როცა ქალი იბუტება, კაცი კი იბნევა
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 29.03
როცა ქალი იბუტება, კაცი ხშირად ვერ ხვდება, რა უნდა გააკეთოს. ის პირდაპირ ეკითხება: „რა მოხდა?“ და იღებს პასუხს: „არაფერი.“ ამ მომენტში მისთვის ლოგიკა მთავრდება. სრულიად უძლურია, ამოხსნას ამოცანა, რომელსაც პარტნიორი სთავაზობს. დიახ, ამ დროს კაცი პრობლემას ისე უყურებს, როგორც ამოსახსნელ ამოცანას. არსებობს მიზეზი, უნდა არსებობდეს პასუხი. მაგრამ ქალის გაბუტვა მიზეზს არ ასახელებს. ის მალავს. და კაცისთვის ეს გაუგებრობაა. „რატომ არ შეიძლება პირდაპირ თქმა? რატომ უნდა ვიფიქრო, დავიღალო და ვიწვალო, რომ მივხვდე?“
მაგრამ, რაც დრო გადის, კაცი ხვდება: გაბუტვა სიტყვების ნაკლებობა კი არა, ემოციის სიჭარბეა. ქალი არ ითხოვს გამოძიებას. ის ითხოვს ყურადღებას და მისი პრობლემით დაინტერესებას. როცა კაცი ამ სიჩუმეს ებრძვის, კონფლიქტი იზრდება და ურთიერთობაც იცვლება.
ქალის გაბუტვა პარტნიორი მამაკაცისთვის თავდაპირველად დისკომფორტია. მაგრამ საბოლოოდ, ეს არის სიგნალი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი შეუმჩნეველი დარჩა.
„არაფერი“ – ეს არის პასუხი, რომელიც კაცს არ აკმაყოფილებს.
კაცისთვის „არაფერი“ ნიშნავს – საკითხი დახურულია.
ქალისთვის „არაფერი“ ნიშნავს – „შენ თვითონ მიხვდი.“
ეს არის ორი განსხვავებული ენა ერთ ურთიერთობაში. კაცი ასეთ დროს ხშირად იცავს თავს და ფიქრობს, რომ უსამართლოდ ადანაშაულებენ, რომ ისევ რაღაც გააფუჭა.
მას შეიძლება არ ესმოდეს, რატომ გახდა პატარა დეტალი დიდი პრობლემა. მაგრამ იწყებს გაცნობიერებას – ქალს ამ დეტალმა კი არ ატკინა, არამედ უყურადღებობამ. თუ კაცი ამას დაინახავს, აღარ იქნება ომი, არამედ დაიწყება დიალოგი, რომელიც ურთიერთობას მხოლოდ გააჯანსაღებს.
ვისთან ერთად ცხოვრობთ
ურთიერთობაში ყველას გვინდა სიყვარული, სანდოობა და მხარადაჭერა. მაგრამ როგორ დავინახოთ ის ნიშანი, როდესაც ჩვენი პარტნიორი ნელ-ნელა ჩვენს ცხოვრებას მართავს, გვაკონტროლებს ან ემოციურად მანიპულირებს?
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს, რომ ამოიცნოთ, ცხოვრობს თუ არა თქვენთან მანიპულატორი ქმარი ან პარტნიორი:
•მუდმივი შენიშვნები – მას ყოველთვის აქვს შენიშვნა თქვენზე, ხშირად უმნიშვნელო დეტალების გამო;
•გაზლაითინგი – ანუ მცდელობა, მოგატყუოთ და უარყოს რეალობა, ნამდვილი ფაქტები. თქვენ კი იწყებთ საკუთარი მეხსიერების ან აღქმის ეჭვქვეშ დაყენებას;
•იზოლაცია – ნელ-ნელა ახერხებს თქვენს იზოლირებას გარე სამყაროსგან. მინიმუმამდე დაგაყვანინებთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას;
•საჭიროების აღრევა – აშკარად ცდილობს, რომ საკუთარი საჭიროებები ნელ-ნელა დაივიწყოთ, ან უმნიშვნელო გახადოთ;
•დამნაშავე თქვენ ხართ – კამათში ყოველთვის თქვენ ხართ დამნაშავე, პრობლემებს კი თქვენვე იქმნით;
•საზღვრის გადაკვეთები – ყურადღებას არ აქცევს თქვენს პირად სივრცეს და სურვილებს;
•ემოციური შანტაჟი – იყენებს ემოციებს, რომ თქვენ შეშინდეთ, ვერ დაწყნარდეთ და უარყოთ საკუთარი გადაწყვეტილებები;
•კონტროლი – ცდილობს აკონტროლოს დრო, მეგობრები, საბანკო ანგარიში, მიმოწერა, თქვენი ყოველდღიური რუტინაც კი;
•მოჩვენებითი სიმშვიდე და ბედნიერება გარეთ – საზოგადოებაში ხშირად ძალიან ყურადღებიანი, მეგობრული და საყვარელია, შინ კი სხვაგვარად იქცევა;
•თქვენი თვითგაუფასურება – მუდმივად გრძნობთ, რომ არასდროს ხართ მოწოდების სიმაღლეზე ან საკმარისად კარგი არ ხართ.
დასკვნა:
პირველი ნაბიჯი პრობლემის დასამკვიდრებლად – აღიარება. როცა ხედავთ ამ ნიშნებს, ეძიეთ ადამიანების მხარდაჭერა, მოიპოვეთ ინფორმაცია, კარგია კონსულტაცია ფსიქოლოგთან. მონდომება თქვენი თავისუფლებისა და ემოციური ჯანმრთელობის აღსადგენად გადამწყვეტია.
რატომ არ მიდიან ქალები
მოდი, გავიგოთ, რატომ რჩებიან ქალები მძიმე და დამღლელ ურთიერთობაში, მიუხედავად იმ აშკარა ნიშნებისა, რომ პარტნიორი მათ ემოციურად ან ფსიქოლოგიურად მანიპულირებს.
მთავარი მიზეზებია:
•ფრთხილი დამოკიდებულება – მონდომება, რომ ოჯახი შეინარჩუნონ, განსაკუთრებით თუ შვილები ჰყავთ;
•ნდობის რღვევა საკუთარ თავში – მანიპულატორი ხშირად ისე ღრმად იჭრება გონებაში და ზემოქმედებს მასზე, შედეგად ქალი ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ აღქმასა და გადაწყვეტილებებს;
•ფინანსური დამოკიდებულება – ზოგიერთი ქალისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის არქონა უშლის ხელს ამ ნაბიჯის გადადგმაში;
•საზოგადოებრივი სტიგმა – შიში, რომ საზოგადოება გააკრიტიკებს ან „უხერხულ“ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან;
•მომავლის შიში – „რა მოხდება, თუ წავალ. მე ხომ სუსტი ვარ. დავიღუპები?“ – ეს კითხვა მუდმივად ტანჯავს მსხვერპლს.
•მცირე „შემობრუნების“ მომენტები, ყალბი სითბო: მანიპულატორები ხშირად შანსს აძლევენ მსხვერპლს და ამით „იმედის“ შენარჩუნების იმიტაციას უქმნიან.
• ფსიქოლოგიური დაქვემდებარება – ქალები გრძნობენ, რომ მარტო ვერ შეძლებენ გაუმკლავდნენ გამოწვევებს და შეეგუონ ცვლილებას, ეშინიათ ემოციური კრახის.
მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ქალი, რომელიც გრძნობს, რომ კარგავს საკუთარ ძალას, თვითშეფასებას ან ხედავს, რომ მუდმივად აკონტროლებენ, მიაგნოს დახმარებას. მეგობრები, ფსიქოლოგები და სპეციალიზებური სერვისები შეიძლება, გახდეს ის ძალა, რომელიც საშუალებას მისცემს ქალს, კვლავ იპოვოს საკუთარი თავი და პიროვნული თავისუფლება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





