„დედიკოს ბიჭი“ – მითი თუ რეალური ფსიქოტიპი
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 08.03
ქალები დაცინვით ამბობენ ხოლმე: „ის დედიკოს ბიჭია“, მაგრამ სინამდვილეში საქმე ბევრად სერიოზულია.
დედასთან ძლიერი ემოციური კავშირი პრობლემა არ არის.
პრობლემა მაშინ იწყება, როცა ეს კავშირი დამოუკიდებლობას ცვლის.
„დედიკოს ბიჭი“ ხშირად:
• გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს;
• კონფლიქტის დროს დედის პოზიციას ირჩევს;
• პარტნიორთან ურთიერთობაშიც კი ისევ „შვილის“ როლში რჩება.
ეს არ არის მიზანმიმართული ქცევა, ეს არის ემოციური გაუყოფადობა. ფსიქოლოგიურად ამას ეწოდება ემოციური შერწყმა — როცა ზრდასრული მამაკაცი შინაგანად ჯერ კიდევ ბავშვის პოზიციაშია. დიახ, ეს ყველაფერი ბავშვობიდან იწყება.
როდესაც:
• დედა ზედმეტად იცავს;
• ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს;
• შვილს პასუხისმგებლობის განცდას არ აძლევს;
• ან ქმრის ემოციურ ადგილს შვილით ავსებს.
ბავშვი იზრდება სიყვარულში, მაგრამ დამოუკიდებლობის გარეშე.
ასეთი ბიჭი შეიძლება, გახდეს კარგი შვილი, მაგრამ რთული პარტნიორი.
რადგან შინაგანად ის ისევ იმ ქალის მოწონებას ეძებს, რომელმაც პირველად ასწავლა, რას ნიშნავს „სიყვარული“.
როგორ იცნოთ „დედიკოს ბიჭი“ ურთიერთობაში?
ის შეიძლება, იყოს:
* ყურადღებიანი;
* მზრუნველი;
* ოჯახური.
მაგრამ ყურადღება მიაქციეთ:
• გადაწყვეტილებების წინ ამბობს: „დედას ვკითხავ“;
• კონფლიქტისას ამბობს: „დედა ასე არ იზამდა“;
• დედის აზრი მისთვის უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე თქვენი.
და ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი – ის გთხოვთ, დედამისს დაემსგავსოთ.
ჯერ კიდევ შვილი
რატომ გვიზიდავს ხშირად „დედიკოს ბიჭი“?
ეს ყველაზე უხერხული კითხვაა, მაგრამ საკუთარ თავს აუცილებლად უნდა დაუსვა.
ზოგჯერ ქალს იზიდავს მამაკაცი, რომელიც:
• მორჩილია;
• კონფლიქტს არ ქმნის;
• მზრუნველია;
• მშვიდია და ინიციატივის გარეშეა.
მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სიმშვიდე ემოციურ გადაღლაში გადაიქცევა. ქალი ხდება „მეორე დედა“, რომელზეც არის მთელი პასუხისმგებლობა. და როცა ქალი პარტნიორის ნაცვლად შვილის როლს იღებს, ურთიერთობა წყვეტს ორი ზრდასრულის კავშირს.
დედის სიყვარული პრობლემა არ არის.
პრობლემა არის, როცა ზრდასრულ ასაკში კავშირი დამოკიდებულებად რჩება.
ჯანმრთელ ურთიერთობაში მამაკაცი არ ტოვებს დედას. მაგრამ არ იტოვებს ბავშვის როლს.
შეიძლება თუ არა, „დედიკოს ბიჭი“ შეიცვალოს?
დიახ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა თავად ხედავს პრობლემას.
მამაკაცი ვერ გახდება პარტნიორი, თუ შინაგანად ჯერ კიდევ შვილია.
ცვლილება იწყება მაშინ, როცა:
• ის ემოციურად „გამოეყოფა“ დედას;
• საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს;
• არჩევანს შიშის გარეშე აკეთებს.
თუ ქალი ცდილობს მის „გამოზრდას“, თანაცხოვრება ხშირად გადაიქცევა დედა-შვილის ურთიერთობაში და ამ დროს ვნება ნელ-ნელა ქრება. დაფიქრდით, გინდათ ასეთი მამაკაცი გვერდით?
სად მთავრდება ზრუნვა და იწყება ჩარევა
დედისთვის შვილი ყოველთვის ბავშვად რჩება. მისთვის ის არის პატარა ბიჭი, რომელსაც პირველად ხელი მოჰკიდა, რომელსაც ღამეებს უთენებდა, ავად რომ ხდებოდა... მაგრამ პრობლემა მაშინ იწყება, როცა შვილი უკვე ქმარი ხდება – დედის თვალში კი ისევ ბავშვად რჩება. ზრუნვა ნელ-ნელა გადადის კონტროლში, რჩევა – გადაწყვეტილებაში, დახმარება – გავლენაში. დედას შეიძლება, სულაც არ სურდეს ქორწინების დარღვევა, მაგრამ მისთვის შვილის „გაშვება“ ხშირად საკუთარი როლის შემცირებას ნიშნავს.
ბევრი დედა შინაგანად განიცდის „დაკარგვის შიშს“:
• „ახლა ის სხვას ეკუთვნის“;
• „მე აღარ ვარ მის ცხოვრებაში მთავარი“;
• „ის უფრო მას უჯერებს“.
ეს შიში ბუნებრივია და სწორედ აქ იწყება კონფლიქტი. ასეთ სიტუაციაში ყველაზე რთულ მდგომარეობაში ხშირად თავად მამაკაცი ჩავარდება ხოლმე. ის ცდილობს ორივე მხარის შენარჩუნებას. არ უნდა დედას ატკინოს, ასევე არ უნდა ცოლს აწყენინოს. მაგრამ, როცა საზღვრები არ არის მკაფიო, ის ვერ ხდება სრულფასოვანი პარტნიორი.
შედეგად:
• ცოლი თავს მეორეხარისხოვნად გრძნობს;
• დედა შიშში ცხოვრობს;
• და მამაკაცი მუდმივ შიდა დაძაბულობაშია.
რა თქმა უნდა, დედის სიყვარული თავისთავად პრობლემა არ არის.
პრობლემა იწყება მაშინ, როცა დედა:
• შვილს საკუთარ ემოციურ საყრდენად იყენებს;
• მის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს;
• ვერ იღებს ფაქტს, რომ შვილი ცალკე ოჯახს ქმნის.
ზოგჯერ ეს ხდება მაშინ, როცა დედის პირადი ცხოვრება უინტერესო და ცარიელია. არ ჰყავს ქმარი, ან პარტნიორი. როცა საკუთარი იდენტობა მხოლოდ დედობის როლზეა აგებული. ასეთ შემთხვევაში მისთვის შვილის ქორწინება შეიძლება, აღიქმებოდეს, როგორც პირადი დანაკარგი. როცა დედა პირად შიშებს სიყვარულად ფუთავს და ჩარევას ზრუნვად ასაღებს, ქორწინება რღვევას იწყებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





