რა დევს ჩანთაში
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00
აღმოჩნდა, რომ ყველაზე მცირე დეტალსაც კი ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენს ხასიათსა და ჩვევებზე. გთავაზობთ მარტივ და გასართობ ტესტს:
აირჩიეთ ის ნივთი, რომლის გარეშეც თქვენი ჩანთა წარმოუდგენელია. ზოგჯერ საკმარისია, ყურადღება მივაქციოთ უმარტივეს ჩვევებს, რათა უკეთ შევიცნოთ საკუთარი თავი.
აირჩიეთ ჩამოთვლილთაგან ერთი ნივთი: ტუჩსაცხი, წიგნი, დღიური, საკანცელარიო ნივთები, საკვები და სასმელი თუ სხვა უსარგებლო წვრილმანები (ჩეკები, ქაღალდები და ასე შემდეგ), რომელიც თქვენს ჩანთაში ყოველთვის მოიპოვება.
•ტუჩსაცხი
ტუჩსაცხი თქვენს ჩანთაში იმაზე მეტყველებს, რომ მიჩვეული ხართ საკუთარ თავზე ზრუნვას. ყოველთვის ცდილობთ, მოწესრიგებულად გამოიყურებოდეთ, სიტუაციის მიუხედავად. ძალიან კომუნიკაბელური ხართ. ღია, თბილი ადამიანი და მუდამ მიისწრაფვით ჰარმონიისკენ როგორც გარეგნობაში, ისე გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში.
•წიგნი
თუ თქვენს ჩანთაში მუდამ დევს წიგნი, ეს ნიშნავს, რომ ფლობთ უნიკალურ გონებას, აფასებთ თქვენს დროს და არ იფანტებით წვრილმანებზე. თქვენთვის კითხვა მხოლოდ დროის გასაყვანი საშუალება კი არა, იდეების, შთაგონებისა და ახალი ცოდნის წყაროა. ზედაპირულობას სიღრმეს ამჯობინებთ და ირჩევთ იმას, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.
•დღიური (ორგანაიზერი)
დღიურები იდეალური დამხმარეა მათთვის, ვინც ცხოვრების თითოეულ ნაბიჯს გულდასმით აღნუსხავს და ცდილობს, საჭირო დროს, საჭირო ადგილას იყოს. გიყვართ ორგანიზებულობა, წესრიგი და კონტროლი. საქმეებისა და ფიქრების ჩაწერით თავს თავდაჯერებულად და მშვიდად გრძნობთ. დღიური თქვენთვის არა მხოლოდ ჩანაწერების წიგნი, არამედ გზამკვლევია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და მიზნებისკენ სავალ გზაზე.
•საკანცელარიო და საოფისე ნივთები
თუ თქვენს ჩანთაში მუდამ მოიპოვება კალმები, ბლოკნოტები, სტიკერები ან სხვა საკანცელარიო ნივთები, ეს ნიშნავს, რომ შემოქმედებითი გონება გაქვთ. თქვენ იდეების ადამიანი ხართ, რომელსაც მათი გამოხატვა ნებისმიერ დროსა და ადგილას სჭირდება. შემოქმედებაში პოულობთ ცხოვრების აზრს და ყოველთვის მზად ხართ შთაგონების მისაღებად.
•საკვები და სასმელი
თუ ჩანთაში მუდამ გაქვთ წასახემსებელი, ბოთლი წყალი ან ცხოველის საკვები, თქვენ მზრუნველი და წინდახედული ადამიანი ხართ. მიჩვეული ხართ, იფიქროთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც, განსაკუთრებით ცხოველებზე. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გვერდით ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი და არავინ დარჩეს მშიერი – ეს მეტყველებს პრაქტიკულობაზე, პასუხისმგებლობის გრძნობასა და ნებისმიერი სიტუაციისთვის წინასწარ მომზადების უნარზე.
P.S. თუ ჩანთაში ნებისმიერი ნაგავი – ნამცხვრის ქაღალდები, ჩეკები და ასე შემდეგ, გაქვთ, ვინმე იფიქრებს, რომ ეს მოუწესრიგებელი ადამიანის ჩანთაა, მაგრამ სინამდვილეში ნაგვის მანამ ტარება, სანამ მის გადასაყრელად შესაფერის ადგილს არ იპოვით, თქვენს მაღალ შეგნებაზე და გარემოსადმი პატივისცემაზე მეტყველებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





