ქალი და კაცი

ფანტომის სიყვარული

№52

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 09.01, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

არსებობს უტყუარი ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული ადამიანი კი არა, ჩვენი გამოგონილი ადამიანი გვიყვარს. ეს ვერც ბედნიერებამდე მიგვიყვანს, ვერც მშვიდი ცხოვრების გარანტი იქნება.

ხშირად ჩვენ უუნარონი ვართ, გვიყვარდეს ან გვენატრებოდეს ვინმე იმ პიროვნების სახით, ვინც ის სინამდვილეშია. ამის ნაცვლად ჩვენი წარმოდგენები გვიყვარს, გვიყვარს ისინი ისეთები, როგორებიც ჩვენ გვგონია, რომ არიან.

ჩვენი ინტერპრეტაციები ხსნის ამა თუ იმ ადამიანის გადაყვარების მიზეზებსაც. ადამიანებს უნელდებათ გრძნობები მათ მიმართ, ვისაც, ეგონათ, რომ იცნობდნენ, სინამდვილეში კი, ასეთი ადამიანი არც არსებობდა.

ჩვენ ჩვენი თავი გვიყვარს მათ გვერდით. ეს იმას იწვევს, რომ არა თავად ადამიანი, არამედ ამ ადამიანის იდეა გვენატრება.

გრძნობ, რომ გვერდით ვიღაც გაკლია? ეს სავსებით გასაგებია. ადამიანებს მარტოობა არ უყვართ. მარტოობას საკუთარი ნებით არავინ ირჩევს.

რაღაც დროის შემდეგ თავს მარტოსულად ვგრძნობთ და აუცილებლად დაგვჭირდება ვინმე, ვისაც ჩვენს ცხოვრებას გავუზიარებთ. ეს სავსებით ბუნებრივია. მაგრამ თუ ის ადამიანი გენატრებათ, რომელიც გამუდმებით ტკივილს გაყენებდათ, რადგან არ ანაღვლებდა თქვენი ბედი, მაშინ უკან უნდა დაიხიოთ, ცოტა ხნით მარტო დარჩენა და რეალობის გასაცნობიერებლად დრო გჭირდებათ. არ უნდა შეეგუოთ, რომ ცუდად გექცეოდნენ. ეს სიყვარული არაა, ეს ხავსზე მოჭიდებაა.

ცხოვრების რთულ მომენტებში მარტოობა არავის სურს, რადგან გვერდით ვინმეს ყოფნა ყველაფერს აადვილებს. ადამიანები ვართ – ყველაფრის გამარტივებისკენ მიდრეკილნი.

თუ ადამიანი მხოლოდ ცხოვრების რთულ პერიოდებში გენატრებათ, მაშინ თავს ნუ მოიტყუებთ, რომ სინამდვილეში სწორედ ის კონკრეტული ადამიანი გენატრებათ.

ადამიანები ძალიან ეგოისტები და ეგოცენტრულები არიან. ესეც ჩვენი ბუნების ნაწილია. ამას ვერ გაექცევით, თუმცა უნდა გააცნობიეროთ და მისი კონტროლი ისწავლოთ.

ჩვენ ის ადამიანები და მოვლენები გვამახსოვრდება, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს ჩვენზე. რეალობა ესაა, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ მას თუ არა. რა თქმა უნდა, კონკრეტული ინდივიდის სიყვარულიც შეგვიძლია და მონატრებითაც ზუსტად ვიცით, ვინ ან რა გვენატრება, ვისი ან რისი დაკარგვის გვეშინია. თუმცა, ეს უფრო იშვიათი შემთხვევაა.

ხშირად მათ გამო ვიფიტავთ თავს ემოციურად, ვინც საერთოდ არ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. განასხვავეთ ნამდვილი წარმოსახვისგან და ცხოვრება გაცილებით ნათელი მიმართულებით წაგიყვანთ.

არასოდეს შეგიყვარდეთ

არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. თუ თქვენ ერთ-ერთ მათგანს შეხვდებით, ეს სულაც არ იქნება კარგი – თქვენი ურთიერთობა არ განვითარდება და მას არასოდეს შეუყვარდებით. რაც უფრო ადრე გააცნობიერებთ ამას, მით უფრო მალე იპოვით ნამდვილ ბედნიერებას, ერთგულ პარტნიორსა და სიყვარულს.

დაიმახსოვრეთ: ვერავის შეცვლით და ნურც ეცდებით მის შეცვლას, ნუ ეცდებით მათ დახმარებას, ნუ ეცდებით მათ გადარჩენას – ამის ნაცვლად, უბრალოდ გაიქეცით, თავს უშველეთ!

დედიკოს ბიჭი

ის არ იღებს გადაწყვეტილებებს დედის თანხმობის გარეშე. ის ვერასდროს შეგიყვარებთ, რადგან მისი გული უკვე დაკავებულია – დედამისს ეკუთვნის. ერთი შეხედვით, ეს ცუდი არ არის, მაგრამ გაითვალისწინეთ, თქვენი საყვარელი მამაკაცი სახლის დალაგებასა თუ ტანსაცმლის არჩევაში დედას ეხმარება და არა თქვენ, ის მის აზრს გაიზიარებს და დაეთანხმება და არა თქვენსას, ანუ, მას უკვე ჰყავს ცხოვრების მთავარი სიყვარული.

„ურთიერთობისთვის მზად არ ვარ“

ეს, ალბათ, აქამდე უკვე მოგისმენიათ და კიდევ მოისმენთ. თუ კაცი ამბობს, რომ უყვარხართ, მაგრამ არ უნდა სერიოზული ურთიერთობა და ვალდებულება, რადგან მზად არაა, მზად არც არასოდეს იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვერასდროს მიიღებთ იმას, რაც ნამდვილად გსურთ.

მოთამაშე ბიჭი

ეს ბიჭი მხოლოდ ერთი საქმისთვისაა შექმნილი და მისი მთავარი ფუნქცია თამაშია. და თუ ის თქვენზე მაინც დაქორწინდება, გამოიცანით რა მოხდება? დიახ, ის ისევ მოთამაშესავით მოიქცევა, მაგრამ ამჯერად, მას უკვე მატყუარას დაუძახებთ. მას არ უნდა სერიოზული ურთიერთობა და არც თქვენ გსურთ მასთან რაიმე სახის კომუნიკაცია, რადგან მხოლოდ დროს კარგავთ? სასწრაფოდ მიატოვეთ, მასთან თქვენი ადგილი არ არის!

თავი მოაწონეთ

ქალბატონების უმრავლესობას ჭკვიანი, სიმპათიური და მზრუნველი მამაკაცები იზიდავს.

ფაქტია, რომ მამაკაცებს უყვართ თვალებით, ქალბატონებს კი – ყურებით. კვლევები აჩვენებს, რომ ქალბატონებს უყვართ საუბარი ისეთ თემებზე, რომლის ფარგლებშიც მამაკაცისადმი ნდობა უჩნდებათ, საუბრები, რომლებიც მათ აიძულებთ, თავი ინტელექტუალად და სექსუალურად იგრძნონ.

კაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქალბატონის მოხიბვლისთვის მთავარი სამი რამ არის: ქარიზმა, ფიზიკური მიმზიდველობა და ნდობა.

ქარიზმას საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები ფლობენ, რომლებმაც კარგად იციან, რა სურთ. ქალბატონთან ურთიერთობისას უნდა იყოთ მომთხოვნი და მეტად მომხიბვლელნი – იშვიათია, რაიმეზე უარი უთხრას ქალმა მამაკაცს, რომელიც დაჟინებით ილტვის მისკენ.

არც ისე რთულია, გახდე მიმზიდველი. ისწავლეთ ქალის მოსმენა, თითქმის ვერცერთი ქალი ვერ იტყვის იმ კაცზე უარს, რომელსაც მოსმენის უნარი აქვს. თავად, რაც შეიძლება, ცოტა ისაუბრეთ და დიდი ინტერესი გამოავლინეთ იმ ისტორიისადმი, რასაც ქალი ყვება. ადამიანები, რომლებიც ვინმესგან ინტერესსა და ყურადღებას გრძნობენ, მსმენელისადმი დადებითი გრძნობებით განიმსჭვალებიან.

ქალბატონების 80 პროცენტი მამაკაცის შეფასებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას მის თვალებს ანიჭებს. აქედან გამომდინარე, მამაკაცს ძალიან მარტივად შეუძლია ქალის მოხიბვლა საკუთარი გამომეტყველებით.

კვლევებმა დაადგინა, რომ მამაკაცის თვალის გუგები ლამაზი ქალის დანახვისას ფართოვდება.

ქალბატონებზე დიდ გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ მამაკაცს შესწევს რაღაცის ორგანიზების ძალა.

არ დაგავიწყდეთ, ქალს შესწევს ძალა ნებისმიერ ტყუილს მარტივად მიუხვდეს მამაკაცს, მაგრამ თუ მას გარკვეული გრძნობები გააჩნია ამ მამაკაცისადმი, იგი აუცილებლად დახუჭავს თვალს რაღაცებზე.

და ეცადეთ, ზედმეტად არ მოაბეზროთ თავი ქალბატონს. არ მოიქცეთ ისე, რომ სამომავლოდ ინანოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი