ქალი და კაცი

როგორ გიყვართ

№36

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 15.09

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ის, თუ როგორ გიყვართ, რამდენად ერთგული ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ პარტნიორის მიმართ, თქვენს ემოციურ ბუნებაზეა დამოკიდებული და გავლენას ახდენს სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამიტომაც, თუ კარგად შეისწავლით თქვენს ემოციებს, შესაძლებელია, ურთიერთობა მტკიცე გახადოთ.

საკუთარი ემოციების შესწავლა დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა გჭირდებათ, რას ითხოვთ ადამიანისგან – შესაძლოა, სიახლოვე გსურთ, ან გინდათ, თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეთ. ან შეიძლება, ეძებთ ისეთ ადამიანს, რომელიც მხარს დაგიჭერთ და რთულ პერიოდში გვერდიდან არ მოგშორდებათ.

სასიყვარულო ურთიერთობების მიხედვით ფსიქოლოგები ადამიანთა 4 კატეგორიას გამოყოფენ:

1. ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ საყვარელ ადამიანთან თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ – თუ გაიზარდეთ ისეთ ოჯახში, ისეთ მშობლებთან, რომლებიც ყოველთვის ზრუნავდნენ თქვენს უსაფრთხოებაზე, ალბათ, გსურთ, უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოთ თავი სასიყვარულო ურთიერთობაშიც. თქვენს პარტნიორთან. იმავდროულად, პატივს სცემთ მის დამოუკიდებლობას და არ ზღუდავთ.

2. ზედმეტად მიჯაჭვული საყვარელ ადამიანზე – ხართ მიწებებული და მთლიანად დამოკიდებული თქვენს პარტნიორზე და ბედნიერებისთვის მხოლოდ მასთან ერთად ყოფნა გჭირდებათ. დიდი ალბათობით, ძალიან დიდ დროს ანდომებთ იმაზე დარდს, რომ საყვარელ ადამიანს დაკარგავთ.

3. უარყოფილი სიყვარული – საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანები ცდილობენ, იზოლირებულები იყვნენ პარტნიორისგან. უყალიბდებათ ინდიფერენტული ურთიერთობა და იმდენად შეიძლება, გაცივდეს გრძნობა, რომ პარტნიორი და მასთან სასიყვარულო კავშირი ძალიან უმნიშვნელო გახდეს.

4. შიშით სავსე ურთიერთობა – ასეთ ურთიერთობებში ადამიანებს სტანჯავთ ორი სახის შიში:-1. შიში იმისა, რომ პარტნიორზე ზედმეტად დამოკიდებული იქნება და მის გარეშე ვერ ისუნთქებს და 2. შიში იმის, რომ პარტნიორისგან ძალიან დაშორებული იქნება და არ ექნება სიახლოვე. ასეთი ადამიანები ძალიან ემოციურები და არაპროგნოზირებადები არიან.

საბოლოო ჯამში, ამ ოთხ კატეგორიაში შემავალი ადამიანები ვერ აღწევენ სასიყვარულო ურთიერთობაში წარმატებას, რაშიც უპირველესად დამნაშავე სწორედ მათი ხასიათია. გამოსავალი და ბედნიერი ურთიერთობის გასაღები საკუთარ თავზე მუშაობა და ემოციებთან გამკლავების სწავლაა, რაც ფსიქოლოგების აზრით, შესაძლებელია.

სულ ცოტა მიმზიდველობა

სასიყვარულო ურთიერთობები უცაბედად არ წარმოიშვება, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ჯერ მოწონებას ვგრძნობთ და შემდეგ სიყვარულს. შესაბამისად, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ გარეგნულ მიმზიდველობას თავისი როლი აქვს მოწონებაში. ადამიანების უმეტესობას მოსწონს ან უყვარს ის ადამიანები, რომლებიც მათთან ფიზიკურად ახლოს იმყოფებიან, გარეგნულად მიმზიდველნი და მათი მსგავსნი არიან. ადამიანის ცხოვრებაში წყვილთა შორის ურთიერთობებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ პროცესში ადამიანი წარმოაჩენს საკუთარ უნიკალურობასა და ინდივიდუალურობას. თითოეულ პიროვნებას აქვს თავისი განსაკუთრებული მიდგომა, დამახასიათებელი ტემპი და სასიყვარულო ტემპერამენტი, რომელიც ყოველთვის შეესაბამება მისი ცხოვრების სტილს. ადამიანები უფრო მეტად ინარჩუნებენ ურთიერთობას, როცა პარტნიორი ისეთ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, რომლებსაც სხვა ვერავინ დააკმაყოფილებს. ორივე მათგანმა უნდა გამოავლინოს საკმარისი მზაობა და მოქნილობა, იმისთვის რომ საჭიროების შემთხვევაში საკუთარი როლი სიტუაციას მოარგოს.

სასიყვარულო ურთიერთობები მით უფრო მყარია, რაც უფრო მეტადაა ჩართული პარტნიორი ერთმანეთის პირადში. თუმცა, წყვილთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია, ინდივიდი აცნობიერებდეს საკუთარ თავს და პარტნიორის საზღვრებს.

არ არსებობს სასიყვარულო ურთიერთობებში სირთულეების შემქმნელი უნივერსალური წესები, კონკრეტული ადამიანის ეროტიკული ბუნების თავისებურება მთელი მისი არსებიდან მომდინარეობს და ამის მხედველობაში მიღება აუცილებელია. ადამიანები თავიანთ სასიყვარულო გამოცდილებას ახასიათებენ, როგორც ვნებას, ინტიმურობას და ვალდებულებას. ფსიქოლოგები ინტიმურობას აღწერენ, როგორც მეორე ადამიანისადმი სრულ ემოციურ, სექსუალურ და მორალურ ნდობას. ინტიმურობისთვის, რომელიც შეიძლება ახასიათებდეს როგორც მეგობრულ, ისე სასიყვარულო ურთიერთობებს, აუცილებელია გახსნილობა, გამბედაობა, ეთიკური ძალა და, ჩვეულებრივ, მეორე ადამიანის სურვილებისადმი გარკვეული დამყოლობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა