ქალი და კაცი

როცა საქმე ქორწინებას ეხება

№25

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 06.07

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქორწინება – ეს სიტყვა ზოგიერთ ქალს ბავშვობიდან რომანტიკული ზღაპრების ასოციაციებით უკავშირდება, მამაკაცებისთვის კი ხშირად ემოციური და ფსიქოლოგიური შფოთვის წყარო ხდება.

რატომ არის ასე?

რატომ ჩნდება შინაგანი წინააღმდეგობა მაშინ, როცა ურთიერთობა თითქოს მომწიფებულია და ლოგიკური გაგრძელება – ოფიციალური ოჯახი – ბუნებრივად ჩანს?

მამაკაცებისთვის თავისუფლება ხშირად ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად აღიქმება. პირადი სივრცე, თავისთავადობის განცდა – ეს ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობა ხშირად არ არის მარტივად შესატყვისი ქორწინების ინსტიტუტთან.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ოჯახური ურთიერთობები სულ უფრო მოქნილი ხდება, ქორწინებას კვლავაც თან ახლავს სტერეოტიპული წნეხი: კაცს „სახლში მოყვანილი“ ცოლი უნდა შეინახოს, უზრუნველყოს, დააფინანსოს, ემოციური ბალანსიც უნდა შეინარჩუნოს – ეს კი შიშს იწვევს.

მამაკაცები ხშირად უკეთ არიან ურთიერთობებში, როცა იქ ბუნებრივი დინამიკაა – ცოტაოდენი მანძილი, გარკვეული დამოუკიდებლობა. ქორწინების ფორმალური მომენტი – საზეიმო გაფორმება, ახლობელთა თვალები, საჯარო დაპირებები – ეს ყველაფერი მათი ემოციური დატვირთვის კულმინაციაა. სწორედ ამიტომ ბევრი მამაკაცი ასეთ სიტუაციაში თავს დაუცველად გრძნობს.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – საზოგადოებრივი აღზრდის ტრადიცია. ბიჭებს ბავშვობიდან ასწავლიან, რომ უნდა იყვნენ ძლიერი, დამოუკიდებელი, ნაკლებად ემოციური. სწორედ ამ „ბრონირებული“ როლიდან გადახვევა – მაგალითად, სიყვარულის საჯარო აღიარება და „ბეჭდის დადება“ — შინაგან წინააღმდეგობას წარმოქმნის.

პარტნიორის მოთმინება, ურთიერთგაგება და ემოციური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია. იმის გაცნობიერება, რომ ქორწინება არ არის ტყვეობა, არამედ ურთიერთობის ახალი საფეხური, ბევრ მამაკაცს ეხმარება შიშის გადალახვაში.

ზოგჯერ, უბრალოდ, დროა საჭირო. ზოგჯერ — პარტნიორის გულწრფელი მხარდაჭერა. და მთავარია, რომ საზოგადოებამაც ნელ-ნელა ისწავლის, კაცის ემოციური სიფაქიზე აღიაროს არა სისუსტედ, არამედ ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობად.

დაქორწინებული მამაკაცი

ამბობენ, რომ დაქორწინებული მამაკაცის ქცევა საკმაოდ განსხვავდება უცოლოსაგან, რაც სავსებით ლოგიკურია. ოჯახური ცხოვრება ცვლის ჩვევებს, გატაცებებს, ცხოვრების წესს, პრიორიტეტებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქორწინების თანმხლებ სტრესზე. დაქორწინების შემდეგ ცოლს ისევე უნდა მოეპყრას კაცი, როგორც შეუღლებამდე. ქალს ყოველთვის სჭირდება მამაკაცის მზრუნველობა.

დაოჯახებულ კაცებს კი ხშირად სხვა ქალებისკენ გაურბით თვალი. ქმარმა ცოლს არ უნდა აგრძნობინოს, რომ სხვა ქალი უფრო მიმზიდველი, ლამაზი და საინტერესოა. ქალს ისედაც მშვენივრად ესმის, რომ მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოს, ქმრისთვის სწორედ ის არის საუკეთესო. ამიტომ მამაკაცს მეუღლისადმი დიდი ტაქტი და სიყვარული მართებს შინ თუ გარეთ.

ქმარი ყოველთვის უნდა ინტერესდებოდეს ცოლის ცხოვრებით, სამსახურში მისი მიღწევებით, კოლექტივის სიახლეებით. მეუღლეებს ერთმანეთის წარმატება უნდა ახარებდეთ, მძიმე პერიოდში კი ერთურთი უნდა გაამხნევონ.

ზოგიერთი მამაკაცის აზრით, საშინაო საქმეები მხოლოდ ქალის ვალდებულებაა. ადრე ასეც იყო. მამაკაცი ოჯახს მატერიალურად უზრუნველყოფდა, ქალი კი მეურნეობას უძღვებოდა. ახლა ქალი კაცივითაც შრომობს, იმავდროულად, საშინაო საქმეებიცა და ბავშვების აღზრდაც ისევ მის კისერზე რჩება. ასეთ დროს ქმრის დახმარება აუცილებელია, ამით კაცი ამტკიცებს, რომ უყვარს, აფასებს და ზოგავს ცოლს. სხვაგვარად ქალი ყოველთვის დაღლილი და უხასიათო იქნება, რაც ოჯახური კონფლიქტის სათავედ იქცევა. დროთა განმავლობაში კი ქალი დაკარგავს მიმზიდველობას და სწრაფად დაბერდება.

ერთობლივად უნდა გადაიჭრას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა, მაგალითად, მანქანის ან ბინის შეძენა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სხვადასხვაგვარი გარიგება და ასე შემდეგ. თუმცა, ასეთ დროს მამაკაცის აზრი გადამწყვეტი უნდა იყოს.

დაქორწინების შემდეგ უპრობლემო ცხოვრება ძალზე იშვიათია, თუმცა ქალსა და კაცს თავადვე შეუძლიათ კონფლიქტური სიტუაციების შემცირება და აღმოფხვრა. ნუ ეცდებით, ოჯახური სირთულეები ყვირილითა და შეურაცხყოფით გადაწყვიტოთ, უმჯობესია, თუ პრობლემებს თანხმობითა და სიყვარულით გაუმკლავდეთ.

კითხვა: რატომ?

ბევრი ქალი საყვარელ ადამიანთან განშორებისას ვერაფრით ხვდება, რატომ მიატოვა მამაკაცმა. მამაკაცთა აზრით კი, არსებობს განშორების რამდენიმე გავრცელებული მიზეზი. ესენია :

•ქალი უინტერესო გახდა

მამაკაცებს მრავალფეროვნება მოსწონთ. ზოგ ქალს ეს არ შეუძლია, ან საერთოდ არ აღელვებს. როცა ქალთან კავშირი ერთფეროვანი და უინტერესო ხდება და სალაპარაკოც აღარაფერი აქვთ, ქალი მათ თვალში ფასს კარგავს.

•განსხვავებულობა

კაცებს უყვართ ქალები, რომლებსაც საკუთარი თვალსაზრისი აქვთ, მაგრამ ამ თვალსაზრისს არავის და მით უმეტეს, საყვარელ მამაკაცს ძალით თავს არ ახვევენ.

•„ისტერიკიანი“ ქალი

ადრე თუ გვიან ყველა ქალი გამოთქვამს უკმაყოფილებას, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მაგრამ უკმაყოფილების გამოხატვის ფორმა შეიძლება, განსხვავებული იყოს. მეტისმეტად ემოციური და თავშეუკავებელი მოქმედებები მამაკაცს აფრთხობს. ამჯობინებს ასეთი ქალისგან თავი შორს დაიჭიროს.

•მოუვლელი ქალი

ზოგჯერ, კაცის გულის მონადირებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ქალი საკუთარი თავის მოვლას წყვეტს. არადა კაცს, ვთქვათ ერთი წლის წინ ეშხიანი, შავთმიანი ლამაზმანი შეუყვარდა, ახლა კი იგი კუდიან დედაბერს ჰგავს გაჩეჩილი თმითა და უფორმო საშინაო სამოსით.

•ანგარება

როცა კაცი ხვდება, რომ ქალს მასთან ურთიერთობა მხოლოდ მისი „სქელი ჯიბის“ გამო სურს, მაშინვე კარგავს ინტერესს რჩეულისადმი. კაცებისთვის გრძნობები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქალებისთვის.

•გათხოვების სურვილი

ბევრ მამაკაცს აფრთხობს დაქორწინების პერსპექტივა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალი მიანიშნებს, რომ მის ცოლობაზე ოცნებობს. ასეთ შემთხვევაში მამაკაცი გაცლას ამჯობინებს.

•ღალატი

მამაკაცი ქალზე გაცილებით იშვიათად პატიობს ღალატს და ეს მისთვის ძალიან სერიოზული მიზეზია ურთიერთობების გასაწყვეტად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა