ქალი და კაცი

ეს მხოლოდ მითია

№1

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 14.01

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალებმა უამრავი მითი შექმნეს ძლიერი სქესის შესახებ. ნუ დაუჯერებთ მათ!

მითი 1. მამაკაცის გულისკენ გზა კუჭზე გადის. - შესაძლოა, ეს ოდესმე აქტუალური იყო, მაგრამ ახლა, მოშივებული მამაკაცი, რომელიც იოლად გადის ფონს სოსისების, შაურმების და თუნდაც რესტორნების ხარჯზე, არა მგონია, პირველ რიგში, ქალბატონის კულინარიული მონაცემებით დაინტერესდეს. რა თქმა უნდა, საყვარელ მამაკაცს ესიამოვნება, თუ მისთვის შესანიშნავ სადილს ან ვახშამს მოამზადებთ, მაგრამ მისთვის მაინცდამაინც მრავალფეროვანი რაციონი კი არ არის მომხიბვლელი, არამედ თქვენი ყურადღება. უმჯობესია, რაიმე იოლი მოამზადოთ და ძალები სხვა ამბებისთვის შემოინახოთ.

მითი 2. ინიციატივა ყოველთვის მამაკაცისგან უნდა მოდიოდეს. - ძალიან საკამათო საკითხია. იმ საკითხებში, რომლებიც მამაკაცისა და ქალის ურთიერთობებს ეხება, კაცები ხშირად ძალიან მორცხვობენ (ქართველებიც კი!) და ყოველთვის ვერ ახერხებენ, პირველებმა ამოიღონ ხმა. ფსიქოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ ბევრ მამაკაცში ჯერ ისევ ბავშვური კომპლექსები და შიშებია ჩაბუდებული. ზრდასრულ ასაკშიც, ბევრი ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი შინაგანად დაკომპლექსებულ ბიჭად რჩება. ამ შემთხვევაში ქალმა ცოტაოდენი სითამამე უნდა გამოავლინოს. მაგრამ მეტისმეტი არ ვარგა, თორემ შეიძლება დაფრთხეს კიდეც.

მითი 3. მამაკაცებმა არ იციან სიყვარული, მათთვის მხოლოდ სექსია მნიშვნელოვანი. - რაღა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ფსიქოლოგების მტკიცებით, მამაკაცები ქალებზე ხშირადაც კი აიდეალებენ სიყვარულს: მამაკაცთა 90 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ეს ჯადოსნური გრძნობა შეიძლება, მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ქალები კი ამ საკითხში ბევრად უფრო სკეპტიკურები აღმოჩნდნენ – სამუდამო სიყვარულის მხოლოდ 75-80 პროცენტს სჯერა. ამასთან, განშორება მამაკაცის გრძნობებს უფრო ახელებს, ხოლო ქალისას – აცივებს. ასე რომ, მამაკაცთა მოდგმა ქალებზე უფრო რომანტიკული აღმოჩნდა. ქალის აზრი იმის შესახებ, რომ მამაკაცებს მხოლოდ სექსი აინტერესებთ, მათი გრძნობების განსხვავებულობით აიხსნება. ქალებში უფრო ხშირია სიყვარული-მეგობრობა: მშვიდი, თბილი და საიმედოობის გრძნობა თავის რჩეულში. მამაკაცებში კი – სიყვარული-ვნება, რაც წარმოუდგენელია საყვარელ ადამიანთან ფიზიკური სიახლოვის გარეშე.

მითი 4. მამაკაცები ქალებში უპირველესად გარეგნობას აფასებენ და მხოლოდ შემდეგ – დანარჩენს. - უდავოა ის ფაქტი, რომ მამაკაცებს ლამაზი ქალები მოსწონთ, მაგრამ ამასთან, სულაც არაა აუცილებელი, რომ მათ ბერძნული პროფილი ჰქონდეთ, ვენერას ფიგურა და არტემიდას „ბორცვები“. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ქალური სილამაზე კაცის ცნობიერებაში სადღაც მესამე ადგილს იკავებს, პირველსა და მეორე ადგილს კი სექსუალურობა და მომხიბვლელობა ინაწილებენ. ასე რომ, ძვირფასო ქალებო, იმის მაგივრად, რომ ნებისმიერი უმნიშვნელო ნაოჭის გამოჩენისთ ანავე კოსმეტოლოგთან ირბინოთ, გახდით უფრო გახსნილები და უშუალოები.

მითი 5. მამაკაცს მოსწონს, როცა ქალი გულღია და გულწრფელია. - დიახ და ამავე დროს არა. გახსნილობას მამაკაცები ნამდვილად აფასებენ, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. იმ ქალებს, რომლებიც მამაკაცის წინაშე გულის კარს ბოლომდე აღებენ და დაწვრილებით უყვებიან თავისი „ყოფილი“ შეყვარებულის, ქმრებისა თუ მამაკაცების შესახებ ან გაუთავებლად წუწუნებენ გადატანილი ანგინის გამო, ძლიერი სქესი განსაკუთრებულად არ სწყალობს. უფრო სწორად, მათგან კისრისტეხით გარბის! მსგავსი გულახდილობის „შემოტევები“ ნებისმიერს დააფრთხობს.

მითი 6. რაც უფრო ცუდად ექცევი მამაკაცს, მით უკეთესად მოგექცევა შენ! - სიმართლის მარცვალი ამაში, რა თქმა უნდა, არის: რაც ნაკლებად უყვარს ქალს მამაკაცი, მით მეტად მოსწონს მამაკაცს ის. მაგრამ, მაინც კარგი რამ არის ზომიერება! არცთუ ბევრ მამაკაცს მოეწონება, თუ მისი რჩეული გამუდმებული სიცივითა და კაპრიზებით დატანჯავს. ამქვეყნად ბევრია ისეთი კაცი, რომელიც აფასებს საკუთარ თავს და აშკარად არაა მაზოხისტი. ისინი ნამდვილად არ დაუშვებენ, რომ მათი რჩეული მსგავსად მოიქცეს. ამიტომ, იყავით ფრთხილად: ძლიერი სქესის ყოველი წარმომადგენელი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს!

მითი 7. მამაკაცები საწოლში მხოლოდ საკუთარ ორგაზმზე იციკლებიან. - შესაძლოა, ყველა კაცი არ გამოირჩეოდეს სექსუალური ალტრუიზმით, მაგრამ ასეთი ეგოისტები უმცირესობაში არიან! უბრალოდ, მამაკაცები, როგორც წესი, პირველნი მიდიან „ფინიშთან“, მაგრამ ამის მიზეზი მამაკაცის მავნებლური ხასიათი კი არ არის, არამედ ფიზიოლოგიური განსხვავება: იმ მომენტისათვის, როცა მამაკაცი აგზნების პიკზეა, ქალი მხოლოდ იწყებს აღმასვლას. ხოლო იმის გასარკვევად, თუ როდის „დაეწევა“ ქალი მას, ხშირად არც ძალები ჰყოფნის და არც მოთმინება. მაგრამ სურვილის შემთხვევაში, ბუნების ამ შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია პრელუდიის დროის გახანგრძლივებით.

მითი 8. ძლიერი მამაკაცები არასოდეს წუწუნებენ ცხოვრებაზე და მით უმეტეს, არ ტირიან. - ახლა უკვე ძნელია იმის თქმა, ვინ მოიგონა ეს მითი: ქალმა თუ მამაკაცმა, მაგრამ ძლიერი სქესის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეს ამბავი მეტისმეტად სერიოზულად მიიღო. ჰოდა, ახლა მთელი ძალით ცდილობენ ამ სტერეოტიპის ფარგლებში ჩაჯდომას – საკუთარი თავისთვის ქმნიან „სუპერმენის“ იმიჯს. ამ დროს კი მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ნეგატიური ემოციების საკუთარ თავში ჩაკვლა ძალიან საზიანოა. სხვათა შორის, აქედან იწყება ინფარქტები და ინსულტები. ამიტომ, თუ პარტნიორს თქვენთან გულის გახსნა მოუნდება, ნუ დაადანაშაულებთ სისუსტეში.

მითი 9. ნამდვილმა მამაკაცმა ყოველთვის ზუსტად იცის, რა სურს. - ეს ასე არ არის! ბოლოს და ბოლოს, მამაკაცი რობოტი არაა, რომელიც მკაცრად მიცემული პროგრამით ცხოვრობს. ნებისმიერი ადამიანისათვის დამახასიათებელია, დროდადრო დაეჭვდეს, სწორად იქცევა თუ არა. ფსიქოლოგების აზრით, ეს სავსებით ნორმალურია. ამიტომ, ნუ უსაყვედურებთ თქვენს რჩეულს, რომ ის სუსტია და კაცად არ ვარგა. დაე, კარგად დაფიქრდეს, მოიფიქროს ყველაფერი და შემდეგ გადაწყვიტოს.

მითი 10. მამაკაცები უგრძნობები არიან და არ ახასიათებთ ღრმა განცდები. - თუ თქვენს ცხოვრებაში ერთი-ორი ეგოისტი და მექალთანე შეგხვდათ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთნაირია. შესაძლოა, მამაკაცები გარეგნულად ხშირად ტოვებენ გულგრილის შთაბეჭდილებას, მაგრამ შინაგანად შეიძლება, ემოციების ქარბორბალა უტრიალებდეთ. სინამდვილეში კი მამაკაცები ძალიან მგრძნობიარენი არიან და კონფლიქტური სიტუაციები, ღალატი ძნელად გადააქვთ.

ჰოდა, იმის მაგივრად, რომ თქვენს რჩეულს იარლიყი მიაკეროთ, უმჯობესია, მისი გულის გასაღები მოძებნოთ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული