ქალი და კაცი

მთავარია მიზიდულობა

№25

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 30.06

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

მიზიდულობა ქალსა და მამაკაცს შორის ხანდახან აუტანლად ძლიერი, თითქმის მტკივნეული ლტოლვაა, რომელიც გაიძულებს, ყველა წესი და ნორმა დაარღვიო და არაფრად ჩააგდო ახლობელი ადამიანების გრძნობებიც კი. ზოგჯერ ხერხდება ამ გრძნობის ჩანასახშივე მოსპობა, ზოგჯერ კი ის ცუნამივით ატყდება თავს ადამიანს და გზაზე ყველაფერს ანადგურებს.

ვერავინ იტყვის, რომ არასოდეს მოხვდება მსგავს სიტუაციაში. მუხრუჭმა შეიძლება, სხვადასხვა რამის გამო გიმტყუნოს.

ხშირად ადამიანი მზად არაა სერიოზული ურთიერთობისთვის — პრობლემები აქვს ან მისი ცხოვრება ისედაც საკმარისადაა ემოციურად დატვირთული, სამსახური ბევრ დროს ართმევს… ასეთი ადამიანი თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს უთმობს შემოქმედებით ან კარიერულ თვითრეალიზაციას და არ სურს, ის სერიოზულ ურთიერთობებზე მხოლოდ იმიტომ გაცვალოს, რომ „ასეა მიღებული“. სწორიცაა, რადგან სიყვარული ღრმა ემოციური ურთიერთობების სურვილის გარეშე არ არსებობს. ამისთვის განსაკუთრებული მზადყოფნისა და მოთხოვნილების არსებობაა საჭირო.

...მის დანახვაზე ვწითლდები, სუნთქვა მეკვრის, გული მისცემს… რა არის ეს თუ არა სიყვარული? რა და ჰორმონები, რომლებიც ადასტურებს, რომ ადამიანთან თავს კარგად იგრძნობ, მასთან შეიძლება გყავდეს ბავშვები.

გამოფხიზლების პერიოდი დგება ხან რამდენიმე თვის, ხან წლების შემდეგ, მაგრამ — აუცილებლად. უეცრად აღმოაჩენ, რომ ამ ადამიანთან არაფერი გაკავშირებს სექსის გარდა.

თუმცა შემოწმება იმისა — ეს სექსია სიყვარულის გარეშე თუ ნამდვილი სიყვარული, მანამდეც შეიძლება… ყოფა-ცხოვრებაში. ერთად ცხოვრება ამას ძალიან მალე გამოააშკარავებს.

მოიპოვე სიყვარული…

რომანტიკულ კომედიებში ასეა: მთავარია, სიყვარული მოიპოვო, მერე კი ყველაფერი თავისთავად დალაგდება. ინტერნეტი, სოციალური მედია, ჟურნალ-გაზეთები სავსეა რჩევებით, ინსტრუქციებით, ქოუჩინგებით იმის შესახებ, როგორ მოვაწონოთ თავი პარტნიორს. სინამდვილეში, მთავარი გამოწვევა ის კი არ არის, როგორ მივიქციოთ პარტნიორის ყურადღება, რაც მეტ-ნაკლებად ყველას გამოუვა, არამედ – როგორ შევინარჩუნოთ ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობა.

რა რჩევები არსებობს რომანტიკული ურთიერთობის შენარჩუნებისთვის? - მათი უმეტესობა საკუთარ თავზე მუშაობას გულისხმობს.

ჯანსაღი კომუნიკაციის უქონლობა, ძირავს ნებისმიერ ურთიერთობას. თუ გვინდა, ურთიერთობა შევინარჩუნოთ, ჯერ საკუთარ ტრავმებს, ემოციურ მოუმწიფებლობას, შიშებს, შფოთვას უნდა დავუთმოთ დრო. რაც უფრო მეტად გვეყვარება საკუთარი თავი, რაც უფრო თავდაჯერებულები ვიქნებით, რაც უფრო უკეთესად გვეცოდინება, რა გვინდა ცხოვრებაში, მით უფრო ჯანსაღი ურთიერთობა გვექნება.

შეუძლებელია, ორი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი ადამიანი ყოველთვის ყველაფერზე თანხმდებოდეს. კონფლიქტი ცხოვრების ისეთივე ნაწილია, როგორიც შეთანხმება და სიმშვიდე. კონფლიქტის დროს გვეძლევა საშუალება, გამოვთქვათ ჩვენი წუხილი და ერთად დავძლიოთ გამოწვევა, უფრო გავძლიერდეთ. კონფლიქტის გარეშე შეუძლებელია ცვლილება. შეუძლებელია ზრდა.

რა ხდება, როდესაც კონფლიქტს მუდამ გავურბივართ? - კონფლიქტის თავიდან არიდება ნიშნავს, რომ ოღონდ პარტნიორი არ გავაღიზიანოთ და ყველაფერზე ვეთანხმებით. დროთა განმავლობაში კი გვიგროვდება უკმაყოფილების განცდა, ეს დაგროვილი ბრაზი, წყენა, გაღიზიანება ერთ დღესაც ერთბაშად იფეთქებს. ადამიანი გაიაზრებს ყველაფერს, რაზეც უარს ამბობდა, მისი დამოკიდებულება 180 გრადუსით ტრიალდება. ასეთი ადამიანი საკუთარ თავზე ეგოისტურად კონცენტრირებული ხდება. მას ვეღარ ვცნობთ, რადგან მიჩვეული ვართ დამთმობ, რბილ პიროვნებას, რომელიც ჩვენ გვერგებოდა, ახლა კი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და ტკივილს გვაყენებს.

აუცილებელია, გადავამოწმოთ ჩვენი მოლოდინები იმის თაობაზე, რა არის კონფლიქტი, როდისაა მიუღებელია ჩხუბი, უნდა ვისწავლოთ კონფლიქტის დროს კომუნიკაცია და კონფლიქტის შემდგომ ურთიერთობის აღდგენა.

გახსოვდეთ: ორი ადამიანის თანაარსებობა - ესაა მუდმივი საქანელა ემოციურ, ფიზიკურ დაახლოებასა და დაშორებას შორის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული