ემოციური სამყაროს ჰარმონია
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 23.11
სიყვარული ყოველთვის თითქოს ერთ ენაზე ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში ორი სრულიად განსხვავებული ენის ნაზავია, რადგან ქალი და მამაკაცი სამყაროს განსხვავებულად გრძნობენ, ხედავენ და პასუხობენ მასზე. ეს განსხვავება ხანდახან ერთმანეთს გვაშორებს, მაგრამ იმავდროულად, სწორედ ის ქმნის ურთიერთობის ნამდვილ მუსიკას.
ქალი ემოციით აღიქვამს სამყაროს – მისთვის ურთიერთობა დეტალებია, მზერა, ტონი, სითბო, სიტყვების მიღმა არსებული სიგნალები. მამაკაცისთვის კი სიყვარული უფრო მოქმედებაა – გაკეთებული საქმე, დაცვა, სტაბილურობა, სიტყვების ნაცვლად ქცევები.
ხშირად სწორედ ამ განსხვავებულ კოდებში იკარგება ჰარმონია:
ქალი ელოდება უფრო მეტ სითბოს, კაცი კი ფიქრობს, რომ მისი უხმო ზრუნვა ყველაფერს ამბობს.
ქალი საუბრით ამუშავებს და იშუშებს ტკივილს, კაცი კი – დუმილით.
და მაინც – როცა ერთმანეთის სამყაროს გაგებას ვსწავლობთ, სწორედ მაშინ იქმნება ნამდვილი ბალანსი.
ჰარმონია ურთიერთობაში არ ნიშნავს ერთნაირობას - ეს არის ორი განსხვავებული ენერგიის თანაარსებობა, როცა არც ერთი არ ცდილობს მეორის შეცვლას. ქალი უნდა დარჩეს ემოციად, კაცი – საყრდენად. და როცა ორივე საკუთარ ბუნებას პატივს სცემს, იქ ჩნდება ურთიერთობა, რომელიც არც ბრძოლაა და არც კონკურენცია – ეს არის სრულფასოვანი პარტნიორობა.
ჰარმონიული წყვილი არ არის ის, ვინც არ კამათობს, არამედ ის, ვინც კამათის შემდეგ ისევ ერთმანეთისკენ მიდის.
სიყვარული ხომ სწორედ ამის სწავლაა – განსხვავებულობის მიღება ისე, რომ არ დავკარგოთ ერთობის განცდა.
სიყვარული ენერგიაა
სიყვარული მხოლოდ ემოცია არაა – ეს ენერგიაა, რომელიც ორი განსხვავებული სამყაროს შეხვედრისას იბადება.
ქალი და კაცი თითქოს ორი პოლუსია: ერთი მზესავით თბილი, მეორე – ყინულივით ცივი. მაგრამ აუცილებელია, რომ ამ ბალანსში სიცოცხლე არსებობდეს.
ქალის ძალა სინაზეშია – იმ ნატიფ ენერგიაში, რომელსაც შეუძლია, დაღლილი ადამიანი მხოლოდ ერთი შეხედვით დააწყნაროს.
ის არ ეცილება, არ ამტკიცებს, არ ჩხუბობს – უბრალოდ, როცა სხვები მიდიან ქალი რჩება. მისი რწმენა ხშირად ბევრად მტკიცეა, ვიდრე კაცის ძალა.
კაცის სიძლიერე კი სიმშვიდეა. ის ხანდახან არაფერს ამბობს, მაგრამ მის ზურგს უკან ქალი გრძნობს: „მე აქ ვარ“...
და ეს საკმარისია, რომ სამყარო აღარ აშინებდეს.
როცა ქალი და კაცი ერთმანეთს აბალანსებენ, იქ აღარ არის ბრძოლა, ვინ უფრო ძლიერია. იქ არის ერთიანობა, სადაც ქალი გრძნობს თავს დაცულად, და კაცი – საჭიროდ. ეს ჰარმონია არ იბადება მაშინ, როცა ორივე იდეალურია, არამედ მაშინ, როცა პიროვნულად ერთმანეთს ერგებიან, როგორც ორი მელოდია ერთ სიმღერაში.
კაცის გვერდით სინაზე არ ნიშნავს სისუსტეს – ის არის ნამდვილი ძალა, რომელიც ქმნის სივრცეს სიყვარულისთვის. ისევე, როგორც კაცის სიმტკიცე არ არის დომინაცია, არამედ უხმოდ ნათქვამი: „შენ შეგიძლია, იყო ისეთი, როგორიც ხარ. მე მაინც შენს გვერდით ვიქნები“.
სიყვარული სწორედ ამ წონასწორობაში ცოცხლობს, სადაც არც ქალი ცდილობს უფრო ძლიერი იყოს კაცზე და არც კაცი – უფრო მნიშვნელოვანი ქალზე. სადაც ორივე, უბრალოდ, ადამიანია – ერთმანეთისთვის სივრცე, ბალანსი და სუნთქვა.
სიჩუმის ენა ურთიერთობაში
ანუ, როცა სიტყვებზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც არ ითქვა
ყველა ურთიერთობაში დგება მომენტი, როცა სიტყვები თითქოს ქრება. არა იმიტომ, რომ აღარ გვაქვს სათქმელი – უბრალოდ, ზოგჯერ გრძნობები სიტყვებში ვერ ეტევა. სიჩუმე მაშინ ჩნდება, როცა ემოციები უფრო ძლიერია, ვიდრე ფორმა, რომლითაც მათ გამოვხატავთ.
ქალის სიჩუმეში ხშირად იგრძნობა მისი განცდების ხმა. მის წინ მდგომი ადამიანი მაშინვე იგრძნობს ამ ტკივილს, მიუხედავად იმისა, რომ ქალს ამაზე არაფერი უთქვამს. მამაკაცი კი სიჩუმით იცავს თავს და ურთიერთობას. რადგან ზოგჯერ სჯერა, რომ დუმილი სჯობს სიტყვას, რომლითაც შეიძლება, ატკინოს.
და მაინც, სიჩუმე ყოველთვის სიმშვიდე არ არის. ზოგჯერ ეს არის ტკივილი, გადაუჭრელი პრობლემა, შინაგანი ბზარი, რომელიც მხოლოდ გულწრფელი საუბრისას შუშდება. ზოგჯერ კი პირიქით – ეს არის ნდობა, როცა შეგიძლია, უბრალოდ, იყო ვიღაცასთან და აღარაფერი თქვა, რადგან გრძნობ, რომ ესეც საკმარისია.
სიჩუმე ურთიერთობაში სასჯელიც შეიძლება იყოს და საჩუქარიც. ეს იმაზეა დამოკიდებული, რას ვდებთ მასში. თუ იქ სიყვარულს, პატივისცემასა და სურვილს ვტოვებთ, სიჩუმე ხდება ხიდი.
თუკი წყენას და გაუგებრობას – ის კედლად იქცევა.
სიტყვებს აქვთ ძალა, მაგრამ ხანდახან ყველაზე ძლიერი ურთიერთობები სწორედ სიჩუმეში იწერება, როცა, ერთი შეხედვით, არაფერი ხდება, მაგრამ ორივემ ზუსტად იცის, რომ ეს ურთიერთობა ისევ ცოცხალია, ის სუნთქავს, უბრალოდ, ჩუმად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





