როგორ ქალს არ სჭირდება ქორწინება, რომ თავი სრულყოფილად იგრძნოს
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 26.12
ბოლო ათწლეულებში ბევრი რამ შეიცვალა ქალის ცხოვრებაში და მისი ბედნიერების ფორმულაც დღეს განსხვავებულად გამოიყურება. ყველაზე თამამი განაცხადი, რასაც ქალი დღეს ამბობს, არის ის, რომ აღარ აქვს ვალდებულება, თავი სრულფასოვნად მხოლოდ მაშინ იგრძნოს, თუ ცოლია. ეს აზრი ჯერ კიდევ ბევრს აშინებს, ბევრს აღიზიანებს, ბევრს უკვირს... და ბევრს შთააგონებს პროტესტისთვის.
დღემდე, ჩვენს საზოგადოებაში ქალს თითქოს უხილავი, რამდენიმე პუნქტიანი კონტრაქტი აქვს დადებული. მას პირდაპირ უყენებენ მოთხოვნებს:
* „შვილი უნდა გააჩინო? ეს ნიშნავს, რომ უნდა გათხოვდე, რადგან მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მამა.“ „გინდა, რომ ბედნიერი იყო? აუცილებელია, გყავდეს ქმარი“.
ამ ფრაზებში უფრო მეტი ზეწოლაა, ვიდრე სიმართლე.
არიან ქალები და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება, რომლებიც ამ მოდელს არ ემორჩილებიან. თან ამას აკეთებენ არა პროტესტის, არა ვინმეს ჯიბრით ან საზოგადოების რეაქციის გამო, არც სიჯიუტით. ისინი, უბრალოდ, იწყებენ ცხოვრებას საკუთარი მოსაზრებებით... და უცებ აღმოჩნდა, რომ ბედნიერება არ საჭიროებს „ოფიციალურ ბეჭედს“ – უბრალოდ, უნდა იცხოვრო, დატკბე ყოველი დღით და იყო ბედნიერი.
ჩვენი დღევანდელი ინტერვიუს გმირი სწორედ ასეთი ქალია.
ის არ არის სკანდალური, არც იდეალზე შეყვარებული ფემინისტი.
ის მშვიდია, გაწონასწორებული, ემოციურად სტაბილური, სავსე პირადი თავისუფლებით.
ის ამბობს: „დიახ, მე არ მჭირდებოდა ქმარი, იმისთვის რომ სიყვარული მეგრძნო. სიყვარულიც და სტაბილურობაც საკუთარ თავში ვიპოვე... და მერე უკვე – ჩემს შვილში.“
– სოციალური სტიგმები?
– კი, იყო.
– სულელური კომენტარები?
– კი, ბევრჯერ.
მაგრამ მისი ცხოვრება არ ჩამოუვარდება არცერთ „სტანდარტულ ოჯახურ ბედნიერებას”. მუშაობს, ზრდის შვილს, აქვს საკუთარი სივრცე, საკუთარი გეგმები, საკუთარი სურვილები. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ არის მარტო.
ანანო (39 წლის): მე ვარ ქალი, რომელმაც სრულიად დამოუკიდებლად ააშენა თავისი ცხოვრება. მუშაობს, ზრდის შვილს, მოგზაურობს და ხმამაღლა ამბობს: „ბედნიერებისთვის არ მჭირდება ქმარი“. ჩემი პიროვნება არ არის პროტესტი, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ეს, უბრალოდ, არჩევანია, ჩემი არჩევანი. სტატუსით მარტოხელა დედა ვარ. ერთი შვილი მყავს, 4 წლისაა და ყოველდღე მაბედნიერებს. პროფესიულადაც საკმაოდ წარმატებულად ვარ და მიმაჩნია, რომ ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის.
– ერთ დღეს გადაწყვიტეთ, რომ გაგეჩინათ შვილი და ქმარი არ გჭირდებოდათ?
– მესმის, ბევრისთვის ეს კითხვის ნიშანს აჩენს. რაღაც თეორიებს ქმნიან. მაგრამ სიმართლე მარტივია: მე ყოველთვის ვიცოდი, რომ დედობა იყო ჩემი სურვილი – არა ინსტინქტი, არამედ არჩევანი. მეორე სურვილი კი იყო თავისუფლება. ამ ორი სურვილის თანხვედრა კი აშკარად არ მოითხოვდა ქმარს. შვილი მინდოდა, მაგრამ დედობა რატომ მოითხოვს ცოლად ყოფნის აუცილებლობას? ჩემთვის გათხოვება არის საკუთარი თავის მუდმივი შეფერხება, კონტროლი, როლში ჩასმა.
ისე არ გაიგოთ, რომ ზოგადად, ქორწინების წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, ქორწინება არ არის ჩემი გზა. ცხოვრების არცერთ მონაკვეთში არ გამჩენია განცდა, თითქოს კაცის გარეშე რაღაც მაკლდა.
მიყვარს მამაკაცები, პატივს ვცემ ურთიერთობებს, მაგრამ ჩემს ბედნიერებაში „ქალს ქმარი აუცილებლად უნდა ჰყავდეს“ – არ „ჯდება“.
ორსულობის დროს მარტო რომ დავრჩი, უცებ მივხვდი, რომ სინამდვილეში სიღრმისეულად ბედნიერი ვიყავი. მარტოობა ჩემთვის არ იყო სიცარიელე, არამედ სივრცე, სადაც შემეძლო თავისუფლად ცურვა. იმის კეთება, რაც მიყვარს. რაც მახარებს და მაბედნიერებს. იცით, რა მაგარი გრძნობაა, როცა მხოლოდ შენი მოსაზრებებით ცხოვრობ და საკუთარ თავთან გულწრფელი ხარ?
– შვილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– მშვიდი სიხარული – ასე დავარქმევდი ამ ურთიერთობას. ის არის ადამიანი, რომელსაც სჭირდება სიყვარული, ზრუნვა, თამაში, ყურადღება... კარგად ვართ ერთად. ცხოვრების მთავარი თავისუფლება იმაშია, რომ ვირჩევ სირთულეებს, რომლებიც მე მსურს და არა იმას, რაც „დამინიშნეს“.
– რატომ გგონიათ, რომ ბედნიერებისთვის ქმარი არ გჭირდებათ?
– იმიტომ, რომ ბედნიერება როლი არაა. არც სტერეოტიპები და დაუსრულებელი ბრძოლა. ბედნიერება არის მდგომარეობა, სადაც შენი ცხოვრება ემთხვევა შენივე შინაგან ბუნებას. გათხოვება ვიღაცისთვის, ალბათ, მშვენიერია, მაგრამ ჩემთვის – არა. თავს არასდროს მივცემ უფლებას, ვიყო მოჩვენებითად ბედნიერი, მხოლოდ იმიტომ, რომ „ნორმებში ჩავჯდე“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





