რატომ ტოვებენ კაცებს ერთგული ქალები
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 15.02
როგორები არიან ერთგული ქალები? ყველაზე ერთგული ქალები არ მიდიან საყვარელი ადამიანისგან პირველივე პრობლემაზე. ისინი არ ტოვებენ პარტნიორს მაშინ, როცა ეტკინებათ.
არ მიდიან მაშინ, როცა იმედგაცრუებულები არიან. ისინი რჩებიან. დიახ, რჩებიან მაშინ, როცა სიყვარული რთული ხდება. როცა ურთიერთობა აღარ არის მარტივი.
როცა საჭიროა მოთმინება, გაგება, მოლოდინი.
ერთგული ქალი ყოველთვის ბოლომდე იტოვებს შანსს და სწორედ ამიტომ მისი წასვლა ყველას უკვირს.
კაცებს ჰგონიათ, რომ ერთგულება გარანტიაა. რომ ქალი, რომელმაც ერთხელ უკვე აპატია, ყოველთვის აპატიებს და რომ ქალი, რომელიც დარჩა, არასოდეს წავა. მაგრამ ერთგულებას აქვს საზღვარი. საზღვარი აქვს მოთმინებასაც და მას ჰქვია ღირსება.
ერთგული ქალი ყველაზე დიდხანს იტანს დისკომფორტს.
ის საკუთარ მოთხოვნებს აკნინებს, საკუთარ ხმას ახშობს. ის ცდილობს გადაარჩინოს ურთიერთობა მაშინაც კი, როცა უკვე მარტო იბრძვის.
და სწორედ აქ იწყება დასასრული, როცა ქალი ხვდება, რომ მისი ერთგულება აღარ ფასდება, როცა ხედავს, რომ მისი მოთმინება აღიქმება როგორც სისუსტე, როცა მისი სიყვარული ხდება პარტნიორის კომფორტი და არა ღირებულება....
და ერთგული ქალი იღებს გადაწყვეტილებას. მისი წასვლა არ არის ემოციური აფეთქება. ეს არის გააზრებული ნაბიჯი და უკან აღარ დაბრუნდება. რადგან ერთგულმა ქალმა ყველაფერი იღონა.
ქალი მიდის ზუსტად მაშინ, როცა კაცს ჰგონია, რომ ყველაფერი მის სასარგებლოდაა. სინამდვილეში კი ეს არის ბოლო ეტაპი. და ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ კაცი ამას ყოველთვის გვიან ხვდება.
ქალი უკვე წავიდა – ნიშნები და ანალიზი
ქალი არასოდეს მიდის მოულოდნელად.
მისი წასვლა იწყება ბევრად ადრე, ვიდრე ის სახლიდან საბოლოოდ გავა ან იტყვის „დავასრულოთ“.
ფსიქოლოგების თქმით, ქალის წასვლა არის პროცესი და არა მოვლენა. და ამ პროცესს ყოველთვის აქვს ნიშნები, უბრალოდ, მათ ხშირად არ აქცევენ ყურადღებას.
• პირველი და ყველაზე სერიოზული ნიშანი – ქალი აღარ კამათობს. აღარ ცდილობს ახსნას, აღარ ითხოვს პასუხებს, აღარ ამტკიცებს საკუთარ პოზიციას.
ექსპერტების განმარტებით, კამათი ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობაა. როცა ქალი კამათს წყვეტს, ის უკვე აღარ იბრძვის. სიჩუმე ამ შემთხვევაში არ არის სიმშვიდე - ეს არის ემოციური გასვლა ურთიერთობიდან.
• ქალი აღარ სვამს კითხვებს
როცა ქალი აღარ კითხულობს, სად იყავი, რას ფიქრობ, რას გრძნობ – ეს ნიშნავს, რომ პასუხები მისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი.
ფსიქოლოგები ამას „ინტერესის ჩამქრალ ფაზას“ უწოდებენ.
* ქალი იწყებს საკუთარ თავზე კონცენტრირებას
ქალი მეტ დროს უთმობს საკუთარ თავს: საქმეს, გარეგნობას, გეგმებს, ინტერესებს.
ეს ხშირად აღიქმება, როგორც პოზიტიური ცვლილება, მაგრამ რეალურად ეს არის დაშორებისთვის მზადება.
* ქალი მშვიდია, მაგრამ ცივი, ამ დროს ყველა კაცი ტყუვდება
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ეს არის ფაზა, როცა ქალი შინაგანად უკვე წავიდა.
* ქალი აღარ გეგმავს მომავალს
ექსპერტების აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე გვიანი, მაგრამ გადამწყვეტი ნიშანია.
ქალის წასვლა არ არის შურისძიება, კაპრიზი ან ემოციური მანიპულაცია. ეს არის თვითდაცვის მექანიზმი.
როდის სწავლობენ კაცები სიყვარულს
ხშირად გვესმის ფრაზა: კაცები სიყვარულს გვიან სწავლობენ.
ალბათ, იმიტომ რომ კაცებს ჰგონიათ, სიყვარული მუდმივია და არ საჭიროებს ზრუნვას. როცა ქალი გვერდით ჰყავს, მისი არსებობა ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია. თუ კაცებს ურთიერთობის შენარჩუნება სურთ, უნდა ისწავლონ მოსმენა, ემოციის გამოხატვა და არ გადადონ სიყვარული ხვალისთვის.
მამაკაცები ხშირად სოციალურად არიან აღზრდილნი ემოციების შეკავებაზე. ურთიერთობის დაკარგვა ხდება ტრიგერი, რომელიც მათ თვითრეფლექსიას აიძულებს. სწორედ ამიტომ, სიყვარული მათთვის ხშირად დანაკარგის შემდეგ იძენს ნამდვილ მნიშვნელობას. გამოსავალია ემოციური განათლება და ურთიერთობებზე პასუხისმგებლობის ადრეული გაცნობიერება.
დასკვნა
სიყვარული არ უნდა იყოს გაკვეთილი, რომელიც მხოლოდ ტკივილის შემდეგ ისწავლება. თუმცა რეალობა გვიჩვენებს, რომ ბევრ კაცს სწორედ მისი დაკარგვა უხსნის თვალებს. ამიტომ საჭიროა, ეყოთ გამბედაობა და ისწავლონ სიყვარული მანამ, სანამ გვიანი იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




