როგორ დავივიწყოთ ყოფილი
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 01.03
ყოფილის დავიწყება იშვიათად იწყება იქიდან, საიდანაც ჩვენ გვინდა. ჩვენ გვინდა, ერთ დილას გავიღვიძოთ და უბრალოდ, აღარ გვტკიოდეს. აღარ გვახსენდებოდეს მისი ხმა, სუნი, ფრაზები, რომლებსაც თითქოს შემთხვევით ვისმენთ სხვების საუბარში. რეალობაში კი პროცესი პირიქით იწყება – ტკივილით და იმით, რომ ისევ მასზე ვფიქრობთ.
პირველი, რაც უნდა გავიგოთ, არის: თუ ვერ ივიწყებ, ეს არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ. ეს ნიშნავს, რომ რაღაც რეალური იყო. პრობლემა იწყება მაშინ, როცა წარსულ ურთიერთობას აწმყოში ვტოვებთ – ყოველდღიურ ფიქრებში, ჩვევებში, შინაგან დიალოგებში.
ყოფილის დავიწყება არ არის „დავბლოკავ და მორჩა“. ეს უფრო ჰგავს ნელ-ნელა გადალაგებას საკუთარ თავში. მაგალითად, კითხვა: რატომ მენატრება? რომლის პასუხიც ხშირად არაა თავად ადამიანი, არამედ მდგომარეობა – ყურადღება, სიახლოვე, განცდა, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ვიყავით.
აუცილებელია, საკუთარ თავს ვუთხრათ სიმართლე. არა მეგობრებს, არა სოციალურ ქსელებს – საკუთარ თავს. რა მაკლია ახლა? სიყვარული? უსაფრთხოება? აღიარება? როცა ამ კითხვაზე პასუხი ჩნდება, ყოფილი ავტომატურად ცოტათი პატარავდება. ის აღარ არის „ერთი და ერთადერთი“, ის ხდება ადამიანი, რომელმაც კონკრეტულ ეტაპზე, უბრალოდ, რაღაც შეავსო.
მეორე ნაბიჯი – ტვინი ჩვევებზე მუშაობს. თუ ჩვევას არ შევცვლით, ემოციაც არ შეიცვლება. ამიტომ აუცილებელია რიტუალების გაწყვეტა – იგივე მუსიკა, იგივე ადგილები, იგივე საათებში ფიქრი... ეს ყველაფერი ტკივილს კვებავს.
და ბოლოს – დრო. არა როგორც ცარიელი სიტყვა, არამედ როგორც აქტიური პროცესი. დრო მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენც ვმუშაობთ საკუთარ თავზე. თორემ წლები გავა და ტკივილი ისევ იქ იქნება, ოღონდ ჩუმი.
ყოფილის დავიწყება არ ნიშნავს მის სრულად წაშლას, ეს ნიშნავს მის ისტორიის ნაწილად გადაქცევას, რომელიც აქტუალური აღარ იქნება.
რატომ მენატრება
ეს კითხვა ხშირად ჩუმად გვიტრიალებს თავში. ზოგჯერ ხმამაღლაც ვამბობთ, მაგრამ პასუხი თითქოს ჰაერშია გაფანტული და ოდესღაც დაგვიბრუნდება.
რატომ მენატრება, თუ ყველაფერი დასრულდა?
თუ აღარ ვსაუბრობთ?
თუ გონებით ვიცი, რომ ერთად აღარ უნდა ვიყოთ?
სიმართლე ისაა, რომ მონატრება ყოველთვის სიყვარულს არ ნიშნავს. ხშირად ის ბევრად უფრო რთული და ღრმა შეგრძნებაა.
გვენატრება არა თავად ადამიანი, არამედ ის, როგორი ვიყავით მის გვერდით. შეიძლება, გვენატრება მისი სიცილი, ან სიმშვიდე, ან ის დრო, როცა ვიცოდით, რომ ვიღაც გველოდა, ან ის განცდა, რომ ვიღაცისთვის განსაკუთრებული ვიყავით — თუნდაც დროებით.
ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომას და მონატრებას ვარქმევთ გაურკვეველ გრძნობას, რაც სინამდვილეში შეიძლება იყოს:
•მიჩვევა;
•უსაფრთხოება;
•სიცარიელე, რომელიც მის წასვლას მოჰყვა.
როცა ადამიანი ჩვენს ყოველდღიურობაში დიდხანს არის, ის ჩვენი შიდა სამყაროს ნაწილი ხდება. მისი წასვლა კი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაქრა. ამიტომ მონატრება ზოგჯერ ფიზიკურადაც კი იგრძნობა – მკერდში სიმძიმე, ყელში გაჩხერილი სიტყვები, ძილის წინ დამთრგუნველი ფიქრები.
კიდევ ერთი სიმართლე:
ჩვენ არ გვესიზმრება მომავალი – გვესიზმრება წარსული, სადაც ყველაფერი თითქოს უფრო მარტივი იყო. ტკივილის დროს ტვინი ფილტრავს რეალობას და გვიტოვებს მხოლოდ ნათელ კადრებს. კონფლიქტები, წყენა, დუმილი უკანა პლანზე გადადის.
ამიტომაც გვენატრება ის ვერსია, რომელიც აღარ არსებობს.
არც ის ადამიანი არის დღეს ზუსტად იგივე და აღარც შენ.
და აქ ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: თუ დამიბრუნდება, ისევ მომენატრება?
ხშირად პასუხი თავად გვაფრთხილებს, რომ მონატრება არ არის დაბრუნების მიზეზი.
მონატრება – ეს არ არის სისუსტე. ეს არის პროცესი. ნიშანი იმისა, რომ რაღაც დასრულდა, მაგრამ ბოლომდე არა.
როცა ამ კითხვაზე პასუხს იპოვი, მონატრება ნელ-ნელა იცვლის ფორმას. ის აღარ გმართავს. ის, უბრალოდ, რჩება მოგონებად და არა ტკივილად.
ახირება თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა
„მე შენ მიყვარხარ“ – ეს სამი სიტყვა შეიძლება, იყოს იმპულსური, შეიძლება, იყოს მანიპულაცია, შეიძლება, იყოს შიში და ზოგჯერ – უბრალოდ ახირება... ან გულწრფელი აღიარება, რომელიც დროს გაუძლებს და მთელი ცხოვრება რჩება.
„სიყვარული“ – როგორ მივხვდეთ, რას ნიშნავს ეს სიტყვა სინამდვილეში?
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სიყვარულს აქვს ფაზები.
პირველი ეტაპი ხშირად ჰგავს აფეთქებას: ჰორმონები, ადრენალინი, იდეალიზაცია.
ამ ფაზაში „მიყვარხარ“ შეიძლება, ნიშნავდეს:
•„მინდა შენთან ყოფნა მუდმივად“;
•„მეშინია, რომ დაგკარგავ“;
•„შენზე ვარ დამოკიდებული“;
•„მომწონს ყველაფერი, რასაც შენში ვხედავ“...
ეს ეტაპი ხშირად არის იმპულსური.
ამ დროს ადამიანი უფრო შეყვარებულია საკუთარ განცდაზე, ვიდრე რეალურ პიროვნებაზე. აქ „მიყვარხარ“ ზოგჯერ ახირებაა — საკმაოდ ძლიერი, მაგრამ დროებითი.
არსებობს ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როცა სიყვარული გადადის ემოციურ დამოკიდებულებაში. ეს ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაა.
ასევე, არსებობს სიყვარული, როგორც არჩევანი და ეს ჯანმრთელი და ნაკლებად ხმაურიანია, სამაგიეროდ, უფრო მდგრადია. ის არ არის მუდმივი დრამა, არ არის ყოველდღიური გამოცდა.
ამ შემთხვევაში „მიყვარხარ“ ნიშნავს:
•„ვხედავ შენს ძლიერ და სუსტ მხარეებს“;
•„ვრჩები, როცა დარჩენა რთულია“;
•„პატივს ვცემ შენს საზღვრებს“;
•„არ გიყენებ, რომ საკუთარი სიცარიელე შევავსო“...
და ეს უკვე ემოციურად ზრდასრული მდგომარეობაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





