ქალი და კაცი

იმარჯვებ, როცა თმობ

№12

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 05.04

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ჩვენ ხშირად გვასწავლიან, რომ გამარჯვება ნიშნავს ბოლომდე ბრძოლას – არ დანებდე, არ დათმო, არ დაუშვა… მაგრამ ცხოვრებაში არის მომენტები, როცა სწორედ დათმობაშია .ყველაზე დიდი გამარჯვება.

ქალს ხშირად უწევს ბრძოლა. იბრძვის ურთიერთობისთვის, ოჯახისთვის, სიყვარულისთვის, სიმშვიდისთვის... ზოგჯერ იმდენად დიდხანს ცდილობს ყველაფრის შენარჩუნებას, რომ კარგავს საკუთარ თავს, რადგან სურს, გადაარჩინოს ის, რაც უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს.

მაგრამ ერთ დღეს ქალი აუცილებლად მიხვდება, რომ ძალა ყოველთვის ბრძოლაში არ არის, ხანდახან ძალა გაჩერებაშია. ამისთვის უნდა იცოდე, რომ დათმო, არ ნიშნავს დამარცხებას, დათმო, ნიშნავს, აირჩიო საკუთარი თავი.

არის ურთიერთობები, სადაც ქალი იმდენს დებს, რომ ბოლოს თავად ცარიელი რჩება. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ენერგიას გვართმევენ. ასეთ დროს წასვლა სისუსტე არ არის. ეს არის საკუთარი თავის გადარჩენა.

ქალი იმარჯვებს მაშინ, როცა აღარ ცდილობს, იქ დაამტკიცოს თავისი მნიშვნელობა, სადაც მისი არ ესმით; როცა აღარ ცდილობს, იმ კარის გაღებას, რომელიც დიდი ხანია, დახურულია. როცა უშვებს იმას, რაც აღარ არის მისი.

მნიშვნელოვანია იცოდეთ; როცა ქალი თმობს იმას, რაც მას ტკივილს აყენებს, ის სივრცეს ქმნის ახალი ცხოვრების, ახალი სიყვარულისა და საკუთარი სიმშვიდისთვის.

და სწორედ აქ იწყება მისი ნამდვილი გამარჯვება.

ქალი იმარჯვებს არა მაშინ, როცა იბრძვის ყველასთვის და ყველაფრისთვის. ქალი იმარჯვებს მაშინ, როცა საკუთარ თავს არ კარგავს.

უთქმელი კითხვები

ურთიერთობაში ბევრ პრობლემას ნათქვამი სიტყვები კი არა, უთქმელი კითხვები ქმნის. კითხვები, რომლებიც გულში გვრჩება, მაგრამ ხმამაღლა არასოდეს ვამბობთ, კონფლიქტის პროვოცირების საფრთხეა.

ხშირად გვგონია, რომ დუმილი კონფლიქტს აგვარიდებს, რომ თუ რაღაცაზე არ ვილაპარაკებთ, პრობლემა თავისით გაქრება.

სინამდვილეში კი უთქმელი კითხვები ურთიერთობაში უხილავ დაძაბულობას ქმნის.

როცა ადამიანი რაღაცას ფიქრობს, უკმაყოფილოა, ეჭვი აქვს, მაგრამ ამას არ ამბობს, პასუხებს თვითონ იგონებს. შემდეგ იჯერებს და ცარიელ ჭიქაში ქარიშხალიც „ამტყდარია“. იქმნება ვარაუდები, ინტერპრეტაციები, ზოგჯერ სრულიად არასწორი დასკვნები. უთქმელი კითხვები ხშირად წყენად იქცევა. წყენა კი – დისტანციად.

ის მარტივი გაუგებრობა, რომელიც შეიძლებოდა, უბრალო საუბარს გადაეჭრა, დროთა განმავლობაში ემოციურ ბარიერად იქცევა. ადამიანები ერთმანეთს აღარ ეკითხებიან, არამედ ერთმანეთზე ეჭვობენ.

სწორედ ამიტომ, ურთიერთობაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საუბარი, არამედ კითხვების დასმის თავისუფლებაც. კითხვა არ არის ბრალდება. კითხვა არის სურვილი, რომ გავიგოთ მეტი.

გახსოვდეთ: ზოგჯერ მარტივი კითხვები – „რა მოხდა, რატომ ხარ ჩუმად“, „რა გაწყენინე?“ – შეიძლება, კონფლიქტის თავიდან აცილების ყველაზე მარტივი გზა აღმოჩნდეს.

ურთიერთობები ხშირად არ ინგრევა დიდი ჩხუბებით.

ისინი ნელა იშლება, სწორედ იმ სიტყვების გამო, რომლებიც არასოდეს თქმულა.

როგორ არ ვაწყენინოთ საყვარელ ქალს

ეს არის სტრატეგიული გზამკვლევი მამაკაცებისთვის. დიახ, ურთიერთობა ხშირად ემოციებზე დგას, მაგრამ მას ინარჩუნებს სტრატეგია. თუ კაცს უნდა სტაბილური, ძლიერი და ხანგრძლივი კავშირი, მას აუცილებლად დასჭირდება ქცევის გააზრებული მოდელი.

•წესი პირველი – არასდროს გაუცრუოთ იმედი!

არ აქვს მნიშვნელობა თქვენთვის რამდენად „დიდია“ პრობლემა.

თუ მან თქვა, რომ ეწყინა, თქვენ არ უპასუხოთ, რომ „ეს პრობლემა არ არის.“

სწორი რეაქციაა მისი შფოთვით დაინტერესება – „მითხარი, კონკრეტულად რა გეწყინა“. პარტნიორის ემოციის უარყოფა უდრის ნდობის შემცირებას.

•წესი მეორე – არასოდეს გადადო რთული საუბრები!

კაცებს, ზოგადად, ახასიათებთ „გადადონ “ ყველა საქმე, მით უფრო ის, რისი გაკეთებაც ერთულებათ. პარტნიორთან დაძაბულობასაც ასე უდგებიან. მათი ლოგიკა ასე მუშაობს: დრო გაანეიტრალებს დაძაბულობას. რეალობა კი საპირისპიროს აჩვენებს – დრო აგროვებს წყენას. ასე რომ, თუ პრობლემა წარმოიშვება, მისი მყისიერი მოგვარებაა აუცილებელია. გაჭიანურებული დუმილი, წყენა ნელ-ნელა აღრმავებს დისტანციას წყვილს შორის.

•წესი მესამე – ტელეფონი, პოტენციური საფრთხე.

როცა საყვარელი ქალი გესაუბრებათ და თქვენ ეკრანს ჩასჩერებიხართ, მესიჯი მარტივია: „ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია“. პრაქტიკული და მნიშვნელოვანი რჩევა - საუბრის დროს ტელეფონი ცოტა ხნით გადადეთ. დიდი მნიშვნელობა აქვს თვალით კონტაქტს.

არ გააწყვეტინოთ საუბარი შუაში – შეიძლება, ეს უმნიშვნელო დეტალი გგონიათ, მაგრამ აუცილებელია და ზოგჯერ გადამწყვეტიც.

•წესი მეოთხე – ბოდიში უნდა იყოს გულწრფელი!

არასწორია: „მაპატიე, მაგრამ…“„თუ გეწყინა, მალე გაგივლის…“

სწორია – „შევცდი. მაპატიე“. თავის მართლებები ამცირებს ბოდიშის ძალას.

•წესი მეხუთე – არანაირი ირონია სისუსტეებზე!

ხუმრობა, რომელიც ეხება:

•გარეგნობას;

•ინტელექტს;

•ოჯახს;

•წარსულს.

არის მაღალი რისკის ზონაც – თუ ერთხელ ეწყინა კონკრეტულ თემაზე, ის თემა უნდა დახუროთ. რადგან გამეორება უკვე უპატივცემულობაა.

ასევე გახსოვდეთ, თუ პარტნიორი გიყვართ და მასთან ჰარმონიული ურთიერთობა გსურთ, საჯარო პატივისცემა სავალდებულოა.

ურთიერთობა არ არის კონკურსი, არც შეჯიბრება. პარტნიორთან კამათში გამარჯვება, რეალურად ურთიერთობაში წაგებაა. თქვენი სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს: სიტუაციის მოგვარება და არა პოზიციის დაცვა. რადგან ქალის ემოციური უსაფრთხოება ყოველდღიურად შენდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი