ჩანაცვლებითი ურთიერთობა
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 28.07
ხანდახან ჩანაცვლებითი ურთიერთობაც გვზრდის. მაგრამ თუ არ გავაცნობიერეთ, რას ვაკეთებთ, თავსაც დავიზიანებთ და პარტნიორსაც.
რა არის ჩანაცვლებითი ურთიერთობა?
ჩანაცვლებითია ურთიერთობა, რომელსაც ვიწყებთ ხანგრძლივი, სერიოზული ურთიერთობის დასრულებისთანავე, მაშინ, როდესაც ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ წინა ურთიერთობიდან. ადამიანი, რომელიც ასეთ ურთიერთობაში შედის ემოციურად არამდგრადია და არაპროგნოზირებადი.
ჩანაცვლებითი ურთიერთობა სტაბილურობას არ გვანიჭებს, მაგრამ, ამავე დროს, დეპრესიისთვის თავის არიდების გზაცაა. ჯანსაღი ქცევა იქნებოდა, ახალი ურთიერთობის დაწყებამდე ძველი გამოგვეგლოვა და ფეხზე დავმდგარიყავით. ჩანაცვლებამ შესაძლოა, ტკივილის, სირცხვილისა და დაშორების ეფექტი შეამციროს, მაგრამ ჭეშმარიტი აღდგენა მხოლოდ ნამდვილ კონტაქტს მოაქვს, რაც ჩანაცვლებითი ურთიერთობისას თითქმის შეუძლებელია.
მეორე მხრივ, არსებობს კვლევები, რომლებიც მოწმობს, რომ ახალ ურთიერთობას სულაც არ ვაფასებთ წინაზე ნაკლებად, თუმცა საყოველთაო აზრი მაინც იქით იხრება, რომ მსგავსი ურთიერთობები საზიანოა როგორც მისთვის, ვინც ახლახან დაშორდა პარტნიორს, ისევე მისთვისაც, ვისაც დროებითი, გარდამავალი პარტნიორის როლი ერგო.
ჩანაცვლებითი ურთიერთობის უარყოფითი მხარეებია:
* პარტნიორზე დამოკიდებულების ან თანადამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი რისკი;
* მანიპულირების სურვილი, რომელიც ურთიერთობიდან ახალგამოსულ ადამიანს თავად უჩნდება ჩამნაცვლებელი პარტნიორის მიმართ;
* უარყოფისა და მიტოვების გაზვიადებული შიში;
* ურთიერთობისგან სწრაფი და ზედაპირული გამოსავლის ძიება.
სერიოზული ურთიერთობის დასრულების შემდეგ ხშირად მივილტვით იქით, სადაც ბევრი ყურადღება, კომპლიმენტების ნაკადი, ინტერესი და აღფრთოვანება გველის. ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცას ასე მოვწონვართ (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყოფილს აღარ მოვწონვართ). მაგრამ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ, რატომ შედიხართ ახალ ურთიერთობაში – ამ ადამიანთან კავშირი გსიამოვნებთ თუ ყურადღება. უსამართლობაა სხვისი გამოყენება, საკუთარი ეგოს გასაძლიერებლად, მისი რესურსების გამოწურვა. სინამდვილეში ხომ არავინ არის ვალდებული, იზრუნოს ჩვენს თვითშეფასებაზე და მსხვერპლად შესწიროს მას საკუთარი კეთილდღეობა.
თქვენ მსხვერპლი არ ხართ
სასიყვარულო ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია ადამიანისთვის. ის უკავშირდება ეგზისტენციალურ კითხვას: ვარ თუ არა სიყვარულის ღირსი? გახსოვდეთ, ეს ტკივილიც გაივლის. აუცილებლად დადგებით ფეხზე და მიხვდებით, რომ მხოლოდ კი არ დაკარგეთ რაღაც, არამედ შეიძინეთ კიდეც – ისწავლეთ, გაიზარდეთ, გამოცდილება დააგროვეთ. ნუ მისცემთ თქვენს ემოციურ კეთილდღეობაზე ამხელა ძალაუფლებას მას, ვინც გამოგიყენათ. ის თავისებურად უბედურია, თქვენ კი, უბრალოდ, არასწორ დროს არასწორ ადამიანს შეხვდით.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ ადამიანმა ხომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში, ისევე როგორც თქვენ – მისაში? დიახ, მალე დამთავრდა ეს ბედნიერება. გაიხსენებთ, რა კარგი იყო თავიდან და საბოლოოდ რა მოჩვენებითი აღმოჩნდა. და როდესაც ამას ბევრჯერ მოჰყვებით, გაუზიარებთ სხვებს, მოუსმენთ საკუთარ თავს, მიხვდებით, რა და რატომ მოხდა. დაინახავთ, რა დაგრჩათ ამ ურთიერთობის შედეგად და შესაძლოა, რამდენიმე ხნის შემდეგ ყოველივე ამას სულ სხვა თვალით შეხედოთ.
შეგიძლიათ, შეაფასოთ საკუთარი თავი – როგორი იყავით, რას გასცემდით, სად ავლებდით საზღვრებს, რას ნანობთ და რას, პირიქით, აფასებთ თქვენს ემოციებში, ქცევაში. რამდენად იყავით ამ ურთიერთობაში ავთენტიკური და ნამდვილი, დააკვირდით, რისი ცოდნა შეგძინათ ამან საკუთარი თავის შესახებ. ჩამოთვალეთ ყველაფერი, რაც მოგწონდათ საკუთარ თავში, როდესაც ამ ურთიერთობაში იყავით – აი, ეს არის თქვენი შენაძენი.
დაგშორდნენ ან თავად დაშორდით, რადგან პარტნიორი თქვენ ვერ გხედავდათ. ახლა რისი გეშინიათ? რომ სამუდამოდ მარტო დარჩებით? რომ თქვენი ყველა ურთიერთობა სინამდვილეში ტყუილია და ყველა ყოველთვის გიყენებთ? იმის გაცნობიერება, რომ ეს შიშები არარაციონალურია, ვერ გიშველით. დასვით კითხვები: რა მოხდება, თუ მართლაც მარტო დარჩით? ქვეყანა დაიქცევა? სინამდვილეში თქვენი თავი ხომ თქვენვე გიყვართ ყველაზე მეტად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან