ქალი და კაცი

ამის ატანა შეუძლებელია!

№38

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 02.10, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ თუ ქალი შეყვარებულია, ის ამ ურთიერთობისთვის ყველაფერს დათმობს. სინამდვილეში, ეს ასე არ ხდება. ყველაფერს აქვს საზღვარი და არსებობს მიზეზები, რის გამოც ქალს შეუძლია, მიატოვოს საყვარელი მამაკაცი.

მაგალითად:

* თუ მამაკაცი დაჟინებით მოითხოვს ყოველი პაემანი თუ დღე ერთნაირი იყოს, ყოველი შვებულების ერთსა და იმავე ადგილზე, თავის მშობლებთან გაატარონ, რადგან არ სურს კომფორტის ზონის დატოვება, მაშინ მას აუცილებლად მიატოვებენ;

* როდესაც ქალი ურთიერთობის დასრულებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მან უკვე სცადა ამ ურთიერთობის გადარჩენა, თუმცა უშედეგოდ. თუ პარტნიორი უარს ამბობს ქალის მოსმენაზე და იმავდროულად, ადანაშაულებს, რომ არარეალური მოთხოვნები აქვს, მაშინ ეს ურთიერთობა აუცილებლად დასრულდება;

* თუ მამაკაცი მეგობრებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს – ეს არის სიგნალი იმისა, რომ ამ მამაკაცის ცხოვრებაში ქალი უმნიშვნელოა. ამის გაანალიზების შემდეგ, არც ისე დიდი დრო იქნება საჭირო, რათა ეს ურთიერთობა დასრულდეს, თანაც, სამუდამოდ;

* თუ მამაკაცი ფარულად მოქმედებს, არ არის გულწრფელი და გახსნილი, ნებისმიერ ქალს გაუჩენს სურვილს, გაწყვიტოს ურთიერთობა და იპოვოს სხვა მამაკაცი;

* თუ მამაკაცი არ არის ქალის გვერდით მაშინ, როდესაც საჭიროა;

* თუ მამაკაცი არ იზიარებს ქალის ემოციებს, ტკივილსა თუ მწუხარებას;

* როცა მამაკაცი უგულებელყოფს ქალის მოსაზრებებს, გამუდმებით ფიქრობს, რომ ქალის სურვილები და საჭიროებები პრიორიტეტული არ არის;

* თუ ქალი ვერ ხვდება, საერთოდ, ეს მამაკაცი დაინტერესებულია თუ არა მისით;

* პარტნიორი მამაკაცი ფიქრობს, რომ ქალი ვალდებულია პატივი სცეს მას, ხალისით იზრუნოს მასზე, სანაცვლოდ კი თავად არაფრის გაკეთება არ სურს, ქალი ვერასდროს იგრძნობს თავს კომფორტულად მის გვერდით ცხადია, დაუფასებლობის განცდის გამო და აუცილებლად მიატოვებს.

ის სხვას ხვდება

ეჭვობთ, რომ თქვენი საყვარელი მამაკაცი სხვას ხვდება? ნუ აჩქარდებით. ჯერ დააკვირდით. არსებობს ნიშნები, რომლებიც მის ღალატს სააშკარაოზე გამოიყვანს.

• ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლებს საუბრობთ, აღარ გიზიარებთ საკუთარ დარდსა თუ სიხარულს, ანუ, ის ემოციურად გშორდებათ;

• არ ილევა მიზეზები, რის გამოც დღეს ვერ მოახერხებს თქვენს ნახვას, რის გამოც მხოლოდ 2 საათი აქვს თავისუფალი, ისიც, კვირაში ერთხელ... ანუ, დრო, რომელსაც ერთად ატარებთ, სწრაფად მცირდება;

• ის აღარ ცდილობს, რომ ერთად ყველაფერი გამოგივიდეთ – თითქოს, ეს ურთიერთობა მხოლოდ თქვენ გინდათ, თქვენ იღებთ ყველა გადაწყვეტილებას, თქვენ ხართ ყველაფრის ინიციატორი. ის მხოლოდ თანხმობის ან უარყოფის ნიშნად აქნევს თავს;

• ცდილობს, საზოგადოებაში ერთად აღარ გამოჩნდეთ – მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია, ერთად ხართ და ყველამ იცის თქვენ შესახებ;

• არსებობს ვიღაც, ვის მიმართაც სულ უფრო ცუდი გრძნობა გაქვთ. ქალებს კარგად გვაქვს განვითარებული ინტუიცია. ზოგჯერ უნდა ენდოთ მას;

• მნიშვნელობა არ აქვს, აღიარებს თუ არა ამას, თქვენ, უბრალოდ, გრძნობთ, რომ მის მომავალ გეგმებში, თქვენი ადგილი აღარ არის, გრძნობთ, რომ მისი ცხოვრების ნაწილი აღარ ხართ.

ურთიერთობას ხელახლა იწყებენ

კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანების 40-50 პროცენტი ანახლებს ურთიერთობას ყოფილ პარტნიორთან, თან, ძალიან ხშირად, ერთმანეთს რამდენიმე წლის შემდეგ უბრუნდებიან, ამ წლების განმავლობაში კი ისინი აბსოლუტურად დამოუკიდებლად, ყოველგვარი კონტაქტის გარეშე ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, უჩვეულო ჩანდეს, ყოფილ პარტნიორთან დაბრუნების მოდელი საკმაოდ გავრცელებულია. რა არის ამის მიზეზი?!

1. ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს – ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ნაცნობობის განცდა, ადამიანისთვის დიდი კომფორტია. რამდენიმე წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ, იმ ადამიანთან დაბრუნება, ვისაც ძალიან კარგად იცნობ, იცი მისი სურვილები, საჭიროებები და მოთხოვნილებები, ძალიან მიმზიდველია.

ხშირად, ადამიანებს, უბრალოდ, ეზარებათ ყველაფრის თავიდან დაწყება. რადგან აანალიზებენ, რომ სხვა პოტენციური პარტნიორები არც თუ ისე მიმზიდველები არიან. მათთვის ყოფილი მაინც სხვა პარტნიორზე უკეთესია.

2. ისინი თანამოაზრეები არიან – მარტოობა მძიმე ტვირთია, რომელიც თუ დაშორების შემდგომ დღეებში, კვირებსა ან თვეებში არ გაქრა, შესაძლოა, დაბრუნება გახდეს პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა. ხშირად, ურთიერთობის განახლება ადამიანს უზრუნველყოფს ისეთი ემოციური კავშირით, რომელიც აღემატება დაშორების მიზეზებს;

3. მათ გაანალიზეს, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი – დაშორების შემდეგ შესაძლებელია, ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ მათი ყოფილი პარტნიორი სინამდვილეში „ის ერთადერთია“.

4. სინანული – ზოგჯერ დაშორება მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა, ზოგჯერ კი – მომენტალური. ზოგიერთი წყვილი უბრუნდება ერთმანეთს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ისინი არ უნდა დაშორებულიყვნენ.

5. „მისი გულისთვის“ – ყველა განახლებული ურთიერთობა არ არის ორივე პარტნიორისთვის თანაბრად სასურველი. ზოგი ადამიანი უბრუნდება ყოფილ შეყვარებულს არა იმიტომ, რომ მას ეს სურს, არამედ იმიტომ, რომ ის თავს დამნაშავედ ან მოვალედ გრძნობს ყოფილის წინაშე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა