ქალი და კაცი

ქალური ეჭვიანობა – სარგებელი და რისკები

№52

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 28.12

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალური ეჭვიანობა მხოლოდ ემოციური აფეთქება არ არის – ესაა ფსიქოლოგიური რეაქცია, რომელსაც ევოლუციური საფუძველი აქვს. ეჭვიანობა ქალებში ხშირად დაკავშირებულია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაკარგვის შიშთან. ეს გამოცდილება ზოგჯერ გვეუბნება: „ურთიერთობა საფრთხეშია“, თუმცა, ასევე შეიძლება, რეალობასთან კავშირი დაკარგოს და გახდეს გაუცნობიერებელი ემოციების მსხვერპლი.

რატომ ჩნდება ეს გრძნობა

•წარსული გამოცდილება – თუ ქალი ერთხელ მოტყუებულია, ტვინი მომავალშიც ეძებს ნიშნებს, რომ თავიდან აიცილოს უკვე განცდილი ტკივილი;

•დაფასების ნაკლებობა – როცა პარტნიორისგან საკმარის ყურადღებას არ იღებს, შიში ავტომატურად ირთვება.

როდის არის ეჭვიანობა ჯანმრთელი?

როცა ეჭვიანობა დიალოგამდე მიდის, ანუ გახსნილ კომუნიკაციამდე და არა აფეთქებამდე. ზომიერი ეჭვიანობა ურთიერთობას თავიდან გადატვირთავს და პარტნიორებს ახსენებს, რომ ერთმანეთზე ზრუნვა საჭიროა.

რისკები

როცა ეჭვიანობა ხდება კონტროლის მექანიზმი, რაც გამოიხატება მუდმივ შემოწმებაში, პატრულირებაში და ჩასაფრებაში – ურთიერთობა ფუჭდება და „იკარგება“. აქ უკვე წინა პლანზე გამოდის არა გრძნობა, არამედ უსაფრთხოების დაკარგვის ქრონიკული შიში.

პრაქტიკული რჩევები

•ისწავლეთ თვითდამშვიდების ტექნიკები;

•დასვით კითხვა: „რა მეწყინა სინამდვილეში – ფაქტი თუ მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ინტერპრეტაცია?“

•ილაპარაკეთ კონსტრუქციულად და არა ბრალდებებით;

•დააკვირდით, რა იწვევს შფოთვას – ხშირად მიზეზი არა პარტნიორია, არამედ წარსული, რომელმაც ჩვენში მძიმე კვალი დატოვა.

ქიმია – არჩევანი და ყოველდღიური ქცევა

სიყვარული ორი ნაწილისგან შედგება: ქიმიისგან – რაც გვაბნევს, გვანათებს და გვაფორიაქებს; თუმცა გვაბედნიერებს კიდეც და არჩევნისგან – რასაც ყოველდღე ვავლენთ პარტნიორის მიმართ.

სიყვარული, როგორც ქიმია

ტვინში მუდმივად გამოიყოფა დოფამინი, ოქსიტოცინი და სეროტონინი. ამიტომ გვინდა მუდმივი კონტაქტი, მონატრება, სიახლოვე, ჩახუტება. მაგრამ ამ ფაზას ვადა აქვს – თანამედროვე კვლევებით, ის 6 თვიდან 2 წლამდე გრძელდება. სწორედ ამის შემდეგ იწყება რეალური ურთიერთობა – შეგნებული გადაწყვეტილება, რომ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, მოვუსმინოთ, შევქმნათ საერთო რიტუალები, ვიყოთ წყვილი და არა უბრალოდ პარტნიორები.

რას ნიშნავს ჯანსაღი სიყვარული პრაქტიკაში

ეს არის პატიოსანი კომუნიკაცია, ემოციური საზღვრების პატივისცემა, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრა, ურთიერთობაში პირადი სივრცის შენარჩუნება.

რას ვკარგავთ სიყვარულში ყველაზე ხშირად

ფერად ემოციებს, რაც შესაძლოა, ყოველდღიურობამ გადაფაროს. ნუ დაელოდებით რაიმე განსაკუთრებულ ან დიდებულ დღეს. ყოველდღიური ზრუნვის პატარა ნიშნები უფრო დიდხანს ტოვებს პოზიტიურ კვალს.

სიცოცხლისეული დასკვნა

სიყვარული „მატერიალურია“. იმისთვის, რომ „იცოცხლოს“, მას სჭირდება ინვესტიცია, დრო და ენერგია. ის არ მოდის თავისით, მას ვქმნით ჩვენ ხანგრძლივი მუშაობითა და მოთმინებით, რა თქმა უნდა, ურთიერთპატივისცემით.

ქალის ასაკი – არა ზღვარი, არამედ ძალა

ქალის ასაკზე ჯერ კიდევ ბევრს უყვარს ჩურჩულით საუბარი, თითქოს ეს ციფრი აყალიბებს მის ფასს, შესაძლებლობებს, სილამაზეს, სიყვარულის ან ბედნიერების შანსს. მაგრამ სინამდვილეში ასაკი არასდროს ყოფილა პრობლემა. პრობლემა იყო და რჩება მხოლოდ იმ ცრუ საზღვრებში, რომლებიც_სტერეოტიპებმა მოგვახვია თავს.

ქალის ცხოვრება არ იწყება 20 წლის ასაკში და არ მთავრდება, როცა 40-ის ხდება. ყველა წელი ღირებულია და ძვირფასი.

30 წლის ქალი იცინის ხმამაღლა და სწავლობს საკუთარ საზღვრებს.

40 წლის ქალი უფრო მკაფიოდ ხედავს, სად უნდა იყოს და სად – აღარასოდეს. 50 წლის ქალი კი უკვე იმას აკეთებს, რაზეც ადრე მხოლოდ ოცნებას ბედავდა. და ეს ყველაფერი ნორმალურია, ჯანსაღია და მშვენიერია.

ჩვენი ასაკი არ გვაკლებს სილამაზეს.

სილამაზე არ არის ახალგაზრდობა – სილამაზეა ქალის ენერგია, გამოცდილება, შინაგანი სიმწიფე, საკუთარი სურვილების პატივისცემა და იმ უბრალო სიმშვიდის პოვნა, რისთვისაც ზოგს მთელი ცხოვრება სჭირდება.

ასაკი არ არის დაბრკოლება, არამედ ეს არის ძალა, რომელიც გვაძლევს უნარს, ვიცოდეთ ჩვენი ფასეულობები. შევარჩიოთ ადამიანები, რომლებსაც ჩვენს სივრცეში ვუშვებთ და ცხოვრება მოვირგოთ ისე, როგორც გვიხდება, არა ისე, როგორც ჩვენგან ელოდებიან.

ნამდვილი სრულფასოვანი ცხოვრება მაშინ იწყება, როცა ქალი ხვდება: „მე მაქვს უფლება, ვიყო ის, ვინც ვარ ზუსტად ამ ასაკში, ზუსტად ამ დღეს, ზუსტად ამ ფორმით.“

და სწორედ აქ იწყება თავისუფლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი