ იმის გააზრება, რაც ჩვენს თავს მოხდა. მაშინ ბათუმში, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და როგორც იხსენებენ, ბათუმმა (შემდეგში თბილისისგან განსხვავებით) ძალიან კარგად მიგვიღო, ამიტომ ამ მხრივ, არ უჭირდათ. აფხაზეთში ძალიან შეძლებული ოჯახი გვქონია, მაგრამ როგორც ყველამ, ჩვენც ყველაფერი დავკარგეთ. იქ ცხოვრების ამსახველი ფოტოებიც კი სულ რამდენიმე შემოგვრჩა და ისიც ახლობლებთან მოძიებული. აქედან გამომდინარე, ასეთი ტრაგედიის შემდეგ, ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ. პირველი პერიოდი, მამა ერთი შეკვრა „ლუნა“ შოკოლადის გასაყიდად ფოთში გადადიოდა, რადგან იქ უფრო მეტად იყიდებოდა და ამას აკეთებდა ყოველდღე, მერე ბათუმის ცენტრიდან მწვანე კონცხამდე, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ფეხით ამოდიოდა ხოლმე. ერთხელ, მამა ჩემს ძმასთან ერთად ხოფას ბაზარში ყოფილა პროდუქტების საყიდლად. ჩემი ძმა იხსენებს: ჩვენ, ძირითადად, სულ კარტოფილს ვყიდულობდით და იმ დღესაც ასე იყო. ამ დროს გვერდზე ვიღაც კაცი დავინახე, ძალიან ბევრ პროდუქტს ყიდულობდა, მათ შორის სხვადასხვა ხილს. მეც ძალიან მინდოდა ხილი, მაგრამ ვიცოდი, რომ ამის საშუალება არ იყო და მამას ვერ ვეუბნებოდი, მაგრამ დაჟინებით ვუცქერდი კაცს, რომელიც ამდენ რამეს ყიდულობდა. ამ დროს, ნაცრისფერ, წვიმიან და მოწყენილ გარემოში, უცებ ერთი მაღალი, თეთრებში გამოწყობილი კაცი გამოჩნდა და მისმა ვიზუალმა გარშემო ყველას ყურადღება მიიქცია. მამამაც შეხედა და იცნო – ეს მამაკაცი მისი სტუდენტობის მეგობარი ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ის, ანუ ლევანი, ამ ბაზრობის დირექტორი იყო. იმ დღიდან მოყოლებული, ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. დედა მაშინვე ამ ბაზარში დაასაქმეს თავის პროფესიით, ბუღალტრად. ჩვენ კვირაში ერთხელ პროდუქტებით დატვირთული მანქანა გვაკითხავდა და იმდენი პროდუქტი მოჰქონდათ, რომ მეზობლებს ვურიგებდით. ეს ადამიანი ძალიან დაგვეხმარა. დღემდე ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელია. ის და მისი ცოლი მუსლიმანები იყვნენ და ჩემმა დამ მონათლა ქრისტიანებად. შემდეგ დავნათესავდით კიდეც.

მალე მამა მოსკოვში წავიდა, სადაც უფრო ადრე წასულ და უკვე ფეხზე დამდგარ მეგობრებს შეხვდა, თვითონაც საკუთარი ბიზნესი დაიწყო და მერე ყველაფერი კარგად წავიდა.

– ბათუმიდან თბილისში როდის გადმოხვედით?

– საცხოვრებელი სწავლის გამო შევიცვალეთ, როცა ჩემი ძმა და და ბოლო კლასებში იყვნენ და ჩაბარების დრო ახლოვდებოდა. მამასთვის ჩვენი განათლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სულ იმას ამბობდა, რომ მთავარი ინვესტიცია სწავლაში უნდა ჩაგვედო. ყველაფერში მამზადებდა, შვილებს ყველანაირად გვიწყობდა ხელს, რომ კარგი განათლება მიგვეღო.

– მატერიალური პრობლემები აღარ იყო, მაგრამ თბილისში ახალი პრობლემის წინაშე დადექით და ეს იყო დევნილის სტატუსი...

– ასეა და ჩემი, როგორც დევნილის, ისტორია თბილისიდან იწყება. მანამდე იმდენად პატარა ვიყავი, რომ რაღაცებს მტკივნეულად ვერ აღვიქვამდი და თან, როგორც ვთქვი, ბათუმმა ძალიან კარგად მიგვიღო. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, ამ მხრივ, მდგომარეობა ძალიან შეიცვალა. სკოლაში შესვლასთან ერთად ძალიან რთული პერიოდი დამეწყო. 47-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, სადაც თავიდან საერთოდ არ მიღებდნენ, რადგან დევნილი ვიყავი. დირექტორმა, რომელიც გვარად ყენია იყო, დედას უთხრა, ვაშლიჯვარში არის დევნილებისთვის სპეციალური სკოლა გახსნილი და იქ ატარეთ ბავშვიო, მაშინ, როცა ჩვენ მთაწმინდაზე ვცხოვრობდით. ჩემმა მშობლებმა სამინისტროში განცხადებაც კი შეიტანეს ამის თაობაზე. ბოლოს დირექტორს უთქვამს, მაშინ მერხი და სკამი თავისი უყიდეთო, რასაც, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები არ დათანხმდნენ. პირველ კლასში ექვსი ჯგუფი იყო და შემთხვევით, მე ყველაზე პოპულარულ, ეგრეთ წოდებულ, ელიტურ ჯგუფში მოვხვდი, სადაც ძირითადად, მასწავლებლების ბავშვები დამხვდნენ. აქაც დავუბლოკივარ დირექტორს, მაგრამ ჩემი მშობლები არ შეეპუვნენ და ასე დავრჩი ამ „პრივილეგირებულ“ კლასში.

კლასელებისგან განვსხვავდებოდი იმითაც, რომ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი და ეს ყველამ იცოდა, რადგან ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა, დაფასთან გამიყვანა და ბავშვებს მოუყვა, რა კარგ სახლში ვცხოვრობდი აფხაზეთში, რაც ძალიან მესიამოვნა, მაგრამ მოაყოლა, რომ ომის შემდეგ, ჩემს ხუთსულიან ოჯახთან ერთად, ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობ. მეტი სიცხადისთვის, დაფაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ, დიდი სახლი და ერთი ოთახი დახატა – ამ ყველაფერს ძალიან არასასიამოვნო კონტექსტი ჰქონდა. მე დაფასთან ვიდექი და ვუსმენდი, თუ რამდენად გვიჭირდა. ეს ბავშვისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. ვერაფერს ვამბობდი – რეალურად, საერთო საცხოვრებელში კი ვცხოვრობდით, მაგრამ არ გვიჭირდა. მამა მოსკოვში მუშაობდა და რაც ჩემს კლასელებს ჰქონდათ, მეც არ მაკლდა, მაგრამ რადგან დევნილი ვიყავი, აღიქმებოდა, რომ არაფერი არ უნდა მქონოდა. ამ ყველაფრის წყალობით, ჩემმა კლასელებმა იცოდნენ, რომ მე რაღაცით საცოდავი ვიყავი და ეს ძალიან მზარავდა.

ერთ-ერთი სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებელმა მერხებთან გოგო-ბიჭის განაწილება დაიწყო. ეს დღე ჩემი მწარე მოგონებაა. ჩემ გვერდით ჩემი თანაკლასელი საბა მოხვდა და უცებ მან თქვა, მე ამასთან არ დავჯდები, იმიტომ, რომ ეს ლტოლივილიაო. დღემდე არ მავიწყდება, ამის გამო რა საშინლად ვიგრძენი თავი, როგორ ვინერვიულე.

ახლა ძალიან შესაშური ბიბლიოთეკა მაქვს, შეიძლება, ჩემი ქართულის მასწავლებელსაც ძალიან მოეწონოს. საერთოდ წიგნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, რაც მგონია, რომ გარკვეულწილად ბავშვობის კომპლექსების გავლენაა.

კიდევ ერთი დღე მახსოვს ძალიან მძაფრად. „ლტოლვილ“ ბავშვებს სკოლაში საჩუქრები გამოგვიგზავნეს. ეს იყო უცხოელი ბავშვებისგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება. როცა საჩუქრების ყუთი კლასში შევიტანე, მასწავლებელმა მითხრა, მოდი, დავათვალიეროთ შენი საჩუქრებიო. გახსნა ყუთი და მახსოვს, რომ ყველას ძალიან მოგვეწონა საჩუქრები, რომელიც მასში იდო. უცებ ჩემმა ერთმა კლასელმა წამოიყვირა, მეც მინდა ლტოლვილი ვიყოო. გაჩერდი ბიჭო, ღმერთმა დაგიფაროსო, უთხრა მასწავლებელმა ისე, რომ თითქოს მე რაღაც საცოდაობა მჭირდა. მახსოვს, როგორ მამძიმებდა მერე ის საჩუქრების ყუთი და როგორ მრცხვენოდა მისი არსებობის. მახსოვს, როგორ ვოცნებობდი, რომ ჩემი კლასელებისგან არაფრით განსხვავებული არ ვყოფილიყავი.

ეს ისტორიები არ ახსოვთ ჩემს თანაკლასელებს თუ მეგობრებს, რადგან მათთვის ეს რთულად აღსაქმელი არც ყოფილა, მაგრამ მახსოვს მე იმიტომ, რომ ჩემზე მტკივნეული კვალი დატოვა.

შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლებში მე ძალიან მაგარ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ გავძლიერდი. ამ ცუდმა გამოცდილებამ გამაძლიერა. მახსოვს, როგორ გადავწყვიტე, რომ მაგარი უნდა გამხდარიყავი. მერე დევნილების მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა და ამანაც ძალიან იმოქმედა.

– როგორ გააძლიერე საკუთარი თავი?

– უკვე ცოტა გაზრდილი ვიყავი, როცა ჩემმა თანაკლასელმა თაზომ მითხრა, ტელევიზორში მოვისმინეთ, რომ თურმე, ლტოლვილები უკვე ბრუნდებიან სახლებში და თქვენ რატომ არ მიდიხართო, ცოტა არასასიამოვნოდ მითხრა. რეალურად, არასწორად გაიგო მშობლების ნათქვამი, საუბარი იყო იმაზე, რომ აფხაზეთის მხრიდან გახდა შემოსვლა შესაძლებელი და არა აქედან იქ გადასვლა. დავფიქრდი და ვკითხე: თაზო, შენ საიდან ხარ-მეთქი. ბაღდათიდანო მიპასუხა და მომიყვა რა მაგარი სახლი აქვს იქ და ასე შემდეგ, მაშინ კითხვით მივუბრუნდი, რატომ არ ბრუნდებით იქ საცხოვრებლად-მეთქი. არასდროს დამავიწყდება მისი გაყინული სახე, რადგან უცებ მისთვის თანაბარ პოზიციაში აღმოვჩნდით, თორემ მისგან განსხვავებით ჩვენ ნამდვილად არ შეგვეძლო საკუთარ სახლში დაბრუნება. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება. ეს შეგრძნება არასდროს დამავიწყდება. მაშინ მივხვდი, რომ პირველ რიგში, გამოსავალი ყველასთვის პასუხის გაცემაა. შეიძლება, ადამიანი განზრახ არა, მაგრამ გაუცნობიერებლად დაგცინოდეს ან აბუჩად გიგდებდეს და როცა საკადრისად უპასუხებ, შემდეგში დაფიქრდება.

გარდა ამისა, ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე, გადავწყვიტე, ძალიან კარგად მესწავლა, აქტიური ვყოფილიყავი სკოლის ღონისძიებებზე და მიზნად მქონდა, ჩემზე ელაპარაკათ, როგორც ძალიან მაგარ მოსწავლეზე. მივაღწიე კიდეც ამას. სკოლაში პოპულარული ბავშვი გავხდი და აქედან დაიწყო ცვლილებები. ამ პროცესში, საკუთარი თავის გარდა, ძალიან მეხმარებოდა მშობლებთან, განსაკუთრებით კი მამასთან, საუბრები და ამ ყველაფრის დამსახურებით შევძელი, ფრთები გამეშალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი