მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რა ტაქტიკას ირჩევს ზოგიერთი ცოლი „მოგულავე“ ქმრის შესანარჩუნებლად
2017-04-10
დალი მიქელაძე

გაუშვა ქმარი შენზე ახალგაზრდა მეტოქესთან, პრაქტიკულად, გმირობის ტოლფასია. თუმცა, ზოგჯერ ეს ის ტაქტიკაა, რომელიც ძალიან ამართლებს. მამაკაცს აღარ აქვს შემაკავებელი ბარიერი, აღარავინ უწევს წინააღმდეგობას და შესაბამისად, კარგავს აზარტს. სწორედ აზარტია, არცთუ იშვიათად ღალატის მაპროვოცირებელი. ფსიქოლოგებიც ადასტურებენ, რომ რაც მეტად ებღაუჭები ადამიანს, მით გააფთრებით მიიწევს გასაქცევად. თუ ცოლს მშვიდი ნერვები აქვს, შესაძლებელია, ქმარი საერთოდ გადააჩვიოს ღალატს. მთავარია, სწორად აუღოს ალღო – რატომ აკეთებს ის ამას და მოეხსნას წინაღობა.

 ნუნუკა (41 წლის): იტყვით, უკვე ისეთ ასაკში ვარ, როცა ქალები ქმრის ღალატზე თვალს ხუჭავენ, რომ ის სხვასთან არ წავიდეს. ტყუილია. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი წლის ხარ. თუ მეუღლე გიყვარს, შეუძლებელია, მისმა ღალატმა გული არ მოგიკლას. ბუნებრივია, მეც მაგრად მეტკინა. ისე მეტკინა, რომ მეგონა, გულიც კი გამისკდებოდა. არც ისე ადვილია, როგორც ახლა ვლაპარაკობ. უბრალოდ, ჩავლილი ამბავია და მეტ-ნაკლებად, განელებული მაქვს ტკივილი. ქმარიც სახლშია და მეხსიერებამ წარსულში „გადაისროლა“ მთელი ნეგატივი.
– და... უკვე თავისუფლად ლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ გაგექცათ ქმარი სხვა ქალთან და როგორ დააბრუნდეთ უკან?
– დავაზუსტებ – „გამექცა“ – არა! გავუშვი... „დავაბრუნე“ – არა! – დაბრუნდა... ეს ერთი და იგივე არ არის. ბევრს არ შეუძლია ის, რაც მე გავაკეთე. ჩემი ახლობელ-მეგობრები გიჟს მეძახდნენ. საკუთარ სიყვარულს, გრძნობას, თავმოყვარეობას გადავაბიჯე – ძნელია, გამიგოთ, როგორ  გავაკეთე ეს ან რატომ. ცოლების უმრავლესობა ხომ სხვანაირად იქცევა – გააფთრებული ებღაუჭება ქმარს მაშინაც კი, როცა ის ღამეებს სხვა ქალთან ატარებს. ჩემი უახლოესი დაქალიც კი გადამიდგა, ვისაც ყოველთვის ესმოდა ჩემი. გადარეული მეუბნებოდა: ნორმალური არ ხარ, რას აკეთებ? ინანებ... თუ გიყვარს, კი არ უნდა გაუშვა, უნდა იბრძოლო მისთვის, რომ მიხვდეს, როგორი ძვირფასია შენთვისო...
– რატომ არ დაეთანხმეთ?
– იმიტომ, რომ მსმენია ასეთი ამბები. როგორც კი კაცი ხედავს, რომ შენთვის რაღაცას წარმოადგენს, ეგრევე თავში უვარდება. დამიჯერეთ, კარგად შევისწავლე კაცების ფსიქოლოგია. ჩემი ქმარიც ძალიან ჩვეულებრივი მამაკაცია. სხვებისგან არაფრით განსხვავებული. როცა გავიგე, რომ მიღალატა, ბუნებრივია, აღვშფოთდი. ვიტირე. მერე მივხვდი, თუ არ გავუშვებდი, მთელი დარჩენილი ცხოვრება გავწამდებოდი. დავიღლებოდი ჩხუბით, ეჭვიანობით, ნერვიულობით, თვალთვალით. ჩემი ცხოვრება და ყოველდღიურობა ჯოჯოხეთად იქცეოდა. ადვილია ჩემი განსჯა... თითის საფეთქელთან მიტანა და „გადატრიალება“ – ანუ გააფრინა ამ საწყალმაო... შეიძლება, თავიდან ჩემი საქციელი მართლაც არ ჩანდა „ჭკუასთან მიახლოებული“, მაგრამ საბოლოოდ, დრომ აჩვენა, რომ მართალი ვიყავი.
– რაში იყავით მართალი?
– იმაში, რომ ქმარს არ მოვებღაუჭე. ისტერიკა არ მოვუწყვე და თავის მოკვლით არ დავემუქრე, თუ სახლიდან წავიდოდა ან იმ ქალს კიდევ შეხვდებოდა. ასე რომ მოვქცეულიყავი, დღეს ქმარი აღარ მეყოლებოდა. ოჯახური ცხოვრება რთულია. მით უფრო, ჩემი ქმრის გვერდით ცხოვრება არ იყო ადვილი. იცით, როგორი განცდა მქონდა სულ? – დენთით სავსე კასრზე რომ ზიხარ. ელოდები, როდის აფეთქდება და შენც ჰაერში აგიტანს. სამწუხაროდ, „გიჟური“ სიყვარული, რომელმაც ჩვენი ოჯახი შექმნა, მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა. მერე მარტო მე შემრჩა, სამწუხაროდ.
– რატომ, სამწუხაროდ? ცუდია, ქმარი რომ გიყვარს?
– ცუდი არ არის, მაგრამ თავის ტკივილია, ნამდვილი წამებაა. იმისთვის უკვე ჩვეულებრივი ქალი ხარ. შეუძლია, ფეხები დაგიბრახუნოს, გიყვიროს, უკანმოუხედავად გაიქცეს...
– რატომ უნდა გაიქცეს ან ფეხები რატომ უნდა აბრახუნოს?
– იმიტომ, რომ თავისი გაუვიდეს. იმიტომ, რომ სტრესსა და დაძაბულობაში გამყოფოს და იმისთვის, საკუთარ თავში დანაშაულის განცდა ჩაკლას.
– ასეთი განცდა აქვთ?
– რა თქმა უნდა. მერე რა, რომ არ აღიარებენ. ცდილობენ, მაქსიმალურად მეტი მიიღონ ცხოვრებისგან, ოღონდ მინიმალური დანაკარგებით. ანუ, იმას ვგულისხმობ, რომ შენ არ უნდა იეჭვიანო, ხმა არ უნდა ამოიღო, ზედმეტი არაფერი ჰკითხო, არ შეზღუდო და უკან არ სდიო. აბა, როგორ – კაცია და ყველაფერის უფლება აქვს. თუმცა, რას გიხსნით. მამაკაცების უმეტესობა ასე არ არის?! ყველას უნდა, ქალზე იბატონოს. ამიტომ, ნებისმიერი წინააღმდეგობა, როცა საქმე მათ ხუშტურებს ეხება, აზარტს უღვიძებთ. რაც მეტად ებღაუჭები, მით უფრო განძი ჰგონია თავი და ფასს იდებს. ჩემი ქმარი დარწმუნდა იმაში, რომ არაფრად მიღირდა. შეიძლება, ისიც იფიქრა, რომ უკვე მისი შემცვლელიც მყავდა. ამაზე არ გვილაპარაკია. საერთოდ არ გვილაპარაკია, – უბრალოდ, ვუთხარი – წადი იმასთან-მეთქი.
– ისიც წავიდა?
– როგორ გითხრათ, მთლიანად არ მოუხვეტავს ბარგი, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს იმასთან ატარებდა. მოვიდოდა – ხან როდის, ხან როდის. გამოიცვლიდა და წავიდოდა. ხმას არ ვიღებდი. საერთოდ არ ველაპარაკებოდი. ძალიან მიჭირდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვაჩვენებდი, რომ გულგრილი ვიყავი. იმ ქალზეც არაფერი მიკითხავს.
– თვითონ გითხრათ, რომ საყვარელი ჰყავდა? როგორ გაიგეთ?
– ვიგრძენი. ამის ახსნა შეუძლებელია. ვისაც გამოუცდია, ის მიხვდება და გამიგებს. ლამის ჭკუიდან შევიშალე. მთელ ემოციას ჩემში ვიკლავდი და ამან „დამანგრია“... წელიწადი გაგრძელდა ასე. ნამდვილი კოშმარი იყო, მაგრამ გავუძელი და დაბრუნდა. ისე გამოიყურებოდა, მაწანწალა ძაღლივით... იმ ქალის სახელის ხსენებაც კი არ უნდოდა. არ გამახსენოო, მითხრა.