კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა მსხვილი დანაშაული რომში მომხდარი ქურდობით

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 25.04

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ძარცვა

1971 წლის მაისში რომის აეროპორტში ტერმინალი გაძარცვეს. დაიკარგა მოსკოვი-რომის ავიარეისის მგზავრთა ბარგი, მათ შორის დიპლომატთა ჩემოდნები, რომლებიც საბაჟო შემოწმებას არ ექვემდებარებოდა. საბჭოთა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა კატეგორიული პროტესტი განაცხადა ამ ფაქტის გამო და აეროპორტში შეკრებილ ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძარცვა სპეცსამსახურების მიერ პროვოკაციის მიზნით იყო მოწყობილი. საბჭოთა დიპლომატის სიტყვები ტელევიზიების პირდაპირ ეთერებში გავიდა. ხოლო იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო ამ საქმეში სპეცსამსახურების მონაწილეობა და ამ საქმის სასწრაფოდ გახსნა და მძარცველების დაპატიმრება თავის ხელქვეითებს დაავალა. იტალიის პოლიციამ ქურდები ოპერატიულად დააპატიმრა. აყვანის ოპერაცია პირდაპირ ეთერში გაუშვეს და მას მთელი იტალია ადევნებდა თვალყურს. ბოროტმოქმედებმა სამართალდამცველებს მოპარული ბარგის ადგილსამყოფელიც მიუთითეს და პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ამოიღო.

გამქრალი დიპლომატი

ძარცვის ფაქტი რომ დაფიქსირდა და საბჭოთა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა პოლიტიკური სკანდალი ატეხა, მოსკოვიდან რომში პირადად საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი გრომიკომ დარეკა და ბრძანება გასცა, რომ რომში ჩაფრენილი საბჭოთა დიპლომატები აეროპორტიდან სასწრაფოდ პირდაპირ საელჩოში გამგზავრებულიყვნენ და იქიდან სპეციალური ბრძანების გარეშე ფეხი არ მოეცვალათ. გრომიკოს პროვოკაციის ეშინოდა და ასეთი ბრძანება ამიტომ გასცა. და, მართლაც, როდესაც რომში ჩაფრენილი 16 საბჭოთა დიპლომატი ავტობუსით საელჩოში უნდა წაეყვანათ, კულტურის განყოფილების თანამშრომელი, 42 წლის ვალერი იაშინი გაქრა. ის არც ავტობუსში აღმოჩნდა არც აეროპორტის შენობაში. ამის შესახებ საბჭოთა დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელმა მაშინვე მოსკოვს აცნობა. მოსკოვიდან ბრძანეს, რომ ამის შესახებ სიტყვა არავისთან დაეძრათ და საელჩოში წასულიყვნენ. გრომიკომ ეს ამბავი „კაგებეს“ შეფს, იური ანდროპოვს აცნობა. ანდროპოვმა კი რომის რეზიდენტურას დაავალა ვალერი იაშინის მოძებნა და იმის გარკვევა ეს იტალიელების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო თუ დიპლომატის გაქცევა.

შედევრი

სანამ საბჭოთა არალეგალი მზვერავები, ანდროპოვის ბრძანებით, გაუჩინარებულ საბჭოთა დიპლომატ ვალერი იაშინს ეძებდნენ, იტალიელმა კარაბინერებმა ბოროტმოქმედთა მიერ გადამალული ნაქურდალი ნივთები იპოვეს. ეს ოპერაციაც პირდაპირ ეთერში შუქდებოდა. პოლიციამ ყველა ჩემოდანი უკლებლივ ამოიღო და ნივთებს კამერების წინ უჩვენებდნენ. მეტიც, მათ დიპლომატიური ბარგიც კი გახსნეს და ერთ-ერთ ჩემოდანში რემბრანდტის ნახატი აღმოაჩინეს. ჩემოდანი სწორედ ვალერი იაშინს ეკუთვნოდა. მოსკოვი შოკში იყო. იაშინის ჩემოდანში აღმოჩენილი რემბრანდტის შედევრი „ერმიტაჟის“ კუთვნილება იყო და ერთ-ერთ დარბაზში ეკიდა. ამ დროს იტალიელმა ჟურნალისტებმა იაშინის გაუჩინარების შესახებაც შეიტყვეს და ისეთი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, რომ ყველა ტელეარხი ამის შესახებ გადმოსცემდა. ანდროპოვის ბრძანებით, „ერმიტაჟში“ ექსპერტები გაგზავნეს. გამოფენილი შედევრი შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ სურათი ყალბი იყო. თუმცა აღნიშნავდნენ, რომ გაყალბება უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული და გამოცდილ ექსპერტ-კრიმინალისტებსაც კი გაუჭირდათ ამის გამოვლენა...

ძმები

გაირკვა, რომ რემბრანდტის სურათი, სულ რაღაც, 2 თვის წინ დაბრუნდა სარესტავრაციო სახელოსნოდან. მას რესტავრაცია იური კალმახელიძემ ჩაუტარა. 35 წლის კალმახელიძე ვალერი იაშინის ნახევარძმა იყო. ისინი დედით ერთნი იყვნენ და ორივე ლენინგრადში ცხოვრობდა. კალმახელიძე „კაგებემ“ დააპატიმრა და მან პირველივე დაკითხვაზე აღიარა, რომ ბოლო სურათის ჩათვლით, სულ ხუთი სურათი ჰქონდა შეცვლილი. აქედან კი ოთხი თავისმა ძმამ სარფიანად, არალეგალურად გაყიდა იტალიაში. მიუხედავად იმისა, რომ კალმახელიძე უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტი იყო, მას დახვრეტის მუხლი მიუყენეს. პარალელურად, იტალიის პოლიციამ იაშინიც დააკავა. ის კოლექციონერ პაოლო დე სორდის ვილაში აიყვანეს და საბჭოთა კავშირში გადააფრინეს. იმავდროულად, კარაბინერებმა „ერმიტაჟს“ ხუთივე სურათი დაუბრუნეს. კალმახელიძე სწორედ ამან გადაარჩინა. სასიკვდილო განაჩენი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. ასევე, 15 წელი მიუსაჯეს ვალერი იაშინსაც, მის დიპლომატიურ კარიერას წერტილი დაესვა. ამასთან, იტალიურ ტელევიზიაში კარგა ხანს არ შეწყვეტილა ამ სკანდალის გაშუქება, რითაც საბჭოთა კავშირს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი