მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ალქაჯებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით! #10
2017-03-06
ნინო ხაჩიძე

ანუ ყვავი მოხარშე უცეცხლოდ

 თითქოს The Independent-მა გვაუწყა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ალქაჯები, არც მეტი, არც ნაკლები, ამ ჩვენი ოკეანისგაღმელი და სულზე უტკბესი სტრატეგიული  ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
თუმცა მხოლოდ გაერთიანებას ვინ დაიჩივლებდა, რომ არა უფრო უარესი: დონალდ ტრამპის წინააღმდეგ რიტუალს ჩაატარებენ, რათა ის თანამდებობიდან გადადგესო.
მეტიც, თითქოს პირველ რიტუალს უახლოეს მომავალში გეგმავენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ალქაჯები მას იმდენჯერ გაიმეორებენ, ვიდრე სამიზნეში ამოღებული დონალდ ტრამპი თანამდებობას არ დატოვებს.
მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია და არც რიტუალი გამოიყურება, მაინცდამაინც, რთულ საქმედ.
ყოველ შემთხვევაში, ამბობენ, რომ საამისოდ საკმარისია მოსაჯადოებლის, ანუ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში – დონალდ ტრამპის ფოტო, კარტი, სანთელი და სპეცჯადოქრული ტექსტი.
ჩვენ არ ვიცით, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ამ პროცესში საკუთრივ ქართველი ალქაჯები, თუმცა, თუ გავისხენებთ, რომ, მაგალითად, ჩვენებურმა ყოფილმა მიხეილ სააკაშვილმაც კი გააკრიტიკა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი: ჩემთვის მიუღებელია მედიაზე ძალადობაო, ვფიქრობ, არ არის გამორიცხული, ზემონახსენებ რიტუალს საქართველოდან არა მხოლოდ „ალ“, „ქაჯებიც“ შეუერთდნენ. –