ქალი და კაცი

მარტო დარჩენის სურვილი

№6

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 22.02

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

მარტო დარჩენის სურვილი ყოველთვის არ ნიშნავს სევდას ან ქალის კაპრიზი. ეს არის დრო, როცა ქალი სიჩუმეს ირჩევს და ჯერ კიდევ არსად გარბის.

მარტო დარჩენის სურვილი არც მარტოობას ნიშნავს და მით უმეტეს, არ ნიშნავს უარყოფას.

ზოგჯერ ქალი მარტოობას ირჩევს, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს იყო ყველასთვის, საკუთარი თავის გარდა. უსმენდა, იგებდა, ითმენდა, ეხმარებოდა. და ამ პროცესში საკუთარი სურვილები სადღაც მიმალული, მივიწყებული დარჩა.

მარტო დარჩენის სურვილი არის სურვილი, როცა ქალს უნდა სიჩუმე, სჭირდება სიჩუმე… არა იმიტომ, რომ ხმაური ცუდია. არამედ იმიტომ, რომ საკუთარ ფიქრებს მოუსმინოს.

ეს არის ის მომენტი, როცა არ უნდა არაფრის ახსნა, არ უნდა საუბარი.

არ უნდა ზედმეტი კითხვები.

უნდა, უბრალოდ, იყოს ისე, როგორც არის.

ქალი, რომელიც მარტო დარჩენას ითხოვს, ხშირად ყველაზე მზრუნველი და ემოციურად ჩართულია სხვებში და სწორედ ამიტომ სჭირდება პირადი სივრცე. რომ ისევ შეძლოს ყველასთან დაბრუნება, თანაც დაბრუნება სრულად. მარტო დარჩენის სურვილი არ არის გაქცევა ადამიანებისგან. ეს არის საშუალება, დაბრუნდეს საკუთარ თავთან. და როცა ქალი ამ სურვილს უსმენს, ის არ ტოვებს ადამიანებს, უბრალოდ, ცოტა ხნით უბრუნდება საკუთარ თავს.

ქალი მიდის, კაცი ამას ვერ ხვდება

ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ქალის წასვლა არასოდეს არის იმპულსური. ეს არ არის ერთი ჩხუბის შედეგი, ერთი სიტყვით მიყენებული ტკივილი ან ერთჯერადი ღალატი.

ქალის წასვლა ყოველთვის არის დაგროვილი ემოციური გადაღლა. კაცი კი ხშირად რეაგირებს მხოლოდ კრიზისზე, თანაც მხოლოდ მაშინ, როცა უკვე გვიანია.

ფსიქოლოგები ერთგულ ქალებს ხშირად უწოდებენ „ემოციურ დამჭერებს“. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარ, არამედ პარტნიორის ემოციურ მდგომარეობაზეც.

ასეთი ქალი:

• ამართლებს მამაკაცის დისტანცირებას;

• უხსნის საკუთარ თავს მის უხეშობას;

• ადაპტირდება მის სიჩუმესთან...

მაგრამ, გარკვეული დროის შემდეგ ქალი ხვდება, რომ ურთიერთობაში მარტო დარჩა. შეიძლება, ფიზიკურად კაცი იქ არის, თუმცა ემოციურად – არა.

რატომ ვერ ხვდება კაცი, რომ ქალი მიდის

ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მამაკაცების დიდი ნაწილი ქალის სიჩუმეს სტაბილურობად აღიქვამს. ქალისთვის კი სიჩუმე დასასრულია. ეს ფუნდამენტური განსხვავებაა კომუნიკაციაში.

როცა ქალი ჩუმდება:

• ის აღარ ითხოვს ცვლილებებს;

• აღარ ელოდება რეაქციას;

• აღარ გეგმავს მომავალს.

ეს უკვე არ არის პროტესტი, არამედ ეს არის ემოციური გასვლა ურთიერთობიდან.

ფსიქოლოგები ამას „გამარჯვების ილუზიას“ უწოდებენ. როცა კაცი ფიქრობს, რომ კონფლიქტი დასრულდა, რეალურად კი ქალი, უბრალოდ, საკუთარ თავზე გადაერთო. მან გადახაზა საერთო გეგმები. აღადგინა პირადი საზღვრები და მიიღო გადაწყვეტილება.

რატომ აღარ ბრუნდება ასეთი ქალი?

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასეთი ქალის დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია არა ემოციით, არამედ თვითგადარჩენის ინსტინქტით.

ქალი მიდის არა იმიტომ, რომ აღარ უყვარს, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავის დაკარგვა აღარ შეუძლია.

ენა, რომლითაც ქალი საკუთარ თავს ელაპარაკება

ქალური ახირება ხშირად ისე ჟღერს, თითქოს ეს რაღაც არასერიოზულია. ქარაფშუტულია და დასაძრახი. რომ თითქოს ქალი უცებ გადაიფიქრებს, უცებ მოინდომებს, უცებ შეიცვლის აზრს — და ეს ყველაფერი „უბრალოდ ახირებაა“. მაგრამ, სინამდვილეში, ქალური ახირება ხშირად შინაგანი ემოციის „უთქმელი“ ხმაა.

როცა ქალი ამბობს: „დღეს არ მინდა“, ეს შესაძლოა, ნიშნავდეს „გადაღლილი ვარ“.

როცა უეცრად იცვლის გეგმებს — შესაძლოა, საკუთარი თავის მოსმენას იწყებს.

როცა პატარა, თითქოს უმნიშვნელო სურვილს ითხოვს — ხშირად შიგნიდან სხვა უფრო დიდი რაღაც აკლია.

ქალი ახირებას მაშინ ირჩევს, როცა ზედმეტად დიდხანს იყო გონივრული, გამძლე და მომთმენი.

ახირება არის მისი პირადი სივრცე, სადაც შეიძლება, იყოს არარაციონალური, ემოციური და ნამდვილი. და თუ კარგად დააკვირდებით, ქალური ახირება იშვიათად ანგრევს რამეს, პირიქით, ის უფრო ხშირად არ აძლევს ქალს „დაშლის“ უფლებას.

დაიხ, ქალური ახირებები თავისუფლების პატარა ფორმებია.

ქალებს ხშირად გვასწავლიდნენ, რომ უნდა ვიყოთ მამაკაცის სურვილებზე მორგებულები, არ შევიცვალოთ აზრი ხშირად, არ მოვითხოვოთ ზედმეტი, არ გვქონდეს ახირებები.

ნუთუ ახალი კაბის ყიდვას ახირება ჰქვია ან უცებ მარტო დარჩენის სურვილს... ახირებას იმასაც არქმევენ, როცა ქალი ამბობს „არა, აღარ მინდა“ მაშინ, როცა გუშინ უნდოდა.

ქალური ახირება არის თავისუფლების პატარა აქტი ყოველდღიურობაში.

ეს არის მომენტი, როცა ქალი საკუთარ თავს პირველ ადგილზე აყენებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

ზოგჯერ საკუთარი თავის სიყვარული ერთი პატარა, თითქოს, უაზრო ახირებით იწყება.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ქალი, რომელიც თავს „ახირებების“ უფლებას აძლევს, ხშირად უფრო მშვიდია, უფრო გულწრფელი და ბევრად უფრო ძლიერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი