როგორ უნდა გამიგო
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 08.02
რას ამბობს ქალი და რა უნდა იცოდეს მამაკაცმა?
ქალი ამბობს: მე არ მჭირდება იდეალური კაცი, მე არ მჭირდება გმირი, არც გადამრჩენი. მე მჭირდება კაცი, რომელსაც არ შეეშინდება მაშინ, როცა ჩუმად ვიქნები.
მე მაშინ არ ვჩუმდები, როცა არაფერი მაქვს სათქმელი. მე ვჩუმდები მაშინ, როცა ძალიან ბევრი მიგროვდება შიგნით და სიტყვებით ვერ გადმოიცემა. ამ დროს ნუ მეტყვი, „ილაპარაკე“. უბრალოდ, იყავი ჩემ გვერდით.
როცა გიყვები ჩემს გავლილ დღეზე, პრობლემაზე, ემოციაზე, ნუ იფიქრებ, რომ გამოსავალს გთხოვ. ხშირად მხოლოდ იმის ცოდნა მინდა, რომ ვიღაცას ჩემი ტკივილი ბოლომდე ესმის და არ ცდილობს მის გაუფასურებას.
ვიცი, მე ძლიერი ვარ. ხშირად ვიდექი ფეხზე მაშინაც, როცა არავინ მედგა მხარში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მინდა, ყოველთვის ძლიერი ვიყო. ხანდახან მჭირდება ადგილი, სადაც შემიძლია, დავიღალო და არ შემრცხვეს ამის.
ნუ შემადარებ სხვა ქალებს, ნურც ყოფილებს, ნურც წარმოსახვით იდეალებს. სულ გახსოვდეს, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც საკუთარი ისტორია, ტკივილი და გზა აქვს.
თუ რამე არ მომწონს და გეუბნები – ეს შეტევა არ არის, ეს ნდობაა. მე შენ გეუბნები, რადგან შენთან საუბარი ჯერ კიდევ ღირს.
ნუ შეგეშინდება ჩემი ემოციების. ეს ქაოსი არ არის, ეს ჩემი ენაა. თუ მოისმენ, ბევრ რამეს გაიგებ ჩემზე ისე, რომ სიტყვის თქმაც არ დამჭირდება.
მე არ მჭირდება კონტროლი. არ მინდა შეზღუდვა. მინდა არჩევანი და ამ არჩევანში მე აუცილებლად აგირჩევ შენ.
და ბოლოს, ყველაზე მთავარი: თუ გამიღიმებ მაშინაც, როცა არ ვიღიმი, თუ იქნები ჩემ გვერდით მაშინაც, როცა ცუდად ვარ, თუ არ შეგეშინდება ჩემი ფიქრების, გარწმუნებ, შენ უკვე გამიგე და აუცილებლად ვიქნები შენთან.
რას ითხოვს ქალი
იყო დრო, როცა ითხოვდა სიტყვებს, ყურადღებას, დროის ნაწილს, გულწრფელობას… ფიქრობდა, რომ სიყვარულისთვის იყო საჭირო ახსნა, თხოვნა, მოთმინება...
ახლა აღარ ითხოვს – არა იმიტომ, რომ აღარ უნდა.
არამედ იმიტომ, რომ მიხვდა, რასაც თხოვნა სჭირდება, ის შენი არასოდეს იქნება.
ქალი, რომელიც ითხოვს, ყოველთვის ოდნავ დამცირებული რჩება.
ის საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ცოტა კიდევ უნდა დაელოდოს, ცოტა კიდევ უნდა აუხსნას, ცოტა კიდევ უნდა აპატიოს...
და აღარ უხსნის.
არც ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანია. თუ შენ ამას თავად ვერ ხედავ — ეს უკვე პასუხია.
ახლა ის მხოლოდ იღებს: თუ მოდის სითბო – იღებს,
თუ მოდის ყურადღება – იღებს, თუ მოდის სიყვარული – იღებს მთელი გულით. მაგრამ თუ არ მოდის, ის აღარ სვამს კითხვებს, რომლებზეც პასუხი ქცევაში უკვე ჩანს. აღარ უსმენს დაპირებებს, რომლებსაც მოქმედება არ ახლავს. აღარ ცხოვრობს იმედით, რომელიც ყოველ ჯერზე მხოლოდ მას სჭირდება.
კაცებმა კი არ იციან, რომ როცა ქალი აღარ ითხოვს, ის საშიში ხდება. არა იმიტომ, რომ ბოროტია, არამედ იმიტომ, რომ თავისუფალია. ასეთ ქალს ვერ შეინარჩუნებ სიტყვებით. ვერც დაპირებებით. ვერც დროებითი ყურადღებით. ის ან იღებს იმას, რასაც იმსახურებ ან მშვიდად დგება და მიდის.
და მისი წასვლა არასოდეს არის ხმაურიანი. არ ახლავს სკანდალი. არ დგამს დრამას.
და არის სიჩუმე, რომელშიც ყველაფერი საბოლოოდ ნათქვამია.
მოსმენის ხელოვნება
ჭკვიანი მამაკაცი, პირველ რიგში, ის არ არის, ვინც ბევრს ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც სწორად უსმენს. ქალებს სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მის ემოციას ბოლომდე მიიღებს, არ შეაწყვეტინებს, არ გააუფასურებს და არ გადათარგმნის საკუთარ ენაზე.
ჭკვიანი მამაკაცი სწავლობს ქალის ემოციების წაკითხვას: ტონით, სიჩუმით, ფრაზებს შორის დარჩენილი სიცარიელით. ხშირად ქალი ამბობს: „არაფერი არ ხდება“, მაგრამ ჭკვიანი მამაკაცი მიხვდება, რომ ეს „არაფერი“ ყველაზე ხმაურიანი სიგნალია.
მოსმენა ნიშნავს პასუხისმგებლობას. თუ ქალი გიხსნის საკუთარ შიშს, ტკივილს ან იმედგაცრუებას, ის დროებით გაძლევს უფლებას, „შეეხო“ მის შიდა სამყაროს. ჭკვიანი მამაკაცი ამ სივრცეს ფრთხილად ექცევა – არ დასცინის, არ აკნინებს, არ ადარებს სხვებს.
ქალის გაგება არ ნიშნავს ყოველთვის დათანხმებას. ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მისი განცდა რეალურია, თუნდაც, შენთვის გაუგებარი იყოს. ჭკვიანი მამაკაცი არ ამბობს: „არასწორად ფიქრობ“, ის ამბობს: „ვცდილობ, გავიგო, რატომ ხარ ასე“.
და ბოლოს, მოსმენა ნიშნავს თანადგომას მაშინაც კი, როცა პასუხი არ გაქვს. ზოგჯერ ქალს, უბრალოდ, სჭირდება კაცი, რომელიც მის გვერდით იქნება, ჩუმად, მაგრამ მტკიცედ.
დიახ, ქალის გაგება ინტელექტის სხვა დონეს მოითხოვს – ემოციურ ინტელექტს. ეს ის უნარია, რომელიც არ ისწავლება მხოლოდ წიგნებით. ის ყალიბდება ყურადღებით, თვითრეფლექსიითა და პატივისცემით.
ქალი სამყაროს გრძნობს არა ფრაგმენტებად, არამედ მთლიანად. მისთვის დეტალები მნიშვნელოვანია: როგორ თქვი, როდის თქვი, როგორ შეხედე... ჭკვიანი მამაკაცი აცნობიერებს, რომ მის ერთ წინადადებას შეუძლია, გააძლიეროს ქალი ან დაანგრიოს ის, რაც დიდი ხანია შენდებოდა.
ემოციური ინტელექტი გულისხმობს საკუთარი ემოციების მართვასაც. ქალი თავს დაცულად გრძნობს კაცთან, რომელიც არ გაურბის საკუთარ სისუსტეს, მაგრამ არც ემოციების ტყვეობაშია.
ქალის გაგება ნიშნავს მისი ცვლილებების მიღებას. ქალი არ არის სტატიკური – ის ვითარდება, იზრდება, იცვლება. ჭკვიანი მამაკაცი ამას საფრთხედ არ აღიქვამს, არამედ შესაძლებლობად, ერთად გაიზარდონ, ერთად გადალახონ ეტაპები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




