ზოგჯერ წასვლა უკეთესია
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 27.07

ის არ გაგტანჯავს. არც გატკენს, უბრალოდ, დაგავიწყებს, როგორი ხარ. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხანი იყავით ერთად.
არაფერს ამბობს, ჯერ არც გტოვებს, არც არაფერს გპირდება, მაგრამ მაინც გრძნობ, რომ სადღაც შორსაა და შენ ცდილობ დუმილის გაშიფვრას, სიცივის გათბობას, სიყვარულის ამოცნობას სიჩუმეში. მაგრამ გრძნობა, რომელსაც ითხოვ, უკვე აღარ არის გრძნობა — რჩება მხოლოდ მოლოდინი, მტკივნეული სიცარიელე და იმედგაცრუება... არ ღირს თვალის დახუჭვა და რეალობის არდანახვა.
გახსოვდეთ: ზოგჯერ წასვლა არ ნიშნავს დანებებას. უფრო პირიქით – ეს ნიშნავს საკუთარ თავთან დაბრუნებას.
წასვლა – ზოგჯერ ეს არის ძალა, რომელიც გაუცნობიერებლად მოდის. დაუჯერებლად შეიძლება, გეჩვენებოდეს, მაგრამ არის სიტუაციები, როცა წასვლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.
უთხარით საკუთარ თავს – მე აღარ დავრჩები იქ, სადაც აღარ ვიზრდები.
უპირატესობა შენზეა, როცა არ ელოდები, ის როდის მიხვდება, ვინ დაკარგა შენი სახით.
ზოგჯერ წასვლა სიყვარულის საუკეთესო ფორმაა საკუთარი თავის მიმართ.
და თუ ფიქრობ, რომ ეს სუსტი ნაბიჯია, დაფიქრდი, ვინ უფრო ძლიერია: ის, ვინც რჩება იმედგაცრუებაში თუ ის, ვინც ტოვებს და ყველაფერს ახალი ფურცლიდან იწყებს.
გრძნობების არქიტექტურა, ანუ რატომ გვინდა, რომ ის თვითონ მიხვდეს
ქალი ზის, ფინჯანს ათამაშებს და უყურებს კაცს, რომელმაც არ იკითხა, როგორი იყო მისი დღე. გულში იმედოვნებს: „ნეტავი თვითონ მიხვდეს…“
ქალი აგებს ემოციურ სივრცეს, სადაც ყველაფერი წონასწორობითაა გამაგრებული: სიჩუმე მითითებაა, გაღიმება მინიშნებაა, მზერა –კითხვა, მაგრამ მამაკაცს ეს ყველაფერი ძალიან იშვიათად ესმის.
რატომ გვსურს ქალებს, რომ მამაკაცები თავად მიხვდნენ ჩვენ სურვილებს?
იქნებ იმიტომ, რომ თუ თავად მიხვდა, ესე იგი, დაინახა; თუ დაინახა, ესე იგი დააფასა. ქალს აქვს გამართლება – „არ მინდოდა, მეთქვა… მინდოდა, გეგრძნო“.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ გრძნობა, რომელიც უტყვია, ხშირად მხოლოდ ერთის გულში ისმის. კაცი შეიძლება იყოს მზრუნველი, მაგრამ არა ინტუიციური.
ქალბატონებო, აჯობებს იცოდეთ:
სხვის გრძნობაში ჩაძირვა ვერ ხდება იმპულსურად და როცა ქალმა ემოციების ლაბირინთი თავად ააგო, მაგრამ პარტნიორს იქ შესასვლელი კარის გაღება არ ასწავლა, კაცი იბნევა.
შესაძლოა, გულწრფელობაც არქიტექტურაა. ურთიერთობაში კი გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია.
შერიგება თუ მეორე შანსი
ეს ორი სიტყვა – შერიგება და მეორე შანსი – ხშირად ერთმანეთში გვერევა, მაგრამ სინამდვილეში, მათ შორის განსხვავება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სიყვარულს, ურთიერთობასა და პიროვნულ ზრდას ეხება.
შერიგება – ეს არის მშვიდობის აღდგენა.
ეს შეიძლება, მოხდეს:
• მეგობრულად, ურთიერთპატივისცემით;
• სიყვარულით;
• ან ურთიერთობის სრული დასრულების შემდეგაც.
შეიძლება, ადამიანმა გაწყენინოს, მაგრამ შენ მიუტევებ და მშვიდად განაგრძობ ცხოვრებას. ესეც შერიგებაა – გრძნობების დალაგება, შურის ან წყენის გარეშე.
ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარულისგან დარჩენილი ჭრილობა მორჩა, თუმცა, ცხოვრება ისე ვეღარ გაგრძელდება, როგორც იყო.
მეორე შანსი — ეს უკვე ახალი შეთანხმებაა.
ეს გულისხმობს:
• ურთიერთობის განახლებას;
• ორივეს მხრიდან შეცდომების გააზრებას;
• გეგმას, როგორ არ გავიმეოროთ წარსული;
• რწმენას, რომ ახლა ნამდვილად სხვა ეტაპზე ვართ.
მეორე შანსი მუშაობას მოითხოვს. ეს არ არის, უბრალოდ, „გავაგრძელოთ იქიდან, სადაც გავჩერდით“. დიახ, ეს არის ახალის დაწყება იმავე ადამიანთან, მაგრამ ახალი წესებით.
P.S. მეორე შანსი ნიშნავს: მზად ვარ ისევ გენდო, მაგრამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმაზე უკეთესისთვის, რაც გვქონდა.
ჯერ გავარკვიოთ, რა გვინდა? დაუსვი საკუთარ თავს მარტივი კითხვები:
• მინდა, მშვიდად ვიყო თუ მინდა, ვცადო თავიდან?
• ვგრძნობ, რომ ეს ადამიანი შეიცვალა?
• მე თავად შევცვალე ის, რაც ადრე გვტკენდა?
• გვაქვს საერთო ნება, ვირწმუნოთ სხვანაირი მომავლის?
თუ პასუხია „არა“ – ალბათ, მხოლოდ შემორიგებაა სწორი გზა.
თუ პასუხია „დიახ“ – მეორე შანსიც შესაძლებელია. მაგრამ გახსოვდეს: მეორე შანსი არ უნდა იყოს იმავე წრეზე დაბრუნება. ის უნდა იყოს სულ სხვა, უკეთესი ურთიერთობის შექმნა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან