რატომ ვერ ხვდებიან კაცები, როდის მიდის ქალი რეალურად
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 06.02
კაცები ქალთან ურთიერთობაში ერთ დიდ შეცდომას უშვებენ, რაც მათგან სიმართლის არ დანახვის სურვილიდან გამომდინარეობს. მაგალითად, ისინი ფიქრობენ, რომ ქალი მიდის მაშინ, როცა იწყებს ტირილს, მაგრამ ეს ასე არ არის.
ყველაზე „საშიში“ ქალის სიჩუმეა. ანუ, როცა ის ჩუმადაა და მდუმარედ აკვირდება მოვლენებს, აუცილებლად წავა. უბრალოდ, დროის ამბავია. სწორედ ეს არ ესმით კაცებს. ანუ, ქალი არ მიდის მაშინ, როცა ბრაზობს — ის კიდევ დიდხანს იქნება და თუ ჩხუბობს, ნიშნავს იმას, რომ არსად აპირებს წასვლას.
დიახ, მამაკაცებო, როცა ქალი გეჩხუბება, გეკითხება, ეჭვიანობს, გწერს გრძელ შეტყობინებებს და ითხოვს ახსნა-განმარტებას, ის ჯერ კიდევ შენთანაა.
ეს ბრძოლაა და ეს ბოლო მცდელობაა.
თაკო (45 წლის): მამაკაცების პრობლემა ისაა, რომ ქალების ცნობა არ იციან. იშვიათად აქვთ წარმოდგენა, როგორია მისი პარტნიორი. მაგალითად, კაცს არ სჯერა, რომ ქალს, რომელიც სკანდალს უწყობს, ჯერ კიდევ უყვარს. ისინი, ასევე, შეცდომით ფიქრობენ: „არა უშავს, დამშვიდდება და გაივლის“. აი, აქ იწყება ტრაგედია, ანუ, თუ კაცი ფიქრობს, რომ ქალს ისევ გადაუვლის, ისევ მოითმენს, ისევ აპატიებს, ეს ძალიან ცუდია? რადგან ქალის მოთმინებას ზღვარი აქვს. მერე რა, თუ მანამდე ყოველთვის ასე იყო. და, თუ ერთ დღეს ქალი აღარ გეკითხება, სად იყავი? უნდა დაფიქრდე.
რატომ აღარ აინტერესებს, რატომ დაგაგვიანდა. და კაცს ჰგონია. „მეშველა. გადაუარა, მოეშვა“... რეალურად კი ასე არაა – ქალი, უბრალოდ, შეგეშვა. საქმე ისაა, რომ ფიზიკურად წასვლამდე ქალი ჯერ ემოციურად მიდის. ცხოვრობს შენ გვერდით, მაგრამ უკვე სხვაგანაა... და სწორედ ამ დროს ფიქრობს კაცი, რომ ყველაფერი დალაგდა. სინამდვილეში კი ყველაფერი დასრულდა.
– რატომ ვერ ხვდებიან ამას კაცები?
– იმიტომ, რომ კაცები საგანგაშო სიგნალებს სხვაგან ეძებენ. მაგალითად, ხმაურში. ქალები კი დასასრულს სიჩუმით აცხადებენ. ქალი მიდის მაშინ, როცა აღარაფერია სათქმელი. ანუ, კაცი გვიან ხვდება ყველაფერს. მაგალითად, რატომ მიდის ქალი? იმიტომ არა, რომ აღარ უყვარს. ქალი მიდის იმიტომ, რომ ძალიან დიდხანს უყვარდა „მხოლოდ მას“. კაცებს ისიც არ ესმით, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც მიდიან ჩუმად. არ ცდილობენ ბოლოჯერ მაინც აუხსნან, რა ეტკინათ. ისინი, უბრალოდ, მიდიან და სწორედ ეს ქალები არ ბრუნდებიან.
– შეიძლება გკითხოთ, როგორი ქალი იყავით მანამდე, სანამ წასვლას გადაწყვეტდით?
– ძალიან მომთმენი. ალბათ, ზედმეტადაც. მე ვიყავი ქალი, რომელსაც სჯეროდა, რომ სიყვარული ნიშნავს ბრძოლას. საკუთარ თავთან, საკუთარ ხასიათთან, დუმილთან. ვფიქრობდი, თუ საკმარისად დიდხანს გავუძლებდი, ყველაფერი შეიცვლებოდა. დალაგდებოდა. სხვათა შორის, ტკივილი ყოველთვის ნიშნავს, რომ რაღაც ჯერ კიდევ გინდა. მე კი ბოლოს იმ კონდიციამდე მივედი, რომ არაფრის ახსნა აღარ მინდოდა, აღარ მინდოდა კამათი, რამის მტკიცება...
– ბევრს ჰგონია, რომ ქალი ხმაურით მიდის…
– ეს მითია. ქალი ხმაურობს, ტირის, ჩხუბობს, ითხოვს, ეჭვიანობს, როცა ჯერ კიდევ იქ არის და იქ დარჩენა უნდა. როცა მიდის, ძალიან მშვიდია. რადგან შინაგანად უკვე წასულია.
- რა იყო ბოლო წერტილი?
– სხვათა შორის, უმნიშვნელო რამ. ისეთი, რასაც სხვა დროს, ალბათ, გადავიტანდი. მაგრამ სწორედ ამაშია საქმე – როცა წყენა, უკმაყოფილება, წლობით გროვდება, ბოლო წერტილი ყოველთვის უმნიშვნელოა. და, ეს არ იყო ღალატი, ეს იყო გულგრილობა. რაც მთავარია, არ დავტოვე შანსი უკან დასაბრუნებლად.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მიმაჩნია, უკან დაბრუნება ყოველთვის ნიშნავს საკუთარი თავის ღალატს.
– რას გრძნობდით წასვლის შემდეგ?
– თავიდან – სიცარიელეს, შემდეგ – შვებას. და ბოლოს – ძალას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




