ქალი და კაცი

ახლა ჩემთვის დრო არ მაქვს

№42

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 02.11

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

რამდენჯერ გაგვიგონია ქალებისგან ფრაზა: „ახლა ჩემთვის დრო არ მაქვს. მერე, როცა ბავშვები წამოიზრდებიან, სამსახურშიც ცოტა დავწყნარდები, ყველაფერი დალაგდება... მერე...“ მაგრამ ხშირად ის „მერე“ აღარ მოდის. ეს გაუგებარი მომავლის დაპირებაა, როცა საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს: თმა გაიკეთოს, წიგნი წაიკითხოს, შვებულებაში წავიდეს, ან უბრალოდ მშვიდად დაჯდეს ჩაის ან ყავის ჭიქით ხელში და უყუროს საყვარელ ფილმს.

სიყვარული საკუთარი ცხოვრების მიმართ – ეს სწორედ ის „მერეა“, რომელიც დღესვე უნდა გააკეთოთ და არ დაელოდოთ.

ქალის ცხოვრება მხოლოდ სხვებისთვის არ უნდა იყოს – ეს უსამართლობაა.

ქალი ხშირად ისე იზრდება, რომ სხვებზე ზრუნვა მის მთავარ მისიად ექცევა: პირველად – ოჯახში შვილზე, მეუღლეზე, მშობლებზე. მერე სამსახურში — კოლეგებზე, დაკისრებულ პასუხისმგებლობებზე. ბოლოს კი ხვდება, რომ საკუთარი თავისთვის დრო აღარ დარჩა.

და მაინც, რომ ვკითხოთ – ბედნიერი ხარ? ალბათ, პასუხი იქნება: „კი, ჩემი ოჯახი კარგად არის, ეს მთავარია.“

მაგრამ თავად იცის, რომ რაღაც აკლია.

ეს „რაღაც“ კი ხშირად არც ფუფუნებაა, არც ფული, ეს, უბრალოდ, ადგილია საკუთარ ცხოვრებაში.

ჩვენს კულტურაში საკუთარი თავის სიყვარული ჯერ კიდევ ეგოიზმად აღიქმება. თუ ქალმა თქვა: „დღეს ჩემი დღეა და მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნო“ – ეს, თითქოს, სირცხვილია. სინამდვილეში ესაა შინაგანი ბალანსის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა.

საკუთარი თავისადმი სიყვარული არ ნიშნავს სხვებზე უარის თქმას. ეს ნიშნავს, რომ სანამ სხვას ჩაეხუტები, შენც მყარად უნდა იდგე ფეხზე. თუ ქალი ემოციურად დაიცლება, ვეღარავის მისცემს სითბოს. ენერგია კი მოდის იქიდან, როცა საკუთარ თავსაც ისე ექცევი, როგორც ყველაზე საყვარელ ადამიანს.

მშვენიერების ასაკი

ანუ, როგორ იცვლება ქალი სხვადასხვა ასაკში და რატომ არის ყოველი ეტაპი განსაკუთრებული. ნუთუ სილამაზე მხოლოდ ასაკზეა დამოკიდებული? ნუთუ ყველაფერი მთავრდება მაშინ, როცა პირველი ჭაღარა ჩნდება ან, თუნდაც, მაშინ, როცა სხეული იცვლება?

სილამაზე, როგორც ბევრი რამ ამ ცხოვრებაში, დროს არ ემორჩილება, უბრალოდ, ის იცვლის ფორმას, სიღრმესა და მნიშვნელობას.

მაგალითად: ორმოცი წლის შემდეგ ქალი უკვე აღარ ცდილობს, ყველას მოაწონოს თავი. მან უკვე იცის, რა უნდა ან, მინიმუმ, იწყებს ამის გაცნობიერებას. სხეული ჯერ კიდევ ახალგაზრდულია, მაგრამ ცნობიერება – ბევრად უფრო მდგრადი. ამ ასაკში ქალი სწავლობს საკუთარი სურვილების გამოცნობას და ხშირად პირველად ამბობს ხმამაღლა: „მე ასე მინდა“.

ესაა პერიოდი, როცა სილამაზე ენერგიიდან მოდის – თვალების სიღმიდან, საკუთარი თავით კმაყოფილებიდან.

მთავარია, ქალი გრძნობდეს, რომ ცხოვრობს და ქმნის რაღაც ღირებულს.

ორმოცდაათი წელი – სიღრმე და სიმშვიდე

ეს ის ასაკია, როცა ქალი უკვე აღარ იკარგება პატარა დრამებში და არც სხვისი აზრებით ცოცხლობს. ამ ასაკის ქალი იცინის გულწრფელად და ტირის ისე, რომ აღარ მალავს ემოციას. ამ პერიოდში სილამაზე აღარ არის მხოლოდ გარეგნობა, ის განწყობაა. ქალს შეიძლება, ჰქონდეს ნაოჭები, მაგრამ ჰქონდეს ისეთი მზერა, რომელიც ყველაფერს ამბობს მის ნაცვლად. ეს უკვე შინაგანი ქარიზმაა, რომელიც არც პლასტიკით მიიღება და არც მაკიაჟით იფარება.

ორმოცდაათის შემდეგ იწყება თავისუფლების ასაკი

ხშირად ამ ასაკს „დასრულებად“ აღიქვამენ. მაგრამ სინამდვილეში, ესაა ახლის დასაწყისი. ქალი ამ დროს პირველად იწყებს ცხოვრებას მოლოდინის გარეშე. აღარ უნდა, დაუმტკიცოს ვინმეს, რომ კარგია, ლამაზი ან საჭირო. მან უკვე იცის თავისი ფასი და ამას არ განიხილავს.

ამ ასაკში ქალის სილამაზე განსაკუთრებულად სუფთა ხდება – ბუნებრივი, გულწრფელი და ოდნავ ფილოსოფიური. იცინის ხმამაღლა, იცვამს იმას, რაც მოსწონს და აღარ სთხოვს სამყაროს ნებართვას…

საკუთარი ინტერესები – შინაგანი სიმშვიდის წყარო

საკუთარი ინტერესები და გატაცებები არაა ფუფუნება – ეს აუცილებლობაა. როცა ქალი აკეთებს იმას, რაც უხარია, მაგალითად, ხატავს, კითხულობს, მოგზაურობს, სწავლობს ან, უბრალოდ, დროის ნაწილს საკუთარ თავზე ხარჯავს, ეს არაა ეგოიზმი – ეს არის სასიცოცხლო ენერგიის შენარჩუნება.

საკუთარ ინტერესებში ჩართვა ავსებს და აძლიერებს ადამიანს, რაც ქმნის იმ წონასწორობას, რომელიც საჭიროა, იმისთვის, რომ სხვებსაც გულწრფელად გაუზიაროს სიყვარული.

გახსოვდეთ: რეალიზებული ქალი ის ქალი არ არის, ვინც ყველაფერს ასწრებს, არამედ ის, ვინც საკუთარ თავთან ჰარმონიაშია.

სოციალური სტერეოტიპები ხშირად გვასწავლის, რომ მთავარი მიზანი ცხოვრებაში პარტნიორის პოვნაა. თითქოს ბედნიერება გარედან უნდა მოვიდეს — „ვიპოვო ჩემი ადამიანი და ყველაფერი კარგად იქნება“.

მაგრამ ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა, როცა სიყვარული მხოლოდ რომანტიკული ურთიერთობით არ შემოიფარგლება.

როცა გიყვარს შენი გზა, შენი საქმე, შენი გარემო – ასეთი სიყვარულიც ისეთივე ღრმაა და მყარი, როგორც ნებისმიერი სხვა ურთიერთობა.

ხშირად გვაშინებს ფიქრი, რომ თუ საკუთარ თავს მივხედავთ, სხვები ამას ეგოიზმად აღიქვამენ, მაგრამ საკუთარი თავის სიყვარული არ არის სხვების გამორიცხვა, არამედ საკუთარი ცხოვრების სწორად ჩართვა იმავე წრეში, სადაც სხვებიც არიან.

მართლაც, თუ საკუთარ თავს არ მოუსმენ, როგორ შეძლებ სხვების მოსმენას? თუ საკუთარ სიხარულს არ გაიხანგრძლივებ, როგორ გაახარებ სხვას? ქალს შეუძლია, ერთდროულად იყოს მზრუნველი დედა, პარტნიორი და ადამიანი, რომელსაც საკუთარი სურვილები და მიზნები აქვს – ეს არაფერს აკლებს სიყვარულს, პირიქით, ამდიდრებს მას.

P.S. სიყვარული საკუთარი ცხოვრების მიმართ ხშირად არ ნიშნავს დიდ ცვლილებებს. ხანდახან ეს არის დილა ცხელი ყავითა და საყვარელი მუსიკით, წიგნით, რომლის წაკითხვაც დიდი სიამოვნებაა.

და… საკუთარი თავისთვის ნათქვამი სიტყვა: „მე როგორიც ვარ, ვარ კარგი და საყვარელი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა