ასაკი და საჩუქარი
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 11.01
ქალის ასაკი მხოლოდ რიცხვი არ არის – ეს არის გამოცდილება, ცვლილებები, თვითშეფასების ახალი ეტაპი. ამიტომ ასაკთან ერთად იცვლება მისთვის სასურველი საუკეთესო საჩუქარიც. რაც 30 წლის ქალს ახარებს, შესაძლოა, 40-ს გადაცილებულისთვის არაფერს ნიშნავდეს, ხოლო 50 წლის, საერთოდ, გაანაწყენოს..
განვიხილოთ უფრო დეტალურად.
30 წელი ხშირად გარდამტეხი ეტაპია.
ქალი ამ ასაკში:
•საკუთარ თავს უკეთ იცნობს;
•ცდილობს, პროფესიულ და პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაამყაროს;
•უფრო მეტად იწყებს საკუთარ თავზე ზრუნვას.
იდეალური საჩუქრები: 30 წლის ქალისთვის საუკეთესო საჩუქარია ის, რაც ეუბნება: „შენ შეგიძლია, იყო ლამაზი, ძლიერი და თავისუფალი ერთდროულად“.
•მოგზაურობა ან უიქენდის ქალაქგარეთ გატარება;
•ხარისხიანი პარფიუმერია და მოვლის პროდუქცია;
•მასტერ-კლასი, ტრენინგი, ახალი ჰობი.
40 წელი სიღრმის ასაკია. ქალმა ამ ეტაპზე უკვე იცის, რა უნდა და აღარ თანხმდება კომპრომისებს საკუთარი თავის ხარჯზე.
რა სჭირდება 40 წლის ქალს?
* ხარისხი რაოდენობის ნაცვლად;
* სიმშვიდე და ზრუნვა;
* დრო საკუთარი თავისთვის.
იდეალური საჩუქრები:
•კანის გაახალგაზრდავების პროცედურები;
•იოგა, მედიტაცია, მასაჟი;
•პერსონალიზებული საჩუქარი.
50 წელი თავისუფლების ახალი ფორმაა.
ქალი ამ ასაკში:
•აღარ ამტკიცებს არაფერს;
•საკუთარ სხეულს და ისტორიას სხვანაირად უყურებს;
•აფასებს სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და ემოციურ კავშირს.
რა უხარია 50 წლის ქალს?
* პატივისცემა;
* სითბო;
* ზრუნვა სხეულზე და სულზე.
იდეალური საჩუქრები:
•ესთეტიკური და ფუნქციური პროცედურები (არა „გასალამაზებლად“, არამედ უკეთ ყოფნისთვის);
•მოგზაურობა მშვიდ ადგილას.
როცა ფრაზა ყველაფერს ცვლის
ხშირად ქალი ყველაზე მეტად იმ მომენტს ინახავს გულში, როცა იგრძნო, რომ ვიღაცამ მისი ფიქრები, სურვილები და სიჩუმეც კი დაინახა, ანუ საჩუქარი ყოველთვის ნივთი არ არის.
ქალისთვის საუკეთესო და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი არის ყურადღება – ნამდვილი, გულწრფელი. როცა უსმენ, როცა გახსოვს, რას ამბობს შემთხვევით, ნახევრად ხუმრობით და მერე, ერთ დღეს ამ სურვილს რეალობად უქცევ, ეს შეიძლება, იყოს პატარა დეტალი, წიგნი, რომელსაც დიდი ხანია ეძებს ან, უბრალოდ, დრო, რომელიც მთლიანად მას ეკუთვნის.
დღეს, როცა ქალის როლები ერთმანეთშია არეული — დედა, პროფესიონალი, მეუღლე, მეგობარი – დრო მისთვის ყველაზე იშვიათ ფუფუნებად იქცა. ამიტომ ქალი, რომელსაც საკუთარ თავთან ყოფნის დრო აქვს, ბევრად უფრო ბედნიერია და ძლიერიც. ეს არ არის ეგოიზმი, ეს არის ძალების აღდგენა.
საუკეთესო საჩუქარი ქალისთვის, ასევე, არის ემოცია, რომელიც რჩება. ყვავილები ჭკნება. სუნამო მთავრდება. მაგრამ ემოცია რჩება. მოგზაურობა, კონცერტი, თეატრი, რომანტიკული საღამო... ყველაფერი მოგონებად იქცევა, მაგრამ მას ქალი წლების შემდეგაც გაიხსენებს. დიახ, საუკეთესო საჩუქარი ის არის, რაც ისტორიას ქმნის.
და ბოლოს, საჩუქარი შეიძლება, იყოს სიტყვა, თუნდაც, „შენ ისეთი ხარ, როგორიც უნდა იყო“. ერთი ფრაზა ზოგჯერ ყველაფერს ცვლის.
კაცები, რომლებიც დისტანციას ინარჩუნებენ
რატომ უყვარდებათ ქალებს ის კაცები, ვინც ემოციებს არ აჩვენებს?
ქალებს უფრო ხშირად ისეთი მამაკაცები იზიდავთ, რომლებიც დისტანციას ინარჩუნებენ, ბოლომდე არასდროს ხსნიან საკუთარ თავს და მუდამ ერთი ნაბიჯით შორს არიან. პარადოქსია, რომ რაც ნაკლებად ხელმისაწვდომია კაცი, მით მეტად ჩნდება სურვილი – „გავიგო, რა აქვს გულში“.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ხშირად ბავშვობის სცენარს უკავშირდება: ქალი ცდილობს, მოიპოვოს ის ყურადღება, რომელიც ოდესღაც აკლდა. მაგრამ კითხვა რჩება: სიყვარულია ეს თუ მუდმივი მოლოდინის ჩვევა?
დავიწყოთ იმით, რომ კაცი, რომელსაც უყვარხარ, არასდროს დაგაბნევს. ანუ, თუ კაცს უყვარხარ, შენ არ დაგჭირდება ნიშნების გაშიფვრა. არ იფიქრებ, „რატომ გაქრა?“, „რატომ დუმს?“, „რატომ არ მეკითხება, როგორ ვარ?“...
დაბნეულობა – ეს არ არის სიყვარული.
სიყვარული სიმშვიდეა. ყველაფერი დანარჩენი კი – ემოციური ქაოსი.
აქვე ჩნდება კითხვა – რატომ ეშინიათ კაცებს ძლიერი ქალების?
საქმე ისაა, რომ ძლიერი ქალი არ ითხოვს გადარჩენას. მას არ სჭირდება მუდმივი მტკიცება, რომ სხვაზე არ იქნება დამოკიდებული და საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლაც შეუძლია. ძლიერი ქალი სარკეა და სარკეში ყველა ვერ უყურებს საკუთარ თავს მშვიდად. სწორედ ეს აშინებს ბევრ მამაკაცს.
როდის მთავრდება სიყვარული და იწყება ჩვევა?
როცა მის მიმართ აღარაფერს გრძნობ, მაგრამ გეშინია მარტო დარჩენის, როცა ურთიერთობა აღარ გაძლიერებს, მაგრამ მაინც ვერ უშვებ, როცა სიტყვა „ჩვენ“ მხოლოდ ინერციით არსებობს.
ზოგჯერ ადამიანები სიყვარულში კი არა, შეჩვეულ რეალობაში რჩებიან.
დიახ, ქალი ყოველთვის გრძნობს, როცა კაცი შორდება, უბრალოდ, თავს იტყუებს.
ქალები ძალიან ზუსტად გრძნობენ ცვლილებას – ხმაში, შეხებაში, ყურადღებაში... მაგრამ ურჩევნიათ, თავი მოიტყუონ, ვიდრე სიმართლე მიიღონ, რადგან სიმართლე გადაწყვეტილებას მოითხოვს, გადაწყვეტილება კი – ძალას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




