საზოგადოება

ზვიად დოლიძე: მიტევება უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე შურისძიება

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:30 19.07

ზვიად დოლიძე
დაკოპირებულია

ზვიად დოლიძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ზვიად დოლიძე?

ზვიად დოლიძე: ერთი უბრალო ადამიანი და უბრალო მსახიობი, რომელსაც უნდა იყოს კარგი არტისტი. ზვიად დოლიძე არის სამი შვილის მამა, მეუღლე, შვილი და ძმა. რაც შეეხება მეგობრობას, ეს მეგობრებმა უნდა შემაფასონ, რამდენად სანდო ადამიანი ვარ.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ოჯახი რომ კარგად მინდა, მყავდეს – ეს თავისთავად, საკუთარი და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაც, თავისთავად, მნიშვნელოვანია. საოცნებო ცხოვრება ჩემთვის ნიშნავს გაწერილ ცხოვრებას, როგორც თეატრის სცენაზე, ისე კინოში. ისე, რომ ერთმა მეორეს არ შეუშალოს ხელი.

– ოდესმე ისეთი საქმე გიკეთებიათ, რომელიც გძულდათ?

– ძალიან ბევრჯერ. ალბათ, ჩემი ცხოვრების 70 პროცენტი ასეთი საქმით ვიყავი დაკავებული. მძულდა და მეზიზღებოდა-მეთქი ვერ ვიტყვი, თუ ვაკეთებდი, ესე იგი, გამართლება ჰქონდა, თუმცა არც მსიამოვნებდა, ჩემი საქმე არ იყო.

– გულჩვილი ადამიანი ხართ?

– არ ვიცი, ეს კაცმა უნდა თქვას თუ არა, მაგრამ კი, გულჩვილი ვარ. მიუხედავად ჩემი ვიზუალის, ხასიათისა თუ შესრულებული როლებისა, შიგნით არ არის ტიპი, რომელიც გულჩვილობისგან შორს არის. რადიკალურ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ, ადამიანური ფაქტორი მოქმედებს და ზუსტად ამ დროს ვლინდება გულჩვილობა. მიტევება უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე შურისძიება. ეს ასაკმა მოიტანა, თორემ ჩვენი ცხოვრების ხასიათიდან გამომდინარე, ახალგაზრდობაში მიმტევებლები ნაკლებად ვართ. ასეთ ადამიანს სულელს უფრო ეძახიან, ვიდრე მიმტევებელს, ასაკში კი უკვე სხვანაირადაა.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ახლახან, ფეხბურთში გამარჯვების გამო, მაგრამ ისე, რომ არავის დაენახა (იცინის). მარტო ფეხბურთში არ არის საქმე, მატირებს ყველა ქართული ნიჭი: ცეკვა, სიმღერა და ასე შემდეგ. სადაც ქართული დროშა აღიმართება და ჰიმნი ჟღერს, იქ მე ძალიან სენტიმენტალური ვხდები და მინდა, რომ ეს შეგრძნება არასდროს მომცილდეს.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?

– ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ძალიან დიდხანს, ალბათ, ერთი-ორი თვე ვიფიქრებდი. ხშირად მომინდომებია სიკეთის გაკეთება და ამას უკურეაქცია მოჰყოლია. მილიონების დარიგებას ნამდვილად არ დავიწყებდი, მაგრამ ბევრ ისეთ ადამიანს დავეხმარებოდი, ვისაც შრომა და საკუთარი თავის რჩენა არ შეუძლია. ადამიანი, ვინც ჩემი მილიონების იმედად იქნებოდა, ვერაფერს მიიღებდა ჩემგან, გარდა სამუშაო ადგილისა. ვისაც ჩავაცმევ, ის გამხდის – ეს ცხოვრების კანონია და ამიტომ, პოპულისტურად არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ოღონდ მქონდეს და ყველას დავურიგებ-მეთქი.

– გინდათ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– ღმერთმა დამიფაროს! მე დაცვით სიარული არ შემიძლია, ეს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვად მიმაჩნია და გულწრფელად მეცოდებიან ადამიანები, რომლებიც დაცვის თანხლებით გადაადგილდებიან. ალბათ, ადამიანის ყველაზე დიდი ოცნებაა, რაც შეიძლება, მეტს უყვარდეს. რაც უფრო მეტად ცნობილი და გავლენიანი ხარ, მით უფრო მეტია უკურეაქცია. ამიტომ, სულაც არ მინდა, ისეთი ადამიანი ვიყო, ვისაც ქვეყნიერების გადატრიალება შეუძლია, მით უმეტეს, გავლენიანი. მირჩევნია, საქართველოსთვის ვიყო საყვარელი ადამიანი, ვიდრე მსოფლიოში გავლენიანი.

– რა მიგაჩნიათ საკუთარ არასწორ საქციელად?

– შექსპირს აქვს არაჩვეულებრივი ფრაზა, რომელსაც ძალიან ხშირად ვამბობ – არ ვარგებულა მეტისმეტი გულმოდგინება. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა, მაინც არ ვნანობ, რადგან მე სხვანაირად არ შემიძლია. არ შემიძლია, ადამიანის მიმართ ვიყო გულგრილი და მასთან ურთიერთობა მქონდეს. არ შემიძლია, საქმეს ვაკეთებდე და მასში მთელი გული არ ჩავდო. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება, ამას მოჰყვეს, ეს უმადურებაა. მაშინ, როცა ურთიერთობას ან საქმეს გულს უძღვნი, შვილებს და ოჯახს აკლებ ყურადღებას და პასუხად უმადურებას იღებ, ეს ისეთი შეგრძნებაა, დაზვერვაზე რომ წახვალ და საკუთარი პარტნიორი, შენიანი ადამიანი რომ გიღალატებს და გაგყიდის.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?

– ტყუილი ხანდახან აუცილებელია. არ არის ისე მარტივად აწყობილი ჩვენი ცხოვრება, რომ ყოველთვის სიმართლე ვილაპარაკოთ. თუ იცი, რომ ტყუილის თქმით ადამიანს სიკეთეს გაუკეთებ, მიმაჩნია, რომ აუცილებელიც კია მოტყუება. ღმერთმა ყველა დაიფროს, მაგრამ დავუშვათ, ავადმყოფ ქალს ან კაცს შვილის შესახებ უბედურებას ეუბნები. მქონია ასეთი მდგომარეობა და მომიტყუებია. ადამიანი გეკითხება, როგორ არის მისი შვილი და შენ პასუხობ, რომ კარგადაა. ამ დროს კი გაციებულია. ეს ტყუილი არ არის? ბავშვებს არ ვატყუებთ იმ მიზეზით, რომ გარკვეული საკითხებისთვის ჯერ პატარებად მიგვაჩნია? ამიტომაც ვამბობ, რომ ხანდახან აუცილებელიც კია მოტყუება.

ურთიერთობებში არ მიყვარს ტყუილი, ვფიქრობ, რომ ეს მიუღებელია.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– სისასტიკეა, როდესაც კამათის დროს ეძებ სიტყვებს, რითაც შეგიძლია, მოწინააღმდეგეს ატკინო. ასე არაერთხელ მოვქეულვარ. ეს არ არის ადამიანური და მით უმეტეს, კაცური მომენტი. ადამიანს, რომ ისეთ რამეს გაუხსენებ, რაც იცი, რომ ძალიან ატკენს, სასტიკი ხარ. შეიძლება, არც გააჟღერო, მაგრამ გაიხსენო და ასეთ მომენტში თავი შემზიზღებია ხოლმე.

ყველაზე მეტად სასტიკი ვიქნები, თუ ჩემს შვილებს დასჭირდებათ. იმაზე სასტიკი, ვიდრე შეიძლება, ადამიანი იყოს, მაგრამ ღმერთმა ნუ დააჭირვოთ.

– რა მიგაჩნიათ საკუთარი თავის ყველაზე დიდ გამარჯვებად და ასევე, ყველაზე დიდ მარცხად?

– გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ მინდა და ვცდილობ, გულით ვიცხოვრო. სიმართლე რომ ვთქვა, სისუსტედაც სწორედ ეს მიმაჩნია. ძალიან ხშირად არ განმისაზღვრავს ტვინით, იმიტომ რომ გულით მინდა ცხოვრება. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევაც და მინუსიც.

– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– ძალიან მაგრად გარდაიცვალა ჩარლი ჩაპლინი. 88 წლის ასაკში მთელი ოჯახი შეკრიბა: შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და დიდი ვახშამი მოაწყო. მერე საძინებელში შევიდა, კარი ღია დატოვა, დაიძინა ბედნიერმა და ვეღარ გაიღვიძა. ალბათ, მეც ასე ვისურვებდი.

სიკვდილიც ისეთივე გარდაუვალად მიმაჩნია, როგორც ჰაერის ჩასუნთქვა და მას ტრაგედიად არ ვთვლი. ზედმეტად ჩვეულებრივი ამბავია. არც შიში მაქვს, უფრო აქ დატოვებულ სახელზე ვფიქრობ.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ. ვამაყობ იმით, რომ სამშობლოს ვუტოვებ სამ პოტენციურ დედას. ვამაყობ პატიოსანი მშობლებით, მეუღლით, რომელიც ძალიან კარგი მხატვარია. ვამაყობ, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, მაგრამ არ ვყოყლოჩინობ, რადგან ცხოვრებაში შესაბამისი არაფერი გამიკეთებია. სამომავლოდ ვისურვებდი, რომ მეამაყა ჩემი სამივე შვილით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული