ვმართოთ ძლიერი განცდები
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 21.12
ემოციებით ცხოვრება ნიშნავს არა იმპულსურ რეაგირებას, არამედ შინაგანი ემოციური ინფორმაციის გამოყენებას.
ემოციები ორგანიზმის ენაა – სიგნალი, რომელიც გვიცავს, გვაფრთხილებს ან გვამოძრავებს. სულ გვაქვს კითხვები:
რატომ ხდება, რომ ზოგი ადამიანი ძალიან ემოციურია? ნიშნავს ეს სისუსტეს?
– არა! რეალურად ეს ნიშნავს:
•უფრო მგრძნობიარე ნერვულ სისტემას;
•ბავშვობაში ჩამოუყალიბებელ ემოციურ რეგულაციას;
•ამაღლებულ თვითშეფასებას;
•დახვეწილ ინტუიციას.
მთავარია, გვახსოვდეს, რომ პრობლემა არა ემოციები, არამედ მათი მართვის არცოდნაა.
როგორ ვმართოთ ძლიერი ემოციები?
•დავარქვათ მათ სახელი: ეს არის შიში, ეს არის წყენა, ეს არის იმედგაცრუება;
•არ შევაფასოთ საკუთარი განცდა. უბრალოდ, დავაკვირდეთ;
•დავიცადოთ 90 წამი – ნეიროფსიქოლოგიურად ნეგატიური ემოციის ტალღა ამ დროში გადის (დახუჭეთ თვალები და დაითვალეთ);
•არ მივიღოთ გადაწყვეტილებები აფექტში;
•შევქმნათ უსაფრთხო ემოციური რიტუალები – წერა, სუნთქვა, სიარული, მუსიკა.
ემოციებით ცხოვრება რეალური ძალაა. ისინი გვაძლევენ სიღრმეს სამყაროს სხვა ხედვას და წინსვლის მოტივაციას. საკმარისია, ვიყოთ შეგნებულები და შეგვეძლოს გააზრება.
აღვადგინოთ ურთიერთობა ჭკვიანურად
სიყვარული, რომელსაც მეორე შანსს ვაძლევთ, ყოველთვის სხვანაირია. აქ უკვე აღარ არის საუბარი პეპლებზე მუცელში, პირველ შთაბეჭდილებაზე ან იმ თავბრუდამხვევ ემოციაზე, რაც ამ გრძნობას პირველად მოაქვს. „ხელახლა სიყვარულში“ სხვა დინამიკაა – გამოცდილი, დაფიქრებული და მნიშვნელოვნად უფრო პასუხისმგებლიანი.
მაგრამ... როგორ ხდება ეს სწორად? მეორე შანსი ავტომატურად არ ნიშნავს შერიგებას.
პირველი ნაბიჯი: გულწრფელი შეფასება – ღირს თუ არა დაბრუნება?
აუცილებელია, ჰკითხოთ საკუთარ თავს:
•რატომ დავშორდით?
•გამოასწორა რამე მან?
•გავიზარდე მე და ზუსტად ვიცი, რა მინდა?
•რაც მაშინ გვაკლდა, დღეს გვაქვს?
მეორე ნაბიჯი: ემოციის ნაცვლად – ანალიზი. დაარქვით სახელი ყველაფერს, რაც არ მუშაობდა. სხვანაირად, წარსული ისევ იმ ფორმით დაბრუნდება.
„სიყვარული ხელახლა“ ნიშნავს ნულიდან დაწყებას, მაგრამ იმ ცოდნით, რომლითაც ახლა ხართ.
ეს მოიცავს:
•ახალ წესებს;
•ახალ საზღვრებს;
•ახალ კომუნიკაციას;
•ახალ პასუხისმგებლობას;
•და ყველაზე მნიშვნელოვანს – ძველ შეცდომებზე ყურადღების გამახვილებას!
გახსოვდეთ, როცა ურთიერთობას ხელახლა იწყებთ:
•ნუ შეეხებით იმ თემებს, რომელთა „განკურნებაც“ ბოლომდე არ მომხდარა;
•ნუ მოითხოვთ იმას, რისი მიცემაც თავადაც არ შეგიძლიათ.
გამოსწორებული ურთიერთობა იქ იწყება, სადაც პატივისცემა აღარ არის სათხოვარი – ის უკვე ბუნებრივი ყოველდღიურობაა.
ნდობის აღდგენა – პროცესი, არა დაპირება
„აღარ გავიმეორებ“ – ეს სიტყვები კარგია, მაგრამ არაფერს ნიშნავს.
ნდობაზე უნდა იმუშაოთ. დიახ, ეს სერიოზული სამუშაოა: ყოველდღიური, ფრთხილი, თანმიმდევრული.
ნამდვილი ნდობა იქ ჩნდება, სადაც:
•ქმედება ემთხვევა სიტყვას;
•წარსული აღარ მეორდება;
•ორივე მხარე აღიარებს თავის წილ პასუხისმგებლობას.
სიყვარულის ხელახლა პოვნას ნამდვილად აქვს დიდი ბონუსი. როცა ორი ადამიანი ერთმანეთთან ბრუნდება, რაღაც საოცარი ხდება – ისინი ერთმანეთის ახალ ვერსიას აღმოაჩენენ. ამაშია „მეორე შანსის“ მთავარი მაგია.
ეს სიყვარული უფრო მშვიდია, მაგრამ გაცილებით ღრმა და შინაარსიანი. როცა უკვე იცი, რომ ურთიერთობა, უბრალოდ, ემოცია კი არა, ყოველდღიური არჩევანია.
და მაინც – ყველა სიყვარულია გადასარჩენი?
ზოგჯერ „მეორე შანსის“ სურვილი მარტოობის შიშია და არა სიყვარული. ზოგჯერ მონატრება მხოლოდ დისკომფორტის დროებითი რეაქციაა. ამიტომაც, სიყვარულის დაბრუნება სწორია მხოლოდ მაშინ, როცა:
•ორივე გაიზარდა;
•ორივე შეიცვალა;
•არცერთს არ უნდა „იმავე ტკივილებში დაბრუნება“ და იმავე შეცდომების დაშვება.
ეს არის ყველაზე ზრდასრული ფორმა სიყვარულისა – სადაც გრძნობა და გონიერება ერთად მუშაობს. დიახ, ხელახლა სიყვარული შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ორივე ადამიანი მზად არის, ყველაფერი თავიდან ააშენოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





