სიყვარული, თავისუფლება და…
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 07.12
საუკუნეების განმავლობაში ქალის როლი მუდმივად იცვლებოდა და გარდაიქმნებოდა დედად, მეუღლედ, მეომრად, შემოქმედად. თანამედროვე ქალი კი ერთდროულად ყველგან არის – ოჯახშიც, სამსახურშიც, საკუთარ ოცნებებშიც.
და მაინც, ყველაზე რთული ბრძოლა, რომელიც დღემდე გრძელდება, არ არის გარე სამყაროსთან, ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან, სურვილებთან და იმ სტერეოტიპებთან, რომლებიც ტრადიციად იქცევა და თაობიდან თაობას გადაეცემა.
ქალი დღესაც ხშირად დგას რთული არჩევნის წინაშე.
ხშირად გვესმის, რომ ქალის დამოუკიდებლობა ახირებად აღიქმება. თითქოს თავისუფლება სიამაყეა, თითქოს წარმატებაა – სიამოვნებაა, მეტისმეტად ძვირად ღირებული. მაგრამ სინამდვილეში, დამოუკიდებლობა ქალისთვის ხშირად თვითგადარჩენაა. ეს არის სურვილი, არ იყოს ვიღაცის სცენარის გაგრძელება.
ქალი, რომელიც გადაწყვეტილებებს თავად იღებს და შეცდომასაც თვითონ ეჯახება, მარტო არ არის – ის თავის ძალას ეძებს. და როცა ამ ძალას პოულობს, ხვდება, რომ „ქალური ახირება“ სინამდვილეში მისი შინაგანი ხმა იყო, ხმა, რომელიც ბოლოს და ბოლოს მოისმინა.
სიყვარული და თავისუფლება თითქოს ყოველთვის სხვადასხვა მხარეს დგანან. ერთს მუდმივი ყოფნა უნდა, მეორეს – თავისუფალი სივრცე. მაგრამ სინამდვილეში, ისინი ერთმანეთს მაშინ ერწყმიან, როცა ადამიანი აღარ ეძებს მეორეს მარტო დარჩენის შიშით. ქალი, რომელიც საკუთარ თავს კარგად იცნობს, აღარ იკარგება სიყვარულში.
ის რჩება მხოლოდ იქ, სადაც არის სითბო და პატივისცემა. როცა ქალი შინაგანად თავისუფალია, მისთვის სიყვარული აღარ არის ბორკილი – ის ხდება სივრცე, სადაც ორივე მხარე ბედნიერია.
ეს ახალი ცხოვრებაა – უფრო მშვიდი, უფრო ნამდვილი.
კარიერა და ემოციები
დღეს ქალი წარმატებულია! – ამ ფრაზას ისეთი სიამაყით ვამბობთ, თითქოს საუკუნოვანი ბრძოლა საბოლოოდ მოვიგეთ. თუმცა ამ გამარჯვების უკან ხშირად დგას უხილავი დაღლილობა, ჩუმი ცრემლები, შინ დაბრუნების შემდეგ გათიშული ტელეფონი და ფიქრი: „ნეტავ ღირს კი ეს ყველაფერი?”
წარმატებული ქალის ცხოვრება გარედან მარტივი ჩანს: კარგად აწყობილი დღე, მტკიცე ნაბიჯები, მოწესრიგებული გარეგნობა, ყურადღება დეტალებზე... მაგრამ შიგნით სულ სხვა ისტორია ტრიალებს – მუდმივი კონტროლი; შიში, რომ შეცდები, რომ ვერ მოასწრებ, რომ დაკარგავ პოზიციას, რომ გრძნობები ხელს შეგიშლიან... ქალი, რომელმაც კარიერა აირჩია, ხშირად იჩენს მოჩვენებით სიძლერეს – იმიტომ რომ ემოციის ჩვენება სისუსტედ მიიჩნევა. ის მაშინაც იღიმის, როცა შიგნით ყველაფერი სტკივა, იმიტომ რომ თავს ემოციის გამოხატვის უფლებას ვერ აძლევს.
როცა ქალი არ გამოხატავს ემოციას, ეს არ ნიშნავს, რომ ის არაფერს გრძნობს. ის აგროვებს ყველაფერს – წყენას, დაღლილობას, თვითკრიტიკას და ერთ დღეს ეს დაგროვილი ემოციები იღებს ხმას. თავდაპირველად, უბრალოდ, უძილობაა, მერე გაღიზიანება, ბოლოს – სიცარიელის შეგრძნება. ეს ემოციური გადაღლაა, დაკარგული ბალანსი საკუთარი თავთან.
დიახ, ჩვენ გვასწავლეს, ვიყოთ ძლიერები, მაგრამ არ გვასწავლეს, როგორ ვიყოთ ძლიერები ისე, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ემოციური მხარე. რეალურად, ემოცია არ არის სისუსტე, ის ენერგიის წყაროა. ქალი, რომელიც ტირის, სუსტი კი არ არის, უბრალოდ, ცოცხალია. ემოციების მიჩქმალვა თითქოს გიცავს, მაგრამ თანდათან გაქცევს ისეთ ადამიანად, რომელიც იღიმის მაშინაც კი, როცა გულს სტკენენ.
და მაინც, როგორ დავაბალანსოთ კარიერა და ემოციები?
შევთანხმდეთ იმაზე, რომ ბალანსი არ ნიშნავს ნაკლებ ამბიციას.
ეს ნიშნავს ემოციურ სიმწიფეს – უნარს, იცოდე, როდის უნდა გამორთო ტელეფონი, როდის უნდა გაჩუმდე და როდის უნდა იტირო ისე, რომ არ შეგრცხვეს.
როცა ქალი საკუთარ გრძნობებს პატივს სცემს, კარიერა და ემოციები ერთმანეთს არ გამორიცხავენ – პირიქით, ისინი აძლიერებენ ერთმანეთს.
სოციალური ნიღბები
ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა როლებით: სამსახურში – პროფესიონალი, მეგობრებთან – მხიარული, სახლში – მშობელი, შვილთან – ნაზი, უცხოსთან – -თავშეკავებული...
ეს ყველაფერი ნორმალურია – სოციალურმა ურთიერთობებმა მოითხოვა გარკვეული ფორმები, ეტიკეტი და თვითკონტროლი. თუმცა, ხშირად ამ როლებს ისე ვეჩვევით, რომ ერთ დღესაც ვერ ვიგებთ – ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში?
სოციალური ნიღაბი იბადება იქ, სადაც რეალობა და მოლოდინი ერთმანეთს არ ემთხვევა. როცა გვგონია, რომ ყველას უნდა მოვეწონოთ, ვიყოთ ყოველთვის მშვიდები, წარმატებულები და უშეცდომოები... და ნელ-ნელა ჩვენი სახე ნიღაბს ემსგავსება, რომელიც ისე კარგად გვაქვს მორგებული, რომ ზოგჯერ თავად გვიჭირს მისი მოხსნა.
ფსიქოლოგების აზრით, სოციალური ნიღბის ტარების მიზეზი უმეტესად შიშია, შიში, რომ არ მიგვიღებენ ისეთად, როგორებიც ვართ. შიში; რომ სისუსტეს შეგვამჩნევენ;
შიში, რომ ნამდვილობამ შეიძლება, გული ატკინოს სხვას ან დაგვაკარგვინოს სტატუსი.
ამ შიშის უკან ხშირად ბავშვობიდან ჩამოყალიბებული ფრაზებია:
„არ იტირო“, „ნუ აჩვენებ, რომ გეწყინა“, „ხალხი რას იტყვის“.
ასე ვსწავლობთ საკუთარი ემოციების დამალვას და ზრდასრულ ასაკში ვამთავრებთ „სწორად მორგებული“ ნიღბებით.
აუცილებელია იმის გააზრება, რომ სოციალური ნიღაბი თითქოს გვიცავს, მაგრამ ამავე დროს გვაშორებს საკუთარ თავს. როცა მუდმივად თამაშობ, შიგნით დაგროვილი დაძაბულობა იზრდება. ადამიანი კარგავს ენერგიას, რადგან ვერ აფიქსირებს საკუთარ ემოციებს, ვერ სუნთქავს გულწრფელად. ჩნდება დაუკმაყოფილებლობა, სტრესი და ხშირად – იდენტობის კრიზისი.
როგორ მოვიხსნათ ნიღაბი – ნიღბის მოხსნა არ ნიშნავს უხეშობას, ან სოციალური წესების უარყოფას. ეს ნიშნავს შინაგანი თავისუფლების დაბრუნებას – როცა შეგიძლია, იყო მშვიდი, გულწრფელი და ნამდვილი.
პირველი ნაბიჯი ცნობიერებაა: შეამჩნიე, როდის და ვისთან ირგებ ნიღაბს.
მეორე ნაბიჯი – ნელ-ნელა გამოავლინე შენი ნამდვილი რეაქციები, მცირე დოზით.
და ბოლოს, ისწავლე, რომ სიყვარულს არ სჭირდება სრულყოფილება – ადამიანებს ნამდვილი ადამიანები უყვართ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





