ქალი და კაცი

გენდერი და საზოგადოება

№23

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 18.06

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ნებისმიერ საზოგადოებაში, გენდერული როლი განსაზღვრულია სოციალურ-კულტურული ნორმებით და გულისხმობს ქცევებს, რომლებიც კაცურად ან ქალურად არის მიჩნეული. ჯერ კიდევ ბევრ საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ გენდერული როლები ქალისა და მამაკაცის ისეთ ბიოლოგიურ თავისებურებებს ემყარება, როგორებიცაა ფიზიკური მონაცემები ან რეპროდუქციული უნარები. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ ქალებისთვის ბიოლოგიურადაა დამახასიათებელი მზრუნველობით-აღმზრდელობითი უნარები, მამაკაცებისათვის კი – აგრესიული, ლიდერული ქცევა.

გენდერული როლებისათვის დამახასიათებელია არა თანასწორობა, არამედ იერარქიულობა. ის როლები, რომლებიც სტერეოტიპულად ქალის მახასიათებლად აღიქმება, გაუფასურებულია, ხოლო მამაკაცის – დაფასებული. მაგალითად, ქალის მიერ გაწეული საშინაო შრომა გაუფასურებულია, ხოლო კაცის მიერ სახლის გარეთ გაწეული შრომა დაფასებული და ანაზღაურებადი. ასევე, ხშირად მიაჩნიათ, რომ მამაკაცები ჭკვიანები არიან, ქალებს კი ნაკლები ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ.

თანამედროვე ცხოვრებამ ოჯახს საგრძნობლად შეუცვალა სტრუქტურა, ტრადიციული მოვალეობებიც ისეთი მყარი აღარ არის – სულ უფრო მეტი ქალია დასაქმებული სახლის გარეთ და სულ უფრო მეტი კაცი ერთვება ბავშვების აღზრდაში. გამოდის, რომ სივრცე განსხვავებულ გენდერებს შორის მცირდება. თანამედროვე რეალობა ქმნის თანასწორობას საზოგადოებაშიც და ოჯახშიც.

სასურველია, ოჯახის ყველა წევრი ერთად იღებდეს გადაწყვეტილებებს, ყველას ჰქონდეს საშუალება, ღიად გამოხატოს საკუთარი აზრი, აკრიტიკებდნენ და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს და იმავდროულად, ოჯახში რჩებოდნენ დამოუკიდებელ და პასუხისმგებლობის მქონე ინდივიდებად.

გენდერული როლების ტრადიციული ხასიათით ჩამოყალიბებას თავისი ისტორიული წინაპირობები ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველყოფილ ადამიანებს სჭირდებოდათ გამრავლება და გადარჩენა, მნიშვნელოვანი იყო ნადირობა, საკვებით მომარაგება, ნაშიერის დაცვა მტაცებელი ცხოველებისაგან. ქალებს ხშირი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვების მოვლის გამო სახლში ყოფნა და შთამომავლობაზე ზრუნვა უწევდათ. კაცები კი სახლის გარეთ მუშაობდნენ, საკვებს არა მარტო ნადირობით, სხვა გზებითაც მოიპოვებდნენ.

დღეს, როდესაც ქალს შეუძლია, აკონტროლოს შობადობა, როდესაც ადამიანებს არ უწევთ ცხოველებისაგან თავის დაცვა და სარჩოს მოპოვებაც აღარ არის დამოკიდებული ნადირობაზე, გენდერული როლების ძველებური განაწილება აზრს კარგავს. საუკუნეები დასჭირდათ ქალებს, რომ მოეპოვებინათ იგივე უფლებები და თანასწორი სტატუსი, რაც მამაკაცებს ჰქონდათ. ბევრი ქალი დღესაც ვერ ახერხებს იცხოვროს სრულფასოვნად, თავად დაგეგმოს საკუთარი ოჯახი და ჰქონდეს მისთვის სასურველი კარიერა. ვიღაცები კვლავ მიიჩნევენ, რომ ქალის მთავარი ფუნქცია შვილების გაჩენა და დედობაა. ასეთ ოჯახებში ქალებსა და გოგონებს ახლაც უწევთ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა და მტკიცება, რომ ისინი კაცების თანასწორნი არიან.

სიტყვის ძალა

თბილი სიტყვა ვის არ სიამოვნებს? რაც უფრო გულწრფელია კომპლიმენტი, მით უფრო მეტ დადებით ემოციებს იწვევს.

„ყველაფერი გამოგივა!“ – უთხარით ეს თქვენს მამაკაცებს, როდესაც საქმე მის შესაძლებლობებს ეხება, არ აქვს მნიშვნელობა, სად უწევს ამ შესაძლებლობების გამოვლენა – სამზარეულოში, ავტოფარეხში, სამსახურში თუ საწოლში. ძლიერი სქესის წარმომადგენლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი სჯეროდეთ და ენდობოდნენ. ეს მოტივაციას უზრდით.

დიდი გრძნობით ნათქვამი სიტყვების მოსმენა ყველა მამაკაცისათვის ბედნიერებაა. ეს ნიშნავს, რომ მისი საქციელი მართლაც მნიშვნელოვანია და ქალი ამას ხედავს, აფასებს.

კომპლიმენტი გარეგნულ მხარეზე – როგორც ქალს, ასევე მამაკაცს თვითშეფასებას უზრდის ისეთი კომპლიმენტები, რომლებიც მის გარეგნობას ეხება. შეუქეთ თვალები, მამაკაცური მხრები, კუნთები, ან ნებისმიერი რამ, რაც კომპლიმენტს იმსახურებს.

უთხარით მამაკაცს, რომ მისი სტატუსი, ფული და ფიზიკური მონაცემები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შინაგანი სამყარო.

„კარგად იცი შენი საქმე!“ – ამგვარი კომპლიმენტი მამაკაცისათვის ნიშნავს, რომ ქალი მის ძალისხმევას, მონდომებას, შრომისმოყვარეობასა და პროფესიონალიზმს ამჩნევს.

მამაკაცისათვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარი მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პატივს სცემდეს და მოსწონდეს.

გახსოვდეთ, მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს, როდესაც კომპლიმენტებს საჯარო სახე და მოფერებით ფორმა აქვთ. მაგალითად, „ჩემო ფუმფულა“, „კნუტო“, „ზევსო“… ასეთ სიტყვებს სხვების თანდასწრებით ნუ ეტყვით, რადგან მათ შეურაცხყოფად უფრო აღიქვამენ, ვიდრე კომპლიმენტად. ისინი ინტიმური გარემოსთვის შემოინახეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...