ფინანსური დამოუკიდებლობა და ქალი
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 01.06

ფინანსური დამოუკიდებლობა ქალისთვის ბევრი თვალსაზრისით გახლავთ გარდამტეხი მომენტი. ეს არა მხოლოდ უფლებას აძლევს მას თავისუფლად განსაზღვროს თავისი ცხოვრება, არამედ ქმნის ძლიერ თვითშეფასებას და უსაფრთხოების გრძნობას.
დღეს უფრო და უფრო მეტი ქალი იღებს ფინანსურ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანა წინ წავიდა, ხშირად ისევ არსებობს უთანასწორობა ხელფასებში, რაც ქალებს ახალ გამოწვევებს უქმნის.
საზოგადოება ხშირად ქმნის სტერეოტიპებს, რომ ქალები არ არიან „კარგი ინვესტორები“ ან „ბიზნესში წარმატების მიღწევას ვერ ახერხებენ“. ასეთი სტერეოტიპები დამთრგუნველად მოქმედებს ქალებზე და თავს არიდებენ რისკებს. ამ სტერეოტიპების დასამსხვრევად ქალებს უნდა მიეცეთ განათლება და გამოცდილება, რათა საბოლოოდ შეძლონ საკუთარი ფინანსების მართვა და უფრო თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილებები.
ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაში დიდ როლს ასრულებს ინვესტიციები. ბოლო წლებში ბევრი ქალი გახდა წარმატებული ინვესტორი, ბირჟაზე მოქმედი და ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ბიზნესპროექტებში. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს სტიგმები, რომლებიც საბოლოოდ უნდა მოიხსნას.
სოციალური მედია უზარმაზარი პლატფორმაა, რომელიც ქალებს ეხმარება განათლების მიღებაში, იდეების გაზიარებაში და სხვებთან კონტაქტში. მას დიდი გავლენა აქვს ქალთა ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, რადგან ბევრი ქალი აწარმოებს ფინანასურ ბლოგებს და ვლოგებს, რაც სხვა ქალებისთვის ინსპირაციაა. ხშირად, როცა ქალი ფინანსური გონიერების საკითხებზე დისკუსიას იწყებს, ის სხვებსაც აძლევს ინფორმაციას, რა არის ინვესტირება, როგორ მართონ ბიუჯეტი და როგორ მიიღონ სტრატეგიული ფინანსური გადაწყვეტილებები.
თავისუფლება შენგან იწყება
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ გარე თავისუფლებაზე – არჩევნის, გადაადგილების, სამსახურის თუ ცხოვრების სტილის. მაგრამ იშვიათად ვეკითხებით საკუთარ თავს: „თავისუფალი ვარ თუ არა შინაგანად?“
ბევრი ქალი ცხოვრობს მოლოდინებით სავსე, შინაგანად შეზღუდულ სამყაროში, ოჯახური როლების, სხვისი გადაწყვეტილებების, წარსულის გამოცდილებების ან შინაგანი კრიტიკოსის მიერ შექმნილ სტერეოტიპულ ჩარჩოებში.
* შინაგანი თავისუფლება იწყება საკუთარი თავის მიღებით.
ეს ნიშნავს, რომ ვცნობთ საკუთარ სურვილებს, გვჯერა მათი არსებობის უფლების და აღარ გვეშინია საკუთარი თავის ბედნიერად დანახვის;
* თვითშეფასება არ არის სიამაყე – ეს თვითმხარდაჭერაა.
ქალის შინაგანი ხმა, რომელიც ამბობს: „მნიშვნელოვანი ვარ, ჩემთვისაც და სამყაროსთვისაც“ – სწორედ ის ბიძგია, რაც შფოთვას რწმენით ცვლის, კრიტიკას — სიმშვიდით და შიშს – სასიამოვნო ფიქრებით;
* ემოციური დამოუკიდებლობა — ყველაზე ძლიერი საყრდენი.
როცა საკუთარი ემოციების მართვას ვსწავლობთ და არ ველოდებით სხვა ადამიანებისგან მუდმივ გვერდში დგომასა და დამშვიდებას იქ იწყება თავისუფლება, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს.
… და ბოლოს, შინაგანი თავისუფლება არ ნიშნავს სხვებზე ზრუნვის შეწყვეტას. ეს ნიშნავს, რომ ზრუნვა საკუთარ თავზე პირველ ადგილას გადაგვაქვს.
თავისუფალი ქალი არაა ქარიშხალი. ისაა ქარი, რომელიც თავად ირჩევს, საით გადაუხვევს.
სხეული, რომელიც გეკუთვნის შენ
ჩვენს კულტურაში ქალის სხეული ხშირად იქცევა ხოლმე შეფასების ობიექტად. ზედმეტად სქელი, ზედმეტად გამხდარი, ზედმეტად თამამი, ზედმეტად დაფარული... მაგრამ ვინ წყვეტს, რა არის „ზედმეტი“?
* ქალის სხეული არ არის საზოგადოებრივი საკუთრება.
სხეული — ეს არ არის მხოლოდ ფორმები. ეს არის ემოციური სივრცე, ბიოლოგიური რუკა, ადგილი, სადაც ინახება გამოცდილებები, ტკივილები და სიამოვნებები. სხეული არის შენი ისტორია — არა სხვისი ვერსია;
* თავისუფლება ნიშნავს არჩევნის უფლებას — როგორ ჩავიცვათ, როგორ ვიმოძრაოთ, რას ვგრძნობდეთ საკუთარ კანში.
როცა ქალს სხეული თავისი თვალებით უყვარს და არა გარემოს შიშით ან სხვების მოწონების მოლოდინით – ეს სხეულთან მეგობრობაა;
* სიყვარული სხეულისადმი არ ნიშნავს სრულყოფილებას, ის ნიშნავს პატივისცემას. ხანდახან ეს ნიშნავს დანარჩენ სამყაროსთან კამათს, თუმცა, შენ არ ხარ ვალდებული, იყო მუდმივად მომხიბვლელი, მომზადებული ან „ინსტაგრამულად ლამაზი“.
როცა ქალი ამბობს: „ეს სხეული ჩემი სახლია, და აქ წესებს მე ვაწესებ“ – ის საკუთარ თავთან შეთანხმების ყველაზე ძვირფას კონტრაქტს აფორმებს.
ქალის თავისუფლება ურთიერთობაში
ანუ, როგორ შევინარჩუნოთ საკუთარი თავი სიყვარულის პროცესში. როცა ქალს უყვარდება, ხშირად ინერგავს იდეას, რომ მან უნდა „დაივიწყოს საკუთარი თავი“, „შეეწიროს სიყვარულს“... მაგრამ არის კი ეს სიყვარული?
სიყვარული, რომელიც ითხოვს შენს თავისუფლებას – ტყვეობაა და არა სრულფასოვანი ურთიერთობა. თუ პარტნიორობა არ გაძლევს შესაძლებლობას, გაიზარდო, არ გაძლევს სივრცეს, ინიციატივის საშუალებას – ეს პარტნიორობა კი არა, ფსიქოლოგიური იზოლაციაა.
ქალის თავისუფლება არ ეწინააღმდეგება სიყვარულსა და ერთგულებას. სწორედ პიროვნული თავისუფლება აძლევს ქალს საშუალებას, იყოს გულწრფელი, შემოქმედებითი, მზრუნველი, ისე, რომ ფასს, საკუთარი თავისუფლებით არ იხდიდე.
სიყვარული არ ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა თქვა ყველაფერზე „დიახ“. სიყვარული ნიშნავს პატივისცემას, ანუ „არას“ თქმის უფლებას.
როცა ქალი ამბობს:
„მიყვარს შენთან ყოფნა, მაგრამ ასევე, საკუთარი თავიც მიყვარს“ –
გახსოვდეთ, სიყვარული არის ურთიერთობა, რომელიც არ ანადგურებს, არამედ ავითარებს ორივე ადამიანს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან